ქართული კინო ამ კედლებში დარჩა - კვირის პალიტრა

ქართული კინო ამ კედლებში დარჩა

შენობები ადამიანებივით არიან - იბადებიან, ცხოვრობენ და მტვრად იქცევიან, რათა სამყაროს შეერწყან და მერე ისევ უკან დაბრუნდნენ. მაგრამ ვიდრე ამქვეყნად არიან, ისინი ისტორიას ინახავენ, ხელშესახებად აქცევენ, რათა იგი ჩვენი საყრდენი გახდეს. ამიტომაც წარსულისა და აწმყოს გასამთლიანებლად ვიწყებთ შენობათა თავგადასავლის თხრობას.

1931 წელს არქიტექტორ ბუზოღლის ქართული კინოსთვის შენობის აშენება დაავალეს. კინო მაშინ დიდ ხელოვნებასთან ერთად, პროპაგანდისტული იარაღი იყო - კინორეჟისორებს საბჭოთა იმპერიის აყვავება უნდა აესახათ. შესაბამისად, შენობაც დიდებული უნდა ყოფილიყო. ნიჭიერმა საბჭოთა არქიტექტორმა დავალება ბრწყინვალედ შეასრულა.

მართალია, მის ჰაეროვან ნაგებობას მძიმე საბჭოთა სახელი "სახკინმრეწვი" დაარქვეს, მაგრამ იმდროინდელ თბილისში არქიტექტურის ასეთი მარგალიტი ბევრი არ იყო. თვალს განსაკუთრებით, უზადო არქიტექტურული ხელოვნებით აგებული, ქანდაკებებით დამშვენებული შესასვლელი იტაცებდა.

იგი დღემდე ასეთია - ამ იავარქმნილ შენობაში მოხვედრილს სიმშვიდისა და ჰარმონიულობის განცდას ანიჭებს. თუმცა ეს განცდა ქვეყანას ამ შენობაში მომუშავე ადამიანებმაც მაშინვე მიანიჭეს - აკრძალვისა და შეზღუდვის მიუხედავად, ქართულ კინოში ქართველი ერის სულის მშვენიერებამ ისე ამოხეთქა, რომ მისი შეჩერება მრისხანე საბჭოთა დიქტატორებმაც ვერ მოახერხეს. ისინიც იძულებულნი გახდნენ, ქედი მოეხარათ ქართველი კინომსახიობების მშვენიერებისა და ნიჭის წინაშე.

KvirisPalitra.Geამავე შენობაში რეჟისორმა სიკო დოლიძემ კინოდოკუმენტალისტთა სექტორიც გახსნა და კინოში საქართველოს ისტორიის შენახვა დაიწყო.

თუმცაღა, არა მხოლოდ დოკუმენტურ ფილმებში, - ამ დროიდან თითქმის ყველა მხატვრული ფილმი იქცა შედევრად და ეპოქის უტყუარ სურათად. ეპოქა კი საშინლად მძიმე იყო. ქართული კინო მას მალამოდ ედებოდა.

ამ შენობაში ამ დიდებული კინოს შემქმნელი ღირსეული ადამიანები დააბიჯებდნენ, მათთვის ღირსება პირად კეთილდღეობაზე მეტი იყო.

აქ ითხოვდა საქვეყნოდ აღიარებული ნატო ვაჩნაძე, კინოდან გამიშვითო - რუსი გადიების გაზრდილს ქართულად მეტყველება უჭირდა და გვერდით რომ სიტყვის დიდოსტატები - აკაკი ხორავა და ვერიკო ანჯაფარიძე ჰყავდა, მათი რცხვენოდა.

არ გაუშვეს. ხელს შეგიწყობთო, დააიმედეს და ასეც ქნეს. ასეთი იყო დიდი ქართული კინო, ასეთი ხალხი ახსოვს ამ შენობის კედლებს.

ახლა აქ სიჩუმეა, თითქოს კედლებსაც სძინავთ. მაგრამ რაც იყო, შეუძლებელია, გამქრალიყო - ის ქართულ ფილმებში და ამ შენობის კედლებში დარჩა.

მაგრამ დრო, როცა ჩვენი ერის დაგუბებულმა ნიჭიერებამ უნდა გაიღვიძოს, აუცილებლად მოვა და ამ შენობის ისტორია კიდევ ბევრ რამეს მოჰყვება.