ყველა კითხულობს "კვირის პალიტრას" - კვირის პალიტრა

ყველა კითხულობს "კვირის პალიტრას"

"მე მოვკვდე, მაგისთანა ვირები ამათ თუ არ ჯობდნენ"

"კვირის პალიტრას" სიმონა პაპაც კითხულობს თავისი შვილიშვილებითა - ეგრე ყავ გამოზრდილები. პაპამაო, თელავიდან გაზეთი ამაიტანაო და გაფრინდებიან - ჩვენც გვაჩვენეო! ეგ რომელი სიმონა პაპაა? რომელი და გიგიტელაშვილი, სოფელ გულგულადანა! არ გახსოვთ, კაცოო? ეე, აბა, თქვენა ყოფილხართ! ამისთანა ყოჩაღი პაპა როგო შეიძლება არ გახსოვდეთ!

შარშან, რთვლობაზე იყო, გულგულაში დაპატიჟა "კვირის პალიტრაი" - პრეზიდენტი ხომ არ იხედება სოფლისკენა, თქვენ მაინც მაიხედეთ, რა განახოთო! ააშენებს ღმერთი, იმისთანა რამე გვანახა. გულგულიდან კავკასიონამდე გაჭიმულ ზვრებში შეაბიჯა, მზესავით მტევნებში! ესაო, მარტო ჩემი მარჯვენით არი მოვლილი, სხვა ამ ვენახში არავინ მოჭაჭანებულაო... ჯერ არ მახსოვს, ისე დამეძინოს, ამ ვენახის ელდაი არ გავეღვიძებინე. წამოვვარდები და აქ გამოვრბივარო.

ამათ კიდევაო, - მთავრობაზე იყო გაჯავრებული, - ვაზი გროშად არ უღირთო და კიდევ პრეზიდენტზეც, - მაგან ბუშს ჩემი ვენახი ღვინოი მიართვა, მე კიდე, კახეთში რო ჩამობრძანდა და დაპატიჟება მოვინდომე, გამგებელმა არ მიმიშვაო!

ეხლა როგორ ხარ, სიმონა პაპავ, ისევ ხარ ჩვენს პრეზიდენტზე გაჯავრებული? ისე, ჩვენც კაი ხვითოები ვართ, რო გეკითხებით! იქნები, აბა, არ იქნები? რომელი ბაბა-კაკა გაქვთ გლეხებს თავზე დაყრილი, რო გაჯავრებული არ იყოთ! არადა, ყველა სოფელში ერთ-ორი შენნაირი რო იყოს, შავი დედალივით გავკეთდებოდით.

"პოლუსის" საქმე როგორ არი, დედაკაცისთვის რო გინდოდა ოპერაციისთვის და არ გაძლევდნენ, - დიდი სახლი რატო გიდგაო! მაგ სახლის აშენებაზე და ვაზის მოვლაზე რო მოვიწყვიტეთ წელი, იმიტომაც მყავ დედაკაცი საოპერაციო, "პოლუსს" კიდევა იმათ აძლევენ, დილას რო სამუშაოდ მივდივარ და კამათელს არახუნებენ, საღამოს რო სამუშაოდან ჩამოვივლი და ისევ კამათელს არახუნებენო! არ შეგეშინდეს, სიმონა პაპავ, შენისთანა მშრომელ კაცს, ყველამ რომ მიატოვოს, ღმერთი მაინც არ მიატოვებს.

და კიდევ, გახსოვს, რომ მითხარი, ის ორსართულიანი სახლი ჩემმა ვირმა ამაშენებინა - წამაღებინებდა მწვანილს ქალაქად, გავყიდდი და იქიდან ფულს წამამაღებინებდაო. ჰოდა, მე მოვკვდე, მაგისთანა ვირები ამათ თუ არ ჯობდნენ, კამათელს რომ არახუნებენ სოფლის ორღობეებში და ქალაქში კიდევ -კორპუსების ეზოებში. იცი, რამდენს ნახავ ამისთანას, ახლა რომ ადგე და ქალაქში წამოხვიდე!

მაგრამ შენ სოფლიდან რა წამოგიყვანს, სიმონა პაპავ. ჰოდა, ისევ მანდ იყავი, მაგ შენს ვენახთან! და კიდევ იმ სახედარსაც აკოცე თეთრ შუბლზე, სოფლის ამშენებელი რომ არის და ზოგიერთივით მთელი დღე კამათელს არ არახუნებს!

ნანა რამიშვილი