"ნაგვისმსროლელთა" საზოგადოება - კვირის პალიტრა

"ნაგვისმსროლელთა" საზოგადოება

"ნაგავი ურნის გარეშე და ურნა ნაგვის გარეშე!"

ერთი, ორი, სამი - იქნებ მიზანში მოვარტყათ!

მოქმედი გმირები და "მოქმედი საგნები":

მიზანში მსროლელნი: რამდენიმე ახალგაზრდა;

სამიზნე: სანაგვე ურნა;

"ტყვიები": სიგარეტის ნამწვები, ლუდის ქილები;

მოქმედების ადგილი: რუსთაველის გამზირი.

ასეთ სურათს ყოველ წუთს გადააწყდებით, შესაბამისად, მოქმედების ადგილი და მიზანში მსროლელებიც ხშირად იცვლებიან, იცვლება "ტყვიებიც", შედეგი კი ერთია: დანაგვიანებული სკვერები, ქუჩები, ეზოები. საბოლოოდ კი - დანაგვიანებული თბილისი.

დაკვირვებამ "მოქმედი გმირების" რამდენიმე ტიპი გამოაჩინა:

ზოგისთვის ცნება "სანაგვე ურნა" არ არსებობს და ნაგავს ყრის ყველგან, განურჩევლად;

ზოგი მარტივად, დაუმიზნებლად ათავსებს ნაგავს ურნაში;

ზოგს კი ეზარება ურნასთან მიახლოება, ნაგავს, შეძლებისდაგვარად, "უმიზნებს" ურნას, ისვრის: ერთი, ორი, სამი. შეიძლება, გაგვიმართლოს და მიზანშიც მოარტყას. უცნაურია, ვისთვის რა არის აზარტი. ქართველ "ნაგვისმსროლელთა" შემართება ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა ტირს, სათამაშო ავტომატებს, კაზინოებს, მოკლედ, ყველა აზარტულ თამაშს.

ცოტა ადრე ამ სპეციფიკური "აზარტული თამაშის" საწინააღმდეგოდ ურნებზე პოეტურ-წამახალისებელი ფრაზებიც წააწერეს, თუმცა პოეზია აქ უძლური აღმოჩნდა. უძლურნი აღმოჩნდნენ ჩვენი ქალაქის მეეზოვეებიც, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, "სუფთა თბილისი" განუხორციელებელ ოცნებად რომ არ დარჩეს. დიახ, უძლურია დასუფთავების სამსახური მანამ, სანამ ჩვენს ქალაქში "ნაგვისმსროლელთა ინსტიტუტი" იარსებებს.

KvirisPalitra.Ge"ნაგავი ურნის გარეშე და ურნა - ნაგვის გარეშე":

ვისთვის ეს თავშესაქცევი გასართობია;

ვისთვის - სიზარმაცე;

ვისთვის... ვისთვის, ალბათ, ჩვენი ქალაქის ნაკლები სიყვარული.

იქნებ მიგვემართა სხვა სპორტისთვის, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ თბილისის მასშტაბით არ გაიმართება "ნაგვისმსროლელთა" შეჯიბრება.

ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ მეც ჩავწერილვარ "ნაგვის სროლის მოყვარულთა" რიგებში, დამინაგვიანებია ქუჩა, მაგრამ იქვე დამიფიცავს, რომ ამას აღარ გავიმეორებდი. პირობას კი ყოველთვის ვასრულებ...

ზაფხულის ცხელმა დღეებმა თბილისი თუ ხალხისგან დაცალა, ვერაფერი მოუხერხა ნაგავს, არადა, "ნაგვისმსროლელნიც" ხომ ისვენებენ. თბილისური ნაგავი კვლავ დაფრინავს (პოლიეთილენის პარკები), დაგორავს (ლუდის ქილები), ერთი სიტყვით, ცოცხალი ორგანიზმივით მოძრაობს.

სწორედ ზაფხულისავე ცხელმა დღეებმა შეუსია დამსვენებლები ზღვის სანაპიროს. შესაბამისად, პლაჟზეც ხელი მიჰყვეს ლოზუნგის - "ნაგავი ურნის გარეშე და ურნა - ნაგვის გარეშე" განხორციელებას. მე ვნახე ურეკი იდეალური ქვიშით, იდეალური ზღვით და ქვიშაში არც ისე იდეალური სიმინდის ტაროებით, ხილის ნაფცქვენებით, სიგარეტის ნამწვებით, არადა, ურნები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. დამსვენებელთა უმრავლესობას რომ ჰკითხოთ, პლაჟს არასდროს ანაგვიანებენ.

ეტყობა, ადგილობრივები (რომლებიც იშვიათად გადიან ზღვაზე, რადგან ზღვის პეიზაჟი კარგა ხანია, მოსწყინდათ) აბინძურებენ პლაჟს, მოაგარაკეებს რომ არასასურველი პირობები შეუქმნან!

აღარაფერს ვამბობ თბილისის ზღვაზე, სადაც არც წყალია იდეალური, არც პლაჟი და ამ "სიკეთეებთან" ერთად ნაგავიც "ამშვენებს" იქაურობას.

ერთი, ორი, სამი, - იქნებ მიზანში მოვარტყათ, თუ ვერ შევძელით, ეგ არაფერი.

ერთი, ორი, სამი, - ეს ჩვენი ქალაქის დანაგვიანებული დღეები, თვეები და წლებია.

ერთი, ორი, სამი...

თუმცა არსებობენ ისეთებიც, საკითხს შემოქმედებითად რომ უდგებიან. მაგალითად, ჩემი მეგობარი ანა ფიქრობს, რომ დამშეულ ურნას კვება სჭირდება, ეცოდება "საწყალი", მიდის და ნაგავს "აჭმევს".

სალომე შენგელიძე