ბომბორა სექტემბრიდან "გიგანტური ბორბლის" მოლოდინშია - კვირის პალიტრა

ბომბორა სექტემბრიდან "გიგანტური ბორბლის" მოლოდინშია

ლიანდაგიდან გადაწეული მატარებელი და გაჩერებული "რვაფეხა"

მე და თომა მთაწმინდის პარკიდან ვბრუნდებით. თომა პატარაა, ოთხი წლის. როგორც ყველა ბავშვს, მასაც უყვარს "ბავშვური ექსტრემი". რომელ ატრაქციონზე აღარ მოინდომა დაჯდომა: გადაიარა "მხიარული მთები", იფრინა "ფუტკრებთან" ერთად, რამდენიმე წუთით "პატარა მეკობრეც" გახლდათ. ახლა დაღლილია, - უფრო ემოციურად, ვიდრე ფიზიკურად. ყვითელი ავტობუსით ვმგზავრობთ - რთული და დამღლელი გზაა. ჩვენ წინ სამი ბიჭი ზის.

პარკის შესახებ საუბრობენ. მათი ნალაპარაკევით ვასკვნი, რომ პარკის თანამშრომლები არიან, რომ რამდენიმე დღეა, პარკს გერმანელი სპეციალისტები სტუმრობენ, რომ ატრაქციონებს ამოწმებენ, და რომ... შესაძლოა, რამდენიმე საქანელა სრულიად უვარგისად, სიცოცხლისათვის საშიშად ჩათვალონ. ახალგაზრდები უახლოეს გაჩერებაზე ჩადიან. მე ვრჩები შიშით დაზაფრული, ინტერესაღძრული, დაინტრიგებულიც.

რამდენიმე დღეში კვლავ ვესტუმრე მთაწმინდის პარკს, ამჯერად საქმიანი სახით და საჭირო ინსტრუმენტით - დიქტოფონით. ერთ-ერთ ატრაქციონზე მომუშავე ყმაწვილთან გასაუბრებაც ვცადე, მაგრამ პროფესია "ჟურნალისტის" გაგონება აბნევს და მაფრთხილებს, რომ მხოლოდ კონფიდენციალობის შენარჩუნების გარანტიით თუ დამელაპარაკება. რას ვიზამთ, ასე იყოს: "გერმანელმა სპეციალისტებმა ნამდვილად შეამოწმეს ატრაქციონები. მხოლოდ ის ვიცი, რომ ატრაქციონები ძველია.

პარკის ტერიტორიაზე კამერები მონტაჟდება არა მხოლოდ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არამედ იმიტომაც, რომ ატრაქციონზე მომუშავემ ახლობლები უფასოდ არ მიიპატიჟოს".

KvirisPalitra.Geმეტი ინფორმაციის მისაღებად გავიარე ადმინისტრაცია, ოპერატორი გოგონა, მენეჯმენტის განყოფილების თანამშრომელი და მოვხვდი ერთ-ერთ აღმასრულებელ დირექტორთან, საბა კიკნაძესთან, რომელიც საკუთარ კომპანიას ლიდერად მიიჩნევს და საკმაოდ დაწვრილებით გვესაუბრება ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე:

- ბატონო საბა, ერთ-ერთ ატრაქციონზე მომუშავესთან ვცადე გასაუბრება, მაგრამ ბოლომდე არ მიპასუხა, ასე გასაიდუმლოებულია ინფორმაციები?

- ამ ორგანიზაციაში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. სტიუარდესას უნდა ჰკითხოთ, წყალი აქვს თუ ბორჯომი, პილოტს კი - რა სიმაღლეზე მიფრინავთ.

- ცოტა ხნის წინ გერმანელი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული და როგორც ვიცი, რამდენიმე ატრაქციონი, შესაძლოა, უვარგისად ცნონ.

- ყოველ წელს ტარდება ჩვენი საკუთარი აუდიტი, სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმება, ასევე ფულს ვუხდით ისეთ დიდ საერთაშორისო ტექნიკური უსაფრთხოების ორგანიზაციებს, როგორებიც გახლავთ ტიური და  LTC.

შარშან სწორედ ინგლისურმა LTC- მ შეამოწმა ყველა ობიექტი, წელს გერმანული კომპანიის ჯერი იყო. მისი ჩამოყვანა ფინანსებთან გახლდათ დაკავშირებული. "რვაფეხა" გაჩერებულია და ვარემონტებთ, მიკრობზარების შედუღებაზე შოტლანდიური კომპანია ზრუნავს. გერმანულმა კომპანიამ დაასკვნა, რომ "რვაფეხას" მიკროპრობლემები მწარმოებლის შეცდომა იყო და გვირჩია, მას დავკავშირებოდით, მწარმოებელმა კი ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა.

- რატომ?

- ობიექტი ჩვენ არ შეგვიძენია. ინვესტორი მაშინ სხვა გახლდათ, შესაბამისად, მათ ჰქონდათ საკუთარი პირობები, შემდეგ ეს პირობები აიწეწა.

- ატრაქციონები ახალი ნამდვილად არ არის. მათი სიძველე ხომ არ გულისხმობს, რომ "ხორცსაკეპ მანქანებთან" გვაქვს საქმე?

- Ghosthouse - მოჩვენებათა სახლი დაახლოებით თხუთმეტი წლის არის, ის თავდაპირველად რომში იდგა და იქიდან მოხვდა ჩვენთან. შარშან დაწვრილებით შევამოწმეთ. მართალია, თანამედროვე არ გახლავთ, მაგრამ უსაფრთხოა. სამი წლის წინ, როცა ჩვენი ორგანიზაცია პარკს არ მართავდა, სახანძრო უსაფრთხოების ნორმაც კი არ ჰქონდა, ჩვენ კი ეს ელემენტები დავამატეთ. მცხეთის ხიდიც ხომ ძველია, მაგრამ მუშაობს! უსაფრთხოების გარანტი კარგი მოვლა და ყურადღებაა. ცხადია, ახალი ატრაქციონები გვერჩივნა, თუმცა ამაზეც შეიძლება ვიფიქროთ...

- პარკის ტერიტორიაზე კამერების დამონტაჟება რაიმე სახის თაღლითობის აღკვეთა-გამოაშკარავებას ხომ არ უკავშირდება?

- ძალიან ცოტა კამერაა დამონტაჟებული, ვაპირებთ, დავამატოთ. ეს კეთდება ვიზუალური კონტროლისთვის. თაღლითობას კი უკამეროდაც გავიგებთ - ხშირი არ არის და ვერც იქნება.

- პარკში ხშირად მინახავს გაჩერებული ატრაქციონები, რომლებსაც ამოწმებენ. ასეთი პრობლემატურებია ისინი?

- გამორთულია მაშინ, როცა საჭიროა ჩარევა. მაგალითად, ერთხელ, Ghosthouse-ში მატარებელმა გადაიწია ლიანდაგიდან. ეს პანიკისთვის საკმარისი გამოდგა. ამიტომაც უნდა იყო ყურადღებით: ჯობია, გააჩერო ობიექტი და დაკარგო ფული, ვიდრე ატრაქციონები "ხორცსაკეპ მანქანებად" მონათლონ.

- ლაპარაკი იყო ფასდაკლებებზე. დღეს მოქმედებს რაიმე სახის ფასდაკლება ატრაქციონებზე?

- შაბათ-კვირის ფასებთან შედარებით, სამუშაო დღეებში ფასდაკლება 15-20% გახლავთ.

- "ეშმაკის ბორბალი" როდის დატრიალდება?

- "ეშმაკის ბორბალი" არა, მას "გიგანტური ბორბალი" ჰქვია. ეს დიდი ბორბალი, რომელიც კომფორტულია და აქვს კაბინები და კონდიცირება, ძალიან მალე, სექტემბრის დასაწყისისთვის დატრიალდება. ბავშვები დაბრუნდებიან არდადეგებიდან და მათთვის ეს სიურპრიზი იქნება. "ამერიკული მთების" (იგივე "მგორავი მატარებელი") შენება ცოტა გვიან დასრულდება. ადრენალინისთვის "მგორავი მატარებელი" საუცხოოა.

სალომე შენგელიძე