ბოტანიკური ბაღის სევდა - კვირის პალიტრა

ბოტანიკური ბაღის სევდა

ამ ბაღზე ადრე ბევრი წერდა, ახლა - აღარავინ... ვიღას სცალია, - ყველა ყვირის, - გვიშველეთ, მოგვხედეთო, ხეებმა და ყვავილებმა კი ყვირილი არ იციან და ვერც შველას ითხოვენ. ბოტანიკური ბაღი ოთხი საუკუნეა სიცოცხლეს ჩუქნის თბილისს - პირველად თამარმა მოავლო თბილისის ამ ადგილებს მშვენიერი თვალები და იქ "მტილი" გააშენა. 1636 წელს ქართლის მეფემ, გათათრებულმა როსტომ-ხანმა ბაღი სასახლის ბაღად აქცია - სპარსეთიდან შირაზის ვარდები ჩამოზიდა. შაჰ-აბასს არ მოეწონა ედემად ქცეული ადგილები და აქაურობა 1795 წელს თბილისთან ერთად ცეცხლს მისცა. სამაგიეროდ, კავკასიის მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დიდი ფული დახარჯა ბაღის ხელახლა გასაშენებლად. თანაც, თბილისში ხე წამლად არ იყო, ამ ბაღიდან ნერგებს უფასოდ გასცემდნენ.

მერე ბაღში თბილისში დაბადებულმა გერმანელმა ალფრედ როლოვმა ჩაალია სიცოცხლე, - მთელ მსოფლიოში დადიოდა და ათასი ჯიშის ხე, ბუჩქი თუ ყვავილი ჩამოჰქონდა. ასეთმა თავგანწირულმა ერთგულებამ ბოლშევიკებსაც შეუძრა გული და როლოვი ბაღის დირექტორად დატოვეს.

ამას იმის შესახსენებლად ვამბობთ, რომ ამ სიმდიდრის ფასი რჯულიანმა და ურჯულო მთავრობამ, ყველამ იცოდა, მეცნიერები კი რაღა სალაპარაკოა, - კრიზისის წლებში ფეხით ადიოდნენ ლეღვთახევის აღმართზე. მერე ხელში ვედროებს დაიჭერდნენ, აუზიდან წყალს ხაპავდნენ და ხეებს უსხამდნენ. ასე რომ, ამ წლებში ბევრი აუზი დაიცალა და ბევრი ხეც გადარჩა! მაგრამ 128 ჰექტარ ტერიტორიას რამდენიმე მამულიშვილი მოსავლელად კი არა, სასიარულოდაც ვერ გასწვდება. ამიტომაც ხელისუფლებამ იოლი გამოსავალი გამონახა და ბაღი, 3500 სახეობის მცენარით, ილიას უნივერსიტეტს მიუერთა. ახლა ბოტანიკური ბაღის მეცნიერი თანამშრომლები სხედან და ღელავენ - ასაკის გამო სამსახურიდან დაგვითხოვენო.

- ეგ რანაირად, თქვენნარი სპეციალისტები სანთლით არის საძებნი!

- რა გითხრათ... ისე, აქაურობას ფონდი "ქართუ" უვლის. ეგენი რომ არა, ბაღი გახრიოკდებოდა, ყველაფერთან ერთად, ექსპედიციებსაც აფინანსებენ - უცხოეთიდან ჩამოგვაქვს მცენარეები. ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კავკასიისა და საქართველოს ფლორის გადარჩენაა. განვლილმა წლებმა იმდენი ქართული მცენარე ჩაწერა წითელ წიგნში, გული მოგიკვდება. ყველას როგორ ჩამოვთვლით... გადაშენების გზაზეა: ბიჭვინთის ფიჭვი, ქართული ნეკერჩხალი, წაბლფოთოლა მუხა, ქართული კოწახური, ჭალის მუხა, უთხოვარი... მოკლედ, დავდივართ საქართველოს მთა-ბარში, ეს მცენარეები ჩამოგვაქვს და ვამრავლებთ. მთებიდან ჩამოვიტანეთ გადაშენების პირას მყოფი ყვავილებიც, მაგალითად, ვარდისფერი და ცისფერი გვირილები და კიდევ, - ქართული უხრავი - დედამიწაზე მასზე გამძლე ხე არ მოიპოვება, ვერანაირი დაავადება ვერ ერევა... ამერიკელები და ევროპელები გაგიჟდნენ ქართულ უხრავზე, გააქვთ და გააქვთ ნერგები... ასეთი ნერგების გახარებაზე 40 მებაღე მუშაობს. ამ ცხელ ზაფხულში ხეებმა  მოიწყინეს და ზედ აკვდებოდნენ, - არ დახმნენო.

- ამიტომ მინდა, ყველას სახელით გითხრათ მადლობა.

მეცნიერებმა პასუხად გამიღიმეს. მეც გავიღიმე, ოღონდ მწარედ. ხასიათი მებაღეებმა გამომიკეთეს, ვინ ხარო - მკითხეს. რომ ვუთხარი, აგაშენათ ღმერთმა, აქ რა ხანია პრესა არ შემოჭაჭანებულა, მაგრად გვიყვარხართო. თქვენც აგაშენათ-მეთქი,.

არის ხალხი, რომელიც ისე, როგორც ხეები, უხმაუროდ აკეთებს თავის საქმეს და ისინი ხელისგულზე უნდა ატარო.