მშვიდობით, უდარდელო ზაფხულო
06-09-2010
ზაფხული მიილია და უზრუნველი და ლაღი ცხოვრებაც თან წაიყოლა. ერთ კვირაში უკვე ახალი სასწავლო წელი იწყება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამწუთას ყველა მოსწავლე, განურჩევლად სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა თუ რელიგიური მრწამსისა, წინასასწავლოსასეზონო (საგანგებოდ ამ სტატიისთვის შევადგინე ეს სიტყვა) გაწამაწიაშია. ღმერთმა იცის, ვინ როგორ ემზადება იმ ჭეშმარიტად დიდი დღისათვის, რომელსაც სკოლებში, უნივერსიტეტებში თუ რომელიმე სადარბაზოში გახსნილ სამოყვარულო საგანმანათლებლო ცენტრებში სწავლის პირველი დღე ჰქვია.

ამ დღეს პირობითად ჯერ კიდევ ვუწოდებთ პირველ სექტემბერს,
მიუხედავად იმისა, რომ 1997 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ სწავლა პირველ სექტემბერს დაწყებულიყოს, ჩემს მოკრძალებულ მეხსიერებას არ ახსოვს. ისე კი მინდა სიამაყით ვთქვა, რომ სწორედ იმ 1997 წლის პირველი სექტემბერი იყო, როცა ლურჯ თუ იასამნისფერ ჩანთამოკიდებულმა პირველად შევდგი სკოლაში ფეხი (პირველად მოსწავლის სტატუსით, თორემ ისე, იცოცხლე,
რაც მე იქ დამალობანა მითამაშია).

პირველკლასელებს„პირველი სექტემბერი მართლაც გულწრფელად უხარიათ. ეს მათ ცნობიერებაში ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ჰგონიათ, რომ ცხოვრებაში უბედნიერეს ეტაპზე გადაინაცვლეს. პრინციპში, მეთორმეტეკლასელებიც არანაკლებ გულწრფელად ხარობენ, რადგან მათთვის ისეთი ხანა დგას, როცა ფიქრობენ, რომ ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს იტოვებენ უკან.
წლევანდელ მეთორმეტეკლასელებისა ნამდვილად არ მშურს. წლის ბოლოს ცხრა "სანატრელი" გამოცდა მართლაც ვერაფერი სასიხარულო ამბავია ქართველი მოსწავლისათვის, მით უმეტეს, თუ სკოლაში მისი სწავლის პრინციპი იყო "ვისწავლი მხოლოდ იმ საგნებს, რომლებიც ჩასაბარებლად გამომადგება".

KvirisPalitra.Geისინი კი, ვინც ამ ცხრა გამოცდას ბედად გამოასწრეს და ეროვნული გამოცდების სიტკბო-სიმწარეც გამოცადეს, საუნივერსიტეტო პირველი სექტემბრისთვის“ემზადებიან. ამიტომაც 15 სექტემბერს უნივერსიტეტების ეზოები გაივსება გაფითქინებულ ახალნაყიდ ტანისამოსში კოხტად გამოწყობილი ასობით ახალბედა სტუდენტით და სიხარულით მოციმციმე, მაგრამ დაბნეული თვალით. ამის შემყურე უფროსკურსელები, როგორც წესი, სინანულით გააქნევენ თავს, აქაოდა, ჩვენ ეს პერიოდი უკვე გამოვიარეთ, ნეტავ რა გიხარიათო. შემდეგ სიამოვნებით დააკვალიანებენ რომელიმე გზააბნეულ ახალბედას, რომელიც უიმედოდ ეძებს დეკანატს, აუდიტორიას. თვით უფროსკურსელები კი,„"პატარებთან" ასე ამაყად რომ უჭირავთ თავი, ძირითადად, სასწავლო ცხრილსა თუ შეუსაბამო სალექციო გრაფიკზე წუხან. თუმცა, რა დროს წუხილია, სწავლის პირველი დღეა!

სწავლა იწყება, თან სულ მალე, ერთ კვირაში და წინასასწავლოსასეზონო მზადებაც პიკს უახლოვდება. ზოგს ზაფხული ენანება, ზოგს კი უქმეები უკვე მოჰბეზრდა და სწავლას არის მოწყურებული. ზოგიერთს მონატრებული თანაკლასელებისა თუ თანაკურსელების ნახვა ეჩქარება, ზოგიერთს კი უნდა ზაფხულის განმავლობაში ზღვაზე, სოფელში თუ აქვე, თბილისში, კორპუსის სახურავზე მიღებული ნამზეური "გაამარიაჟოს". ზოგმა უკვე მოასწრო ახალი ისტორიის შეთხზვა, რომ მეგობრებთან თავი მოიწონოს, ზოგმა კი ისეთი ზაფხული გაატარა, მოყოლაც კი ეზარება. ამ ყველას კი ერთი რამ აერთიანებს: სასწავლო წელი ერთ მუჭში მოაქცევს ყველას, განურჩევლად სქესისა, ეთნიკური კუთვნილების თუ რელიგიური მრწამსისა. ზოგს სწავლა იმედს გაუღვიძებს, ზოგს, პირიქით, გაუცრუებს, ზოგს კი არც ერთი ანაღვლებს და არც მეორე.
წინ კიდევ ერთი მძიმე სასწავლო წელია. მშვიდობით, უდარდელო ზაფხულო! თუმცა, იმ დიდებულ ადამიანს, მგონი, ტყუილად არ უთქვამს, კენწეროში გატკბილდებისო.

გიორგი გოგუა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები