სიკეთე - კვირის პალიტრა

სიკეთე

ცხოვრება ძნელია. ზოგი ვუძლებთ, ზოგიც ვერა! გააჩნია, ვინ საით იხედება - კარგისკენ თუ ავისკენ. ზოგჯერ ერთი მისხალი სიკეთეც საკმარისია, რომ გადარჩე. ამას რომ ვამბობ, იქნებ ბევრიც შემომედავოს, - სიკეთე სადღაა, გარშემო იმდენი ცუდი ხდებაო. არაფერიც! აი:

გლდანში ახლობლებთან შემოვრჩი. ნეტავ, საათზე დახედვა მომეფიქრებინა - ქალაქის თავიდან ბოლოში ვარ გასასვლელი და... თერთმეტი გამხდარა უკვე! უკანასკნელი "მარშრუტკის" იმედი მაქვს. ველოდები. არ მოდის. რა ვქნა? ტაქსის ფული არა მაქვს, არც მობილური ტელეფონი მიდევს... ქალი ვარ, ნაირ-ნაირი მანქანები მიჩერდება ფეხებთან - მოგემსახურებითო. ნერვები მეშლება! აი, კიდევ! აიარა, ჩამოიარა, შემათვალიერა და... გააჩერა!.. სად მიბრძანდებითო. ცნობილი ფირმის ტაქსია.

- რა შენი საქმეა, სად მივდივარ! დაგიძახე, რომ გააჩერე?! - ვფეთქდები.

- რა უნდა მინდოდეს, ქალბატონო, ავიარ-ჩავიარე, დაგინახეთ, მარტო იდექით ამ შუაღამისას და... წაგიყვანთ, სადაც მიდიხართ, ტაქსი ვარ...

- ტაქსის ფული არა მაქვს, წაბრძანდით.

- მერე მომეცით, ქალბატონო, არ დავიკარგები, თქვენი ტოლი და მყავს, როგორ დაგტოვოთ გზაში. "მარშრუტკა" მომსვლელი აღარ არის.

- კარგი, მაშინ შევთანხმდეთ, მობილურის ნომერი მითხარით და ფულს მერე მოგცემთ...

ვჯდები და შეშინებული სპიდომეტრს მივჩერებივარ.  რამხელა გზაა - 8 კილომეტრი გათავდა.

- ახლა მობილური მითხარით.

- ჩადით, ქალბატონო. გამაკეთებინეთ სიკეთე, ფულს ეგ მირჩევნია, არ მინდა თქვენი ფული! - კარს მიღებს. ამ დროს უნდა ჩახვიდე, სხვა რა გზაა.

ჩავდივარ. ის მიდის. მიდის სიკეთით, რისი ფასიც ჩვენს ხანმოკლე სიცოცხლეში არაფერია.

***

კოკისპირულმა წვიმამ იმ საღამოსაც ჩამორეცხა თბილისი. ორთაჭალაში ვარ გაჩერებული "მარშრუტკით" - ვეღარ მიდის, ლამის მეტრამდე სიმაღლის ტბა დაგუბდა ქუჩაში. გადაირია ეს ოხერი ამინდი! - ნერვიულობს მძღოლი. ინერვიულებს, აბა, რა იქნება - მანქანის სახურავზე ბრაგაბრუგი გაუდის მუშტისტოლა სეტყვას. ქარიშხალმაც ჩვენ თვალწინ ჩამოტეხა ჭადრის უზარმაზარი ტოტი და იმწუთშივე ვიღაც ქალიც აკივლდა.

- დაწყნარდით, ქალბატონო, თქვენ ხომ არ დაგცემიათ ეგ ტოტი! - გული მოსდის რომელიღაც მგზავრს.

- ნეტა, დამცემოდა! ახლა გამახსენდა, რომ ფანჯრები მაქვს ღია. დავიღუპე, - მინებიც ჩამსხრეული დამხვდება და პარკეტიც აყრილი. რა მეშველება!.. მეზობელს კი აქვს ჩემი ბინის გასაღები, მაგრამ ვერ დავურეკავ, ტელეფონი დამიჯდა.

- ქალბატონო, აჰა, ტელეფონი და დარეკეთ, - აწვდის ის კაცი, წეღან რომ შეუძახა. ქალი რეკავს, თან ხელები უცახცახებს. იტყვის "ალოს" და... გაითიშება.

- ჩემი ტელეფონით სცადეთ, ქალბატონო! - სთავაზობს ყმაწვილი. ჩემ უკან იჯდა და მთელი თავსხმის მანძილზე ვიღაცას ემესიჯებოდა. როგორც იქნა, დაირეკა.

- წავიდა მეზობელი ჩემი ფანჯრების დასაკეტად, მაგრამ რა დახვდა, ნეტა, სახლი გადარჩა?

- ოღონდ თქვენ არ ინერვიულოთ და ეგ ჩემი ტელეფონით გაიგეთ, ქალბატონო, - ახლა მძღოლი აწყნარებს.

მოკლედ, გადარჩენილა!..

ჩვენც გადავრჩით - ყველა ვნერვიულობდით და აღარ ვნერვიულობთ. იმ წუთში, თორემ სადარდელს რა დალევს, - შენი რომ არ გქონდეს, სხვისას იდარდებ.

***

იმ დღესაც მოადგა ერთი მოხუცი ავტობუსს. ცალ ხელში ჩანთით, მეორეში - ჯოხით. მოადგაო, ვამბობ, თორემ ძლივს მოფარფატდა. უკანა სკამიდან ვუყურებ, ამოსასვლელში გაჩხირულ ბიჭს ეძახის, მომეხმარეო. ის კიდევ ტელეფონზეა ჩამოკიდებული, - "იმ მხარეს" გოგოს ეტრაბახება და არ ესმის.

- მიდი, ბიძია, მოჰკიდე იმ ქალს ხელი და ამოსწიე, თორემ გაკეთდა "პროპკა"! - მოთმინება დაკარგა მძღოლმა. აი, ეს უკვე ესმის!.. ბიჭი, მერე გადმოგირეკავო, ტელეფონს ჯიბეში იჩურთავს, ბებოს მაღლა სწევს. მერე ისევ "მეორე მხარეს" ურეკავს. ავტობუსი ისევ ჩერდება. - ბებო, მომეხმარე, შენ გენაცვალე, ვერ ჩავალ მარტო. და ბიჭიც - ისევ ბებოა, მერე დაგირეკავო! და ბებო ჩაჰყავს, არა, - მიჰყავს. ზემოდან ვუყურებ, - ტაქსის დაუქნია ხელი და შიგ ჩასვა... მერე ტაქსის კარი დაკეტა და... ისევ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან!

...აი, თუ გარშემო კარგი არაფერი ხდება. მთავარია, ვინ საით იხედება...