საკითხავია, კიდევ რისი აღარ შეგვრცხვება? - კვირის პალიტრა

საკითხავია, კიდევ რისი აღარ შეგვრცხვება?

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მეჩვენება, რომ თბილისის ქუჩები უპოვართა კასტებმა დაიპყრო. ყოველი ქუჩა თითქოს მათი გამოფენის უშველებელი დარბაზია. ყოველ გავლა-გამოვლაზე ახალ-ახალ სახეებს ხედავ გაწვდილი ხელებით.

"ტრადიციული" ბოშების გარდა ქუჩებში ხელგაწვდილი ზანგიც დარბის და ამ ჯოჯოხეთს თეთრი კბილებით ანათებს. ამაზეა ნათქვამი: "ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდა და ისიც დაემატაო". მგონი, მართლა გვქონდა "მაშხალის უკმარისობის" განცდა, თორემ სხვაგან რატომ არ ხდება ასე? მაგალითად, ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა ხელჩართული ომი გამოუცხადა ქვეყნის გამათხოვრებას და მათხოვრობის საწინააღმდეგო კანონი მიიღო. ამის შემდეგ ვინც დაიჭირეს, ციხეში უკრეს თავი.

დანარჩენებს სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, თავის გადასარჩენად უმოკლესი გზა მონახეს - წვრილშვილით საქართველოსკენ დაიძრნენ, ყველაზე მეტი - თბილისისკენ, - დიდ ქალაქს დიდი სახსარი აქვს, დიდი დასასახლებელი ადგილებიც. მოკლედ, მერე რა, რომ დაუპატიჟებლები იყვნენ,  - ისანში თვალის დახამხამებაში გააშენეს დასახლება პატარ-პატარა ბარაკებით.

KvirisPalitra.Geუფროს თაობას შეუძლია დაიფიცოს, რომ 20 წლის წინ ჩვენში ქართველ მათხოვარს ვერ შეხვდებოდი. ახლა თვალები დაგეწვება, ისეა ქალაქის ქუჩები ქართველი და, რაც ყველაზე გასაკვირია, ორგანიზებული მათხოვრებით მოფენილი. გასაკვირი იმიტომ არის, რომ ჩვენი ბედკრული ისტორიის ბოლო წლებში არაფერში ისეთი ორგანიზებულობა არ გამოგვიჩენია, როგორიც ამ საქმეში, - გამაოგნებელი სიზუსტით არის გაანგარიშებული რომელ ქუჩაზე, რომელ საათებში რომელი მათხოვარი უნდა იდგეს.

როგორც ამბობენ, ყოველივე ამას დიდი თავკაცი ჰყავს, რომელიც სამათხოვრო ბიზნესით იმაზე მეტ ფულს იჯიბავს, ვიდრე ჩვენი ბიზნესმენები, მით უფრო, რომ მათხოვრებს არავინ ბეგრავსო. თუმცა "თავსატეხი" ამ საქმესაც აქვს:

თურმე მათხოვართა კასტებს შორის სისხლიანი შეტაკება ხშირად ხდება, ოღონდ ამაზე არავინ ლაპარაკობს, ეს ხალხი ანგარიშში არ ითვლება. მაგრამ ძალიან რომ ვცდებით? ნუთუ არაფერს გვეუბნება ის, რომ ახლა საქართველოს ყველა კუთხეში ყველა ასაკის ქართველი მათხოვრობს.

KvirisPalitra.Geტყუილია იმის მომიზეზება, რომ მათხოვრებად სახლ-კარდაკარგული ქართველები სხედან. არა, ბატონებო, დევნილებს და ავადმყოფებს ნაკლებად წააწყდებით, ხშირად ქუჩაში ისინი სხედან, ვისაც შინ საღ-სალამათი ოჯახის წევრები, მათ შორის, ჯანმრთელი მამაკაცები ელოდებიან და მათხოვრობით ნაშოვნი ფულით საზრდოობენ.

უცხოეთში ქირაზე გადაკარგული ქართველი ქალები რომ არ გავიხსენოთ, დილაობით სამუშაოდ მიმავალი ქალებით გაჭედილი ავტობუსებიც კმარა. აი, რას გვეუბნება მათხოვრებით მოფენილი ქალაქის ქუჩები: სიზარმაცე მათხოვრობისკენ მიგვაქანებს, მათხოვრობა - უფსკრულისაკენ. ჩვენს ერს, აღარ ერცხვინება მოხუცი დედების, ავადმყოფების, შავმანდილჩამოფარებული ქალების სამათხოვროდ გაშვებისა... ისინი მოძალადეებად აქციეს. ჩვენში უკვე მოწყალების გაცემა სათნოება აღარ არის, ძალადობაა(!).