ოპერაცია "ავტომობილი" - კვირის პალიტრა

ოპერაცია "ავტომობილი"

სოციალური უკმაყოფილების  გამძაფრებას ცდილობენ?

თბილისში პარკირების ახალი სისტემის შემოღების შემდეგ "კვირის პალიტრის" რედაქციის მდივანს ექსტრემალურ ვითარებაში უწევს მუშაობა. ფაქტობრივად არ წყდება C.T.Park-ის მიერ დაჯარიმებულ, უკმაყოფილო მოქალაქეთა ზარები. მძღოლები გამუდმებით ჩივიან პარკირების სისტემის გაუმართაობის გამო. უკმაყოფილოთა შორის ჩვენი კოლეგაც აღმოჩნდა.

დაჩი გრძელიშვილი: "სანამ ვაჟა-ფშაველაზე ერთ ოფისში, დაახლოებით ნახევარი საათით ვიმყოფებოდი (მიმდებარე ტერიტორიაზე არსად დგას ე.წ. პარკომეტრი, სადაც თანხის, ანუ ერთი საათით მანქანის გაჩერებისთვის 50 თეთრის გადახდას შევძლებდი. უახლოესი სუპერმარკეტი კი, სადაც გადასაფხეკ ბარათს შევიძენდი, ნახევარ კილომეტრში მდებარეობდა), ვინმე ინსპექტორმა მეგიმ ჩემი ავტომობილის საქარე მინას "მიაბნია" 20-ლარიანი საჯარიმო ქვითარი, რომელზეც მითითებული არ არის ჩემ მიერ "დარღვეული" დროის დასაწყისი და დასასრული.

ავტოსატრანსპორტო დარღვევებისა და ჯარიმების ნუსხის თანახმად, სიჩქარის გადაჭარბება, ამკრძალავი ან პრიორიტეტული ნიშნის უგულებელყოფა, ღერძულა ხაზის გადაკვეთა, გასწრების წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით 15-დან 20 ლარამდე. იმავე ოდენობის თანხით ჯარიმდება მძღოლიც, თუ გაბედავს და ავტომობილის გზის პირზე დაყენებისთვის  C.T.Park-ს ქირას წინასწარ არ გადაუხდის. გამოდის,  წითელზე გავლა, სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობა და საავარიო სიტუაციის შექმნა თავისი სტატუსით, თანხის წინასწარ გადაუხდელად ავტომობილის პარკირებას უტოლდება".

2007 წელს, კომპანია "ამაგონი და შოჰარ პარკინგ სერვისმა" ტენდერში გაიმარჯვა. მაშინ, თბილისის მერია გადატვირთულ ქუჩებსა და პარკინგების, ანუ მოწესრიგებული მიწისქვეშა ან მიწისზედა ავტოსადგომების მოწყობაზე საუბრობდა, რაც თავისთავად, ავტომობილის უსაფრთხოებაზე ზრუნვასაც გულისხმობს. თუმცა, აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში გამარჯვების შემდეგ რატომღაც საკმარისად მიიჩნია, მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნები დაებეჭდა, საკუთარი სურვილისამებრ, თბილისის ქუჩებში, გზის პირებზე დაედგა და ზედ მიეწერა "გაჩერება" - ზოგან ლარი რომ ღირს, ზოგან 50, გარეუბნებში კი 20 თეთრი.

კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ "ამაგონი და შოჰარი" ისრაელის ცნობილი კომპანიაა და ამ ქვეყნის ოც ქალაქში პარკირების ორგანიზება აბარია. ამავე ვებგვერდის ინგლისურ ვერსიაში კი რატომღაც კომპანიისა და ქვეყნის დასახელებისგან თავს იკავებენ -  მხოლოდ იმას წერენ, რომ თბილისში პარკირებას ცნობილი "უცხოური" კომპანია განაგებს. ჩვენდა გასაოცრად, საერთაშორისო ინტერნეტსაძიებო გვერდებზე, ისრაელის ე.წ. "ყვითელ ფურცლებზე" აღნიშნული დასახელების კომპანია კი არა, ისეთიც კი ვერ ვნახეთ, ეს სახელი გაგონილი რომ ჰქონოდა.

დაჩი გრძელიშვილი ძიების პროცესში უფრო შორს წავიდა და შეეცადა უცხოელი მეგობრებისგან შეეტყო, პარკირების როგორი სისტემა არსებობს ევროპასა და აშშ-ში.

ამერიკის სხვადასხვა შტატში სხვადასხვაგვარად არის საკითხი გადაწყვეტილი. მეგაპოლისების ცენტრში პარკირება საკმაოდ რთულია, თუმცა საგანგებო, დაცული პარკინგებიცაა მოწყობილი. მანქანა მუნიციპალურ პოლიციას მხოლოდ მაშინ გადაჰყავს, თუ მოძრაობა აშკარად ფერხდება ან რაიმე საგანგებო შემთხვევაა (ხანძარი, კატასტროფა და ა.შ.). საცხოვრებელ უბანში მანქანის გაჩერება უფასოა.

საბერძნეთში, ათენში, მხოლოდ დედაქალაქის ცენტრშია ფასიანი პარკინგი, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევამდე და შაბათს, 9-დან დღის 4 საათამდე. გადასაფხეკი ბარათები (რომლებიც ჯიხურებში იყიდება) თუ არ დატოვე  მანქანის მინაზე, მუნიციპალური პოლიცია გაჯარიმებს 40 ევროთი, მაგრამ თუ პირველ 10 დღეში გადაიხდი, ჯარიმა ნახევრდება. რა თქმა უნდა, მანქანა არსად არავის მიჰყავს.

შვედეთში, სტოკჰოლმში პარკინგი ფასიანია. რაც უფრო ცენტრში შედიხარ, მით უფრო ძვირია. მაგალითად, გარეუბანში 50 ცენტი, ცენტრში კი 2 ევრო და მეტი ღირს. პარკინგისათვის გამოყოფილია საგანგებო ადგილები, აშენებულია სპეციალური მიწისზედა ან მიწისქვეშა პარკინგები. მანქანა თუ აკრძალულ ადგილზე დააყენე, მაშინ ჯარიმა 60 ევროდან აითვლება. თუ  ცხოვრობ ჩვეულებრივი კორპუსის ბინაში, მანქანის დასაყენებელ ადგილს მაინც ქირაობ. საცხოვრებელ რეგიონში ავტოსადგომზე ღირს თვეში 15 ევრო, კორპუსის ქვემოთ - 20 ევრო, ხოლო დაკეტილი სადგომი კორპუსის ქვემოთ - 35 ევრო. ეს ფასები ცენტრისაკენ კიდევ უფრო ძვირდება.

ერთ ინფორმაციასაც მოგაწვდით: ევროკავშირის ქვეყნებში მინიმალური ხელფასი თვეში 1.500 ევროდან იწყება, შეერთებულ შტატებში კი მინიმალური გამომუშავება საათში დაახლოებით 20 დოლარია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ჯარიმების გამოწერა დასავლეთის ქვეყნებში მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალური ან საპატრულო პოლიციის პრეროგატივაა.

ცხადია, ერთ დღეში ქალაქები და მით უმეტეს, სახელმწიფო ინსტიტუციები არ შენდება, მაგრამ საძირკველი თუ სწორად არ ჩაიყარა, საეჭვოა, შენობა მდგრადი გამოვიდეს და დიდხანს გაძლოს.

რობერტ იანტბელიძე, ექსპერტი: - უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც დაადგენს, ქალაქის პირობებში სად რა წესი და კანონი შემოიღოს.

რა უფლებით მახდევინებენ ჩემი საცხოვრებელი სახლის ფასიან ავტოსადგომზე თუნდაც ორ თეთრს ისე, რომ ამის შესახებ წინასწარ არც კი მეკითხებიან? თუ სახლის მშენებლობის დროს არ იყო გათვალისწინებული ავტოსადგომის აშენება, ეს ჩემი დანაშაულია? ეგებ ერთი კვირა ვერ წავედი ავადმყოფობის გამო სამსახურში და მიყენია ეს ჩემი ავტომობილი ფასიან ავტოსადგომზე, სადაც მხოლოდ ღამით ვსარგებლობ შეღავათით. რა ვქნა, დღისით სად წავიყვანო ავტომობილი ავადმყოფმა კაცმა, წამლებში გადავიხადო ფული თუ პარკირებაში? ან სადაური სამართალია, რომ სიმთვრალისთვის ჯარიმა 150 ლარს შეადგენს, ევაკუაციაში კი 60 ლარს გახდევინებენ. თუ მოძრაობას არ ვაფერხებ, რას ეძგერები ევაკუატორით ჩემს ავტომობილს?

გასაკვირია მძღოლებისადმი ასეთი ზედმიწევნით პედანტური დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც გზები და შუქნიშნები ვერ მოუწესრიგებიათ. იმის ნაცვლად, რომ გზები გააფართოონ, ბეტონის კედლები აღმართეს შუა ნაწილში, გურამიშვილსა და პეკინზე. მთელი  მსოფლიო იმისკენ მიდის, რომ გზები მაქსიმალურად გააფართოონ, ესენი კიდევ ავიწროებენ.

- თუ აუცილებელი არ არის, მაშინ რატომღა აშენებენ ტრასებზე კედლებს?

- იმიტომ, რომ ამ საგზაო სამუშაოებში უზარმაზარი ფული კეთდება.

- ამბობენ, რომ თამარ მეფის ქუჩაზე გაამართლა გზების ასეთი ფორმით შევიწროებამ. საცობები აღარ იქმნებაო.

- წამოდით, ჩავატაროთ დაკვირვება და ნახავთ გზის დავიწროების შედეგს. პეკინსა თუ ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე არ იყო აუცილებელი თეთრი ღერძულა ხაზის ნაცვლად ბეტონის პარაპეტების ჩაყრა. ვფიქრობ, უგულავა    ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაანაწყენოს მძღოლები და სოციალური უკმაყოფილება გაამძაფროს.