"უფლის წყალობაა, რომ ყველას შეგვიძლია ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა" - კვირის პალიტრა

"უფლის წყალობაა, რომ ყველას შეგვიძლია ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა"

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მახათას მთაზე იწყება ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო ცენტრსა და თავშესაფარს ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის.

მისმა უწმინდესობამ 2010 წლის 24 მაისს ფონდ "იავნანას" აქციაზე სრულიად საქართველოს მოუწოდა ტაძრის მშენებლობისაკენ და ბრძანა, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ იდეის გარშემო გაერთიანებით ქართველი ხალხი შექმნის თავის მეორე ავტოპორტრეტს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ. ტაძრის ასაშენებლად სულ მცირედია საჭირო და ძალიანაც რომ გინდოდეს, ამ მცირედზე არც ერთი მისხლით მეტი - თვეში 1 ლარი.

ამ თანხაზე მეტ შესაწირს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღებ, თუკი ამას სხვისი სახელით გააკეთებ. შეივსება მოსახსენებლები, სადაც იქნება გრაფა ცოცხლებისათვის, გარდაცვლილებისა და უპოვართათვის. ყველა მათგანის სახელზე შეგიძლია გაიღო ლარი და ამით ისინიც აქციო ტაძრის მშენებლებად. ყველა, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ საქმეში (ცოცხლებიცა და ის გარდაცვლილებიც, ვისი სახელითაც შემოწირულობას გავცემთ), დიდ წიგნში ჩაიწერება და სამუდამოდ დარჩება ტაძრის დიდ მოსახსენებელში. სწორედ ამიტომაც იქცა მთელი საქართველოსათვის უდიდეს საჩუქრად ეს პროექტი.

როგორც სამების ტაძრის ახალგაზრდობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, პაატა ბურჭულაძემ დააარსა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი "ივერიისა", რომელიც სათავეში ჩაუდგება პროექტს.

25 სექტემბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ "იავნანასა" და ფონდ "ივერიისას" ეგიდით გაიმართა საქველმოქმედო გალა-კონცერტი, რომლის დროსაც უპრეცედენტოდ დიდი თანხის 300.000 ლარის შეგროვება მოხერხდა. შესრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის განუმეორებელი საგალობლები და უფლის სადიდებელი ნაწარმოებები მსოფლიო კლასიკიდან. შემოწირული თანხა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად გადაიდება, რომ მერე ყოველი ჩვენგანის გაღებული ლარი მშენებლობის საქმეს მოხმარდეს.

ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის საზრუნავი ხომ მთელი საქართველოა, ამიტომაც მან საკუთარი სახელით გაიღო შესაწირავი ლარი, გარდაცვლილი მეფეების, პატრიარქებისა და ჩვენი წინაპრების სახელით კი ათი ათასი დოლარი - ხომ უნდა გასწვდეს გარდაცვლილთა უდიდეს არმიას?!

რეზო ჩხეიძე, კინორეჟისორი: - ხომ არიან ადამიანები, რომლებიც დღევანდელითაც ცხოვრობენ და ერთი საუკუნითაც გვისწრებენ წინ? პაატა სწორედ ასეთია, ის ახლა უკეთ გალობს, ვიდრე ადრე, იმიტომ, რომ  დიდი სულიერი წყარო აქვს. კარგი, დიდი, ძმური შურით მშურს მისი, რომ ამხელა ტვირთის ზიდვა შეუძლია.

ერთხელ პატრიარქს შევბედე კითხვა, რისი იმედი გქონდათ, რომ ამხელა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას იწყებდით-მეთქი, მხედველობაში მქონდა როგორც მისი სალარო, ასევე სახელმწიფოსიც. მქონდა იმედიო... ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ იმედი გამართლდა. ეს იმედიც გამართლდება.

გურამ დოჩანაშვილი, მწერალი: - ღვთის კურთხევაა, პატრიარქი რომ ამდენ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის. უფლის წყალობაა ისიც, რომ ყველას შეგვიძლია ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა. ხომ გახსოვთ სახარება, ქვრივის ორ გროშს უფალი შეიწირავს როგორც დიდ შესაწირს... ჩვენ ისტორიულად არ გვაკლია მოღალატეები, მაგრამ გმირი იმდენი გვყავს, სავსებით გვყოფნის, მათით რომ ვიცხოვროთ და ვიამაყოთ. გამოვიდეთ ქუდზე კაცი და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ავაშენოთ. ვეცადოთ, რაც შეგვეძლება!

უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: - საქართველო ისეთი ქვეყანაა, ყოველდღე რომ ვაშენოთ ტაძრები, მაინც ვერ გადავიხდით იმ ამაგს, რაც ღვთისმშობელმა ჩვენთვის გაიღო.

ჯერ ერთი, ის, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი, ღვთის ნება იყო.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ერთმა რუსმა არქიმანდრიტმა ათონის მთაზე გამგზავრების წინ მითხრა, მივდივარ, რათა გამოვაცილო ივერიის ხატი საქართველოში.

პ.ს. უფალი შეეწიოს ყველა ქართველს იმ ტაძრის მშენებლობაში, რომელიც დახვდება ივერიის ბრწყინვალე ღვთისმშობლის ხატს როგორც სავანე, საქართველოში მისი ჩამობრძანების მოლოდინის სიმბოლოდ ქცეული.

შემოწირულობის მიღება საქართველოს ბანკებში 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება.