ძეგლების დევნა გრძელდება
მეტეხის ტაძრის ეზოდან რიყეს რომ გავხედე, სახტად დავრჩი. იქ, სადაც უდიდესი მეცენატისა  და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის ძეგლი მეგულებოდა, კვარცხლბეკიც კი აღარ  ჩანდა.

ადგილზე მისულს მხოლოდ მიწიდან ამოჩრილი არმატურის ნაგლეჯი დამხვდა. ნაძეგლარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობის მუშების თქმით, ძეგლი კარგა ხნის წინ მოხსნეს, დაახლოებით ორი კვირა ეგდო მიწაზე, მერე კი სადღაც წაიღეს. როგორც გადამზიდმა მუშებმა გვითხრეს, სარაჯიშვილის ძეგლი მისივე სახელობის კონიაკის ქარხნის ეზოში უნდა დადგანო. იცით, ვინ იყო დავით სარაჯიშვილი? - 
ვკითხე მუშებს. - როგორ არ ვიცით, ქართული კონიაკის შემქმნელი იყოო, - ნიშნის მოგებით მიპასუხეს ერთხმად. კიდევ რა იცით მის შესახებ-მეთქი? - მეტი რა უნდა ვიცოდეთო, - შეცბნენ კონიაკის მოყვარული ჯეელები.

არადა, სარაჯიშვილის შესახებ ყველაფერი რომ თქვა, ერთი საგაზეთო სტატია კი არა, გაზეთიც არ იქნება საკმარისი.
მის შესახებ მარტო "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის" ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებები რად  ღირს. აი, სწორედ აქ ჩანს ამ საოცარი პიროვნების სული, რომელიც, საეჭვოა, დღეს აინტერესებდეთ ახალი ქართული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ეპოქის იდეოლოგებს, რომელთა ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა დღემდე ისევ ძეგლების დევნაა.

ახლა სხვა ფასეულობები და პერსონები იწევს წინა პლანზე. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ საქართველოს დედაქალაქის ყოველ კუთხეში მრავლად წააწყდებით საკუთარ ქვეყნებში არცთუ პოპულარული პრეზიდენტებისა და სხვა პოლიტიკურ მოღვაწეთა სახელობის ქუჩებს, სკვერებსა და ძეგლებს თუ არა, მინიობელისკებს მაინც. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ამ ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესში ახალი ისტორია იწერება, რომელშიც სარაჯიშვილის, ნიკოლაძის, ჭავჭავაძისა და სხვების ადგილი არ არის. 

გაუგებარია, რატომ ეზედმეტა ვინმეს რიყეზე მშენებარე სასტუმრო-რესტორნის (ეს ცალკე თემაა, რომ აქ ისევ რესტორანი შენდება და მისი დამკვეთი კერძო პირია) წინ დიდი მეცენატის ქანდაკება? იქნებ იმიტომ, რომ დავით სარაჯიშვილის შესახებ იმ ვინმემ ამ  მუშებზე მეტი არ იცის!
ბევრი უღირსობის ჩამდენ სახელმწიფოს ახლა სარაჯიშვილის ძეგლის დევნის ცოდვაც დაემატა. ვინ ვართ? ილია ჭავჭავაძის ძეგლი დღემდე სიბნელეში გვიდგას წიწამურთან, მისკენ მიმავალი გზის გაკეთების სურვილი კი არც ერთ ხელისუფალს არ გასჩენია; როგორც ჩანს, ახლა სარაჯიშვილის ჯერია...

1911 წლის 25 ივნისს დავით სარაჯიშვილის დაკრძალვაზე წესის აღსრულების შემდეგ კათალიკოს ლეონიდეს უთქვამს: "მადლობას ვწირავთ გამჩენს ქართველობაში ასეთი იშვიათი კაცის გაჩენისთვის. საღვთო მხიარულებითა და მხურვალე ლოცვა-კურთხევით გავისტუმროთ ძვირფასი დავითი ზეციერი მამისკენ, რომელიც სიხარულით მოელის მას, რადგან მან ღვთისგან ნაბოძები ხუთი ქანქარი კეთილად აამოქმედა და ათად აქცია". დასანანია, რომ იმ დროშიც იშვიათობა ყოფილა დავით სარაჯიშვილის მსგავსი კაცი. სწორედ ამიტომ მის ძეგლს კი არ უნდა ვჩქმალავდეთ, ყოველ ნაბიჯზე რაღაც ისეთს უნდა ვაკეთებდეთ, რომ შვილებს შევახსენოთ, როგორი წინაპრები გვყავდა და ვის უნდა მიჰბაძოს შთამომავლობამ.


KvirisPalitra.Geდიდი მეცენატი

დავით სარაჯიშვილი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფიის მაგისტრი, რუსეთისა და ევროპის მასშტაბით ცნობილი მეწარმე და  სახელგანთქმული ქველმოქმედი იყო. მის სახელს უკავშირდება "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის", სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და უამრავი სხვა საქველმოქმედო თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციის შექმნა.

უშვილოდ გადაგებული ცოლ-ქმარი დავით სარაჯიშვილი და ეკატერინე ფორაქიშვილი სრულიად საქართველოს ახალგაზრდების მშობლებად მიიჩნევდნენ თავს. ამიტომაც უთქვამს დავით სარაჯიშვილს, უშვილობა რას მიქვიან, განა ქვეყნის სასიკეთოდ გაწვრთნილი საქართველოს ყველა შვილი ჩემი არ არისო? გულუხვად გასცემდა ფულს, რათა საქართველოს ჰყოლოდა ვანო სარაჯიშვილი, კოტე ფოცხვერაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იაკობ ნიკოლაძე (რომელმაც უდიდესი მამულიშვილის ბიუსტი შექმნა), გიგო გაბაშვილი და კიდევ ძალიან ბევრი. მან და მისმა მეუღლემ უდიდესი წვლილი შეიტანეს ქაშუეთის ტაძრის მშენებლობაშიც, რომლის ერთ-ერთ კედელზე მათი, როგორც ქტიტორ-აღმშენებელთა ინიციალებია ამოტვიფრული.

1911 წლის 25 ივნისს დავით სარაჯიშვილი, მოგვიანებით კი მისი მეუღლეც დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, თუმცა 1939 წელს ბოლშევიკებმა  "კაპიტალისტად" შერაცხილ ღირსეულ ქართველს მეუღლითურთ   ვაკის სასაფლაოზე, უდაბურ ხევში  მიუჩინეს ადგილი. 1995 წელს ქართველობამ სამართლიანობის აღდგენა სცადა  და ისინი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გადმოასვენეს,  თუმცა, რატომღაც, საფლავისთვის ეკლესიის ეზოს ის მონაკვეთი შეირჩა, სადაც ავტომობილების გასაჩერებელი ადგილი და უკარო და მოუვლელი სათავსი იყო. ეს სათავსი  მოგვიანებით საეკლესიო მაღაზიად იქცა, საფლავის ქვის თავი კი - მაღაზიის “ფასადად.”

მროველი
11 ნოემბერი 2010 15:36
უმადურები რომ ვართ და წინაპრებს სათანადოდ არ ვაფასებთ იმიტომაც გვაქვს "აყვავებული" აწმყო და "ნათელი" მომავალი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები