ერთ ლარად "ნაყიდი" ინტერვიუ
"დედას თუ არაყი არ მივუტანე, მცემს და საჭმელს არ მაჭმევს"

ხშირად შეგიმჩნევიათ ადამიანები, რომლებიც ხელგაწვდილი მოწყალებას ითხოვენ. მათი უმეტესი ნაწილი ბავშვები არიან. "ხალხის გაზეთის" რესპონდენტი ამჯერად 6 წლის ბიჭუნაა. ჩვენ მას თბილისში, მეტროს ერთ-ერთ სადგურში შემთხვევით შევხვდით და გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით. ბიჭს თავისი ასაკისთვის შეუფერებელი, ნაღვლიანი, დიდი კაცის გამომეტყველება ჰქონდა. დიდი ზომის ტანისამოსს, გამხდარ ტანზე, ძველი ქამრით იმაგრებდა.
- რა გქვია? - ვცადე საუბრის დაწყება მასთან.
- ლადო (სახელი შეცვლილია).
-
რამდენი წლის ხარ?
- შვიდის ვხდები.
- გინდა ვისაუბროთ? თუ გინდა მე შენზე გაზეთში სტატიას გამოვაქვეყნებ.
ბიჭი დაფიქრდა...
- ერთი ლარი გაქვს? - ეჭვით შემომხედა ბავშვმა.
- მაქვს.
- თუ მომცემ, მაშინ მინდა.
მე და ლადომ "სარფიანი გარიგება" დავდეთ: მე მისგან ინტერვიუ ავიღე, მან კი
ერთი ლარი მიიღო.
- სად ცხოვრობ?
- აქ ვცხოვრობ, თბილისში.
- ვისთან ერთად?
- დედასთან და თავის ქმართან ერთად.  
- ანუ მამასთან ერთად, არა?
- არა, თავის ქმართან ერთად.
- და-ძმა გყავს?
- არა.
- რამდენი ხანია რაც ასე აგროვებ ფულს?
- ძალიან დიდი ხანია.
- რა თანხა გიგროვდება დღის განმავლობაში?
- ყველაზე ბევრი ამას წინად მოვაგროვე: 20 ლარი და 15 თეთრი.
- ფულის დათვლა იცი?
- ვიცი.
- რას ყიდულობ ამ ფულით?
- 10 ლარი დედას უნდა მივცე ყოველდღე და ერთი ბოთლი არაყიც უნდა ვუყიდო. დანარჩენი მე მრჩება. ხანდახან ბულკს ვყიდულობ, ხანდახან - პურს, ხანდახან - ნაყინს. ხანდახან, თუ ძალიან არ მშია, ფულს ვინახავ-ხოლმე.
- რისთვის ინახავ?
- როცა საკმარისი ფული არ მიგროვდება და არყის საყიდელი ფული არ მრჩება, ვამატებ-ხოლმე.
- ეს ტანსაცმელი ვინ გიყიდა?
- მაჩუქეს.
- დედა არ ყიდულობს?
- არა.
- შენი მამა სად არის?
- არ ვიცი, სხვაგან ცხოვრობდა. მგონი მოკვდა, დედამ ასე მითხრა.
- თუ დედას არაყი ან ფული ვერ მიუტანე, რას ამბობს-ხოლმე?
- არაფერს. უბრალოდ მცემს და საჭმელს არ მაჭმევს. ამიტომ აუცილებლად ვაგროვებ.
- როგორ?
- ხანდახან ვიპარავ.
- იცი ქურდობა რომ არ შეიძლება?
- ვიცი, მაგრამ ბევრს არ ვიპარავ. 11 ლარი რომ შემიგროვდება, აღარ ვიპარავ.
- დედა მუშაობს?
- არა. ავად არის. ხან რას მიეჯახება, ხან - რას. მერე  იძინებს.
- საყვარელი სათამაშო გაქვს?
- სათამაშო? რაღა დროს ჩემი თამაშია, მე უკვე დიდი ვარ.
- სკოლაში დადიხარ?
- არა, ძალიან მინდა. თვლა და კითხვა კი ვისწავლე, მაგრამ მაინც მინდა.
- ვინ გასწავლა?
- ერთი ძმაკაცი მყავს და იმან მასწავლა. ის სკოლაშიც დადიოდა... ახლა მათხოვრობს.
- შეგიძლია დათვალო?
- როგორ არა: ერთი, ორი, სამი... ასი.
- ამას წამიკითხავ? - მივუთითე ტრაფარეტზე.
- მ-ა-რ... ეს რა ასოა?
- ჯ.
- ხო, ჯ. მარჯ-ა-ნ-ი-შ-ვი-ლი.
- ვინ გინდა რომ გამოხვიდე?
-  მათემატიკოსი.
- არ გინდა შენს ტოლ ბავშვებთან ერთად რომ იცხოვრო? მე ვიცი ერთი სახლი, სადაც ბევრი შენი ტოლი ბავშვია. ტანსაცმელიც აქვთ, არ მუშაობენ, კარგად აჭმევენ და წერა-კითხვას და ანგარიშსაც ასწავლან.
-  რამდენიც მოუნდებათ იმდენს აჭმევენ?
- კი, აბა რა!
- დედაც წამოვა?
- დედა არ წამოვა, მაგრამ გნახავს-ხოლმე.
- ასე არ მინდა!
- მოაგროვე უკვე ფული? შეგიძლია შენი დედიკო გამაცნო?
- კი, ერთი ლარი მაკლდა და...
- მაშ წავიდეთ.
- ჯერ არაყი ვიყიდოთ.
- რომ არ შეიძლება შენი ტოლებისთვის არყის მიყიდვა?
- მარო ბაბოსთან ვყიდულობ-ხოლმე, ხან "ნისიადაც" მაძლევს და მერე ვაძლევ-ხოლმე ფულს.
მარო ბაბო გარემოვაჭრე აღმოჩნდა. ჩემს კითხვაზე თუ რატომ ყიდდა ალკოჰოლურ სასმელს არასრულწლოვან ბავშვზე, მიპასუხა: - ბავშვი მეცოდება. ხანდახან მიჩუქნია კიდეც, მაგრამ არ მაქვს საშუალება, რომ ყოველთვის ვაჩუქო. ვიცი ეს ბავშვი ვინც არის. ნეტავ შემეძლოს როგორმე დავეხმარო... სულ პატარა იყო, ქუჩაში რომ გამოვიდა სამათხოვროდ. ანგელოზივით ბავშვი ასე დადის ქუჩა-ქუჩა.
- იცნობთ მის ოჯახს?
- არა, მაგრამ ვიცი ამ ბავშვის ამბავი. ერთი ბოთლი არყის გამო როგორ დავტოვო მშიერი? ამისი ტოლი შვილიშვილი მყავს.
როგორც ლადომ ამიხსნა, 27 წლის  დედა, საღამოს 7 საათზე მეტროსთან ხვდება-ხოლმე და ერთად მიდიან სახლში. ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ, ქალი დათქმულ ადგილზე მოვიდა. მას შემდეგ, რაც ლადომ ფული და არაყი გადასცა, დაინტერესდა ჩემი ვინაობით. მე გავეცანი და მოვუყევი ის, რაც ბავშვმა მიამბო.
- ყველაფერი გცოდნიათ და მე რაღა უნდა გითხრათ? - მითხრა საკმაოდ უხეშად.
- ხომ გითხარი, უცნობებს არ დაელაპარაკო-მეთქი? -  სილა სახეში მოხვდა ბიჭს.
- რას საქმიანობთ?
- რა უნდა ვაკეთო ამ დროში? სამსახური მე არ მაქვს და არაფერი.
- მიამბეთ თქვენზე...
- საკმაოდ პატარა გავთხოვდი, 15 წლის. ამის ბედოვლათ მამას გავყევი ცოლად, 4 წელი შვილი არ მიჩნდებოდა, მერე ლადო მეყოლა. ერთი წლისაც არ იყო ლადო, რომ ქმარმა მიმატოვა, სხვა ქალთან წავიდა. მისგან მარტო სახლი დამრჩა. დედაჩემმა უკან აღარ მიმიღო. ისეთი ენა ჰქონდა ჩემს ყოფილ ქმარს, რომ დაარწმუნა ჩემები, ვითომ ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე. უმაღლესი განათლება, რა თქმა უნდა, არ მაქვს. ვერც ვერსად დავიწყე მუშაობა, დავდიოდი ბავშვით ხელში და ვმათხოვრობდი. ახლა მოიზარდა და დროა, ეს მიეჩვიოს ფულის შოვნას.
- 10 ლარზე ნაკლები თანხა რომ მოგიტანოთ, ამით რა დაშავდება?
- როგორ არ დაშავდება?! აბა რითი ვიცხოვროთ?.. რაც გინდათ ის გამოაქვეყნეთ, მაგრამ სურათი არ დაბეჭდოთ.
- ლადოს სკოლაში მიყვანას არ აპირებთ?
- ჯერ არა. სად მაქვს წიგნების და რვეულების საყიდელი ფული?! მერე ვნახოთ, რა იქნება. გაიზრდება და რისი სწავლაც უნდა, ისედაც ისწავლის...
ვინ იცის, ცხოვრების გზები ლადოს საით წაიყვანს... იქნებ მოხდეს სასწაული და ეს პატარა ბიჭი დიდი მათემატიკოსი გახდეს...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა