88 წლის ასაკში გარდაიცვალა მედეა ჩახავა
განა ბევრს გაჰყვებოდა სცენიდან უსასრულოდ მგზნებარე ტაში?

აგიდაზე ლარნაკში ნაირ-ნაირი მინდვრის ყვავილების დიდი თაიგული იდო. ქალბატონი მედეა სწორედ ამ ყვავილების ფონზე მახსენდება. პირისპირ ვისხედით და ერთმანეთი კარგად რომ დაგვენახა, მასპინძელმა ლარნაკი მაგიდიდან გადადგა... მინდვრის ყვავილები ახლა მის ზურგს უკან ენთო და, მართალია, არ მახსოვს, წელიწადის რა დრო იყო, "აგაზაფხულებდა" ყველაფერს.  
რამდენიმე დღეში ისევ ნატასთან უნდა გადავიდე, პრემიერა კარზეა მომდგარი, უნდა დავეხმაროო, - მითხრა.
გამეღიმა. ვინ იცის, რამდენ პრემიერას გაუვლია
80 წელს გადაცილებული დიდი მსახიობის ცხოვრებაში, მერე რამდენ შვილისა და შვილიშვილის პრემიერას... რომ გადაანაწილო, ლამის ყოველი მეორე თვე პრემიერა იქნებოდა მის ცხოვრებაში - ხან საკუთარი, ხან შვილების - თემურისა თუ მაკასი, ნანი ჩიქვინიძის, შვილიშვილების - ეკა ჩხეიძის, ნატა მურვანიძის, ნიკა თავაძის...
იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ
სწრაფად გავლილ წლებზე, მის არაჩვეულებრივ ოჯახზე; მამაზე, რომელიც ინტელექტითა და დახვეწილობით დიდ გავლენას ახდენდა მომავალ თაობაზე; თემურზე, რომელიც ყოველდღე ურეკავდა და დედა მაინც ასწრებდა მისი ზარის "ხანგრძლივ" მოლოდინს; მაკაზე, რომელიც დაღლილი და დაუღლელია. ივიკოზე, რომელსაც სულ ჩრდილში უნდა დგომა...
მერე რომელიღაც შვილიშვილი დაბრუნდა. ქალბატონი მედეა სამზარეულოში გავიდა და ვხედავდი, როგორ აცხელებდა გაზქურაზე სადილს, როგორ შლიდა სუფრას...
- სულ ასეა, ერთი მოდის, მეორე მიდის, ყველას დახვედრა სჭირდება. სულ ველოდები, სულ სამზადისში ვარ, - ქალბატონი მედეას ხმა ახლაც ჩამესმის, - მარტო ვარ, ყველა გაქცეულია, მოვლენ ორ საათზე, უნდა ვასადილო. უნდა რაღაც მოვიფიქრო, საჭმელი მოვამზადო.
ისეთი გულით შლიდა სუფრას, ეტყობოდა, მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ოჯახის ყველა წევრისთვის სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატვა.
- მთავარი მაინც რა იყო თქვენს ცხოვრებაში? - ვკითხე ქალბატონ მედეას.
- კითხვის დასმა ადვილია, პასუხი - რთული. ყველაფერი მთავარია, რასაც აკეთებ, როგორ შეიძლება გამოყო რამე. რასაც ვაკეთებ, ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ მთავარია. ახლა მე რომ შეგითავსე ჩემს საქმესთან, შეგხვდი, გგონია, არ ხარ მთავარი?
მთავარი იყო ის რუდუნებით მომზადებული სადილიც, შვილიშვილს რომ დაახვედრა; ის რეპეტიციებიც, რომელზეც აუცილებლად უნდა წასულიყო, თუნდაც შინ ატირებული თემური დაეტოვებინა; მთავარი იყო სპექტაკლები... ისიც მთავარი იყო, II მსოფლიო ომის წლებში დედასთან ერთად რომ ქსოვდა და მერე ნაქსოვის გაყიდვით ირჩენდა თავს ოჯახი. თბილისის ომის შემდგომი ხანა, როცა გაუბედურებულ საქართველოში სიბნელესა და სიცივეს ებრძოდა, სასაცილო ანაზღაურებას იღებდა თეატრიდან - მთავარი იყო, რადგან ამ ყველაფერს ერთად სიცოცხლე ერქვა.
88 წელი იცოცხლა დიდმა დედამ - ქალბატონმა დედამ, როგორც მას ერთ-ერთ რეპეტიციაზე ბატონმა თემურმა მიმართა. 88 წელი ელოდა, სადილს უმზადებდა, ასწავლიდა, პრემიერებზე ღელავდა და თავადაც ახერხებდა არაჩვეულებრივი თეატრისა თუ კინოსახეების შექმნას.
სნეულება თავისას შვრებოდა. ბოლო წლებში მაინც ითამაშა "მოხუც ჯამბაზებში". ფარფატით გამოდიოდა სცენაზე მისი პერსონაჟი, თითქოს უკვე აღარც იდგა მიწაზე და  პეპელასავით დაგვტრიალებდა თავზე. დარბაზი იქცეოდა ტაშით! სეზონის დახურვაზეც ითამაშა თავისი უკანასკნელი სპექტაკლი. განა ბევრი არტისტი იქნება მსოფლიოში, 88 წლის ასაკში რომ სცენაზე იდგა? განა ბევრს გაჰყვებოდა სცენიდან უსასრულოდ მგზნებარე ტაში? როგორც მისმა მეგობარმა, მსახიობმა დალი მაცაბერიძემ მითხრა, სწორედ სეზონის დახურვაზე უთქვამს სპექტაკლის შემდეგ: - ჩემთვის საკმარისზე მეტია, ბედნიერი მივდივარო.
მსახიობის ბედნიერება კი სულ ძაფზე ჰკიდია: სასურველი და ნაოცნებარი როლი ან აქვს, ან არა, ათასნაირი შეხლა-შემოხლისა და ინტრიგების მომსწრე ხდება კულისებში, ოჯახს იმდენ დროს ვერ უთმობს, რამდენიც უნდა, რომ დაუთმოს... ბევრია გულის ტკენა. მსახიობი თითქოს მართლაც ბეწვის ხიდით მიდის წარმატებისა და დიდებისაკენ... იქითა ნაპირზე გასულს კი შეიძლება სულაც დაავიწყდეს აქეთა ნაპირი. წარმატებასაც ხომ ახლავს სიამაყე და გულმავიწყობა! ოღონდ ქალბატონ მედეასთან ყველაფერი სხვანაირად იყო. ერთ-ერთი დაბადების დღე მეგობარმა მსახიობებმა აღუნიშნეს, მხოლოდ გოგონები იყვნენ რესტორანში. ქალბატონი მედეა უკვე დიდი და ცნობილი არტისტი იყო, სხვებსაც იცნობდნენ თეატრის მოყვარულები, მაგრამ... მედეა ჩახავამ ჭიქა აიღო და მეგობრები ადღეგრძელა: - გოგოებო, არ იფიქროთ, რომ მე თქვენზე ნიჭიერი ვარ! უბრალოდ, ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ასე აეწყო... თორემ ჩვენ ყველა ერთნაირები ვართო.
რამდენი დიდი მსახიობის დასახელება შეგიძლიათ, რომელიც მის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე ამ სიტყვებს იტყოდა? რამდენს გაიხსენებთ, მწვერვალზე დგომის წუთებში ყველაზე მეტად ის ადამიანები რომ ადარდებს, ვინც მასავით მწვერვალზე არ იდგა?
უკვე ავად იყო, საკმაოდ მძიმედაც... ჯემალ ღაღანიძემ დაურეკა და მოიკითხა: - თქვენ როგორა ხართ, ბიჭებო? ხომ ხართ კარგად! მაგრად უნდა იყოთ, მაგრად! არ გამაგონოთ თქვენი ცუდად ყოფნაო. ისე მიპასუხა, აქეთ დამაიმედა, აქეთ გულს მიმაგრებდაო, - ბატონმა ჯემალმა.
რა გასაკვირია, ქალბატონი მედეა ხომ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: - ყველაფრის გაძლება ღირს, იმიტომ რომ, ცხოვრება მშვენიერიაო... ჰოდა, ისიც უძლებდა. ბევრ ტკივილს უსიტყვოდაც ითმენდა, ზოგჯერ წყენისაგან "მუნჯდებოდა" კიდეც, ხმას აღარ იღებდა საერთოდ. მერე დრო გადიოდა და გულისტკენას ერეოდა, თმობდა, აპატიებდა. რაც მთავარია, სხვასაც აძლებინებდა...
მე არ გაგახსენეთ ქალბატონი მედეას როლები, არ მომიყოლია თქვენთვის მისი ცხოვრების სევდიანი და მხიარული ამბები, ამას სხვა წერილში მოვახერხებ. ახლა მინდა მისმა ყველა თაყვანისმცემელმა თვალი დახუჭოს და წარმოიდგინოს, რამდენი ძალა სჭირდება ადამიანს, რომ ასეთი კეთილი და მგრძნობიარე დარჩე იმ სიმაღლეზე, საიდანაც ყველაზე ნაკლებად იხედებიან ხოლმე ქვემოთ თანაგრძნობით...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები