ერიდეთ მკვლელ მძღოლებს - კვირის პალიტრა

ერიდეთ მკვლელ მძღოლებს

რომ არა იღბალი, შესაძლოა, ეს სტატია ვეღარც დამეწერა. რამდენიმე დღის წინ თბილისიდან რუსთავში საქმეზე მიმავალი კინაღამ მიკროავტობუსიდან გადმოვხტი.

არ გავგიჟებულვარ და არც კასკადიორობა მომნდომებია, უბრალოდ, ძალიან შემეშინდა. მძღოლი ავტომობილს ისეთი სიჩქარით მიაქროლებდა, ვიფიქრე, ეს-ესაა ცაში ავფრინდებით ან რამეს შევასკდებით-მეთქი. სამწუხაროდ, ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა თბილისიდან რუსთავში ყოველდღიურად მიმსვლელ-მომსვლელებისთვის. ამიტომაც მგზავრები მძღოლთა ზღვარგადასულ რბოლებს ისევე შეჩვევიან, როგორც ავარიებს.

რუსთავში ჩასულს კარგა ხანი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ვიფიქრე, თბილისიდან უბრალოდ გიჟი მძღოლი შემხვდა და უკანა გზაზე მშვიდად ვიმგზავრებდი. რუსთავში, მერიის შენობის წინ გაჩერებაზე მდგომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ხელი დავუქნიე. საბედნიეროდ, მძღოლმა ჩემი თხოვნა აინუნში არ ჩააგდო და "რკინის რაში" გააქროლა. მეც ორიოდე წუთში თბილისისკენ მიმავალ სხვა მიკროავტობუსში ჩავჯექი. რუსთავს გამოვცილდით თუ არა, გზატკეცილზე ავტომობილი ისეთი სისწრაფით გაფრინდა, რომ შიშისგან ხმას ვეღარ ვიღებდი. ფონიჭალაში გაჭიმული უზარმაზარი საგზაო საცობის გამო მძღოლმა "რაკეტა" იძულებით შეაჩერა. როგორც გაირკვა, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეფერხებულიყო მოძრაობა. შიშისგან გავხევდი, როდესაც გზის პირზე სწორედ ის მიკროავტობუსი დავინახე დალეწილი, რომლის მძღოლმაც რუსთავში არ გამიჩერა. სალონში არც ერთი სავარძელი არ იყო თავის ადგილზე. იქვე დაზარალებულებს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. შიშისგან დაზაფრულმა, მანქანის სარკმლიდან მაინც მოვახერხე ფაქტის ფოტოგრაფირება (პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილზე რომც მივსულიყავი, დეტალურად გადაღების უფლებას საპატრულო პოლიცია არ მომცემდა).

როგორც რუსთველებმა მითხრეს, მძღოლები დედაქალაქშიც და რუსთავშიც ტაატით დადიან, რათა როგორმე მეტი მგზავრი მოაგროვონ. გაფრენა ორი ქალაქის დამაკავშირებელ გზატკეცილზე იწყება, სადაც "დაკარგულ დროს" ინაზღაურებენ, რომ დანიშნულების ადგილზე ოფიციალური განრიგის მიხედვით გამოცხადნენ.

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ გზატკეცილზე მოძრაობა მხოლოდ 80 კმ/სთ სიჩქარით არის დაშვებული. მიკროავტობუსების მძღოლები კი 120 კმ/სთ სიჩქარით ისე დააქროლებენ ტექნიკურად გაუმართავ (ეს ცალკე თემაა!) ავტომობილებს, თითქოს სალონში ხალხის ნაცვლად ბამბის ფუთები ეწყოს.

ზურაბ ბეჟაშვილი, ექსპერტი: - ამ მძღოლებს კვირაში ორ-სამჯერ რომ გამოუწერო სიჩქარის გადაჭარბებაზე 15-ლარიანი ჯარიმა, მერე თვითონ მოიშლიან საბედისწერო ჩვევას. სიჩქარის გადაჭარბება დანაშაულია ნებისმიერ შემთხვევაში და მით უფრო, თუ ლაპარაკია სამარშრუტო მიკროავტობუსებზე. ამ დროს სწირავ არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს, არამედ საფრთხეს უქმნი შენ გვერდით მყოფ ადამიანებს. რაც უფრო მძიმეა მანქანა, მძღოლს მით მეტად უჭირს მანევრირება.

თბილისი-რუსთავის ტრასა სწორია, მძღოლები შურდულივით დაქრიან და ერთმანეთს სახიფათოდ უსწრებენ. თუ ორივე მხრიდან ერთდროულად გადაუსწრეს, ვიწრო გზა ოთხ ავტომობილს ერთ ხაზზე ვერ იტევს და ამიტომაც ხდება ავარიები. ზოგჯერ მგონია, რომ "მარშრუტკის" მძღოლები ზეგეგმით მუშაობენ, იღლებიან და ვეღარ აზროვნებენ. სხვანაირად ვერ ვხსნი, როგორ შეიძლება ასე თავაწყვეტილი დააქროლებდე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრაგიკული შემთხვევების რიცხვი კვლავაც საგანგაშო იქნება!

პ.ს. თბილისში მომავალს განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთ-ერთი მგზავრის ნათქვამი: "როცა სწავლა იწყება და ჩემი სტუდენტი შვილები ყოველდღიურად იწყებენ თბილისში სიარულს, დილაობით წნევა მიწევს ნერვიულობისგან. ვდარდობ, როგორ იმგზავრებენ მიკროავტობუსებით, რომელთაც მკვლელი მძღოლები მართავენ". არ მინდა დავიჯერო, რომ მძღოლებს, რომელთაც მოსახლეობა მკვლელებს ეძახის, არ ესმით, რას სჩადიან. არადა, ფაქტია, რომ არ ესმით.