როდის გვექნება საუკეთესო ზოოპარკი?! - კვირის პალიტრა

როდის გვექნება საუკეთესო ზოოპარკი?!

"უსურიის ვეფხვ სალიმასთვის ქმარი გვყავს ჩამოსაყვანი"

უკვე ორ წელზე მეტია, თბილისში ხმა დადის, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადააქვთო. თუმცა, როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, ზოოპარკი კიდევ კარგა ხანს დარჩება ძველ ადგილას, ხმაურიანი ქალაქი კი კვლავ დაუფრთხობს მყუდროებას ზოოპარკის ბინადართ.

ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს გავესაუბრეთ:

- ამბობენ, რომ ზოოპარკი სხვაგან გადააქვთ.

- ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.   ლაპარაკია  თბილისის ზღვის მიმდებარე, დენდროპარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 200 ჰექტარზე მეტია. ეს ტერიტორია ლანდშაფტის, მოსახერხებელი მისასვლელისა და სხვა ფაქტორების გამო იდეალური ადგილია ზოოპარკისათვის. ჯერ მაკეტიც არ არსებობს, მაგრამ არსებობს ტექნიკური მითითებები და იდეა, როგორი უნდა იყოს ახალი ზოოპარკი.

- და როგორი უნდა იყოს?

- ცხოველების ნაწილი ვოლიერებში იცხოვრებს, ამასთან, იქნება დიდი ვოლიერებიც, სადაც ცხოველები თავისუფლად იმოძრავებენ და მათ დასათვალიერებლად გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური ტრანსპორტით. განზრახული გვაქვს, ახალი ზოოპარკი ბიოგეოგრაფიულ განზომილებას ეყრდნობოდეს - ერთი ვოლიერი ერთი კონტინენტის ცხოველებს დაეთმობა.

როგორც ვიცით, ქალაქის მერიას სურს, საქართველოში იყოს საუკეთესო ზოოპარკი. ვიმედოვნებ, ეს ჩანაფიქრი განხორციელდება.

- ატრაქციონები ისევ იქნება?

- არა, რადგან ასეთი ხმაურიანი გასართობი ცხოველებს აწუხებს.  შესაძლოა, გაკეთდეს საცხენოსნო ბილიკები. ზოოპარკი გასართობი ადგილი არ არის. მისი ძირითადი  ფუნქცია იშვიათი სახეობების გადარჩენაა. სექტემბერში გავხდით ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების წევრობის კანდიდატი. ზოოპარკმა მიიღო საერთაშორისო სტატუსი.

ხუთი წლის შემდეგ წევრად მიგვიღებენ,  მანამდე კი ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. უკვე მოგვეცა ორგანიზაციის ყველა წევრთან ურთიერთობის,  უფასო ექსპერტიზის ჩატარების უფლება. გვყავს  მენტორი, ჰოლანდიის ერთ-ერთი ზოოპარკის დირექტორი. მისი საშუალებით შეგვიძლია ნებისმიერი ზოოპარკის დირექტორს მივმართოთ და მივიღოთ კვალიფიციური რჩევა. აქამდე ამას ძირითადად პირადი კონტაქტებით ვახერხებდით.

ასევე ჩავერთვებით ცხოველების ე.წ. უფასო გაცვლის ქსელში, ანუ ძალიან ბევრი ცხოველის უფასოდ მიღება შეგვიძლია. უკვე მივმართეთ სპილოს თაობაზე და ალბათ 2012 წელს ახალი სპილო გვეყოლება. ამჯერად გვყავს დედა-შვილი. შვილი მამრია და, სამწუხაროდ, მასთან განშორება მოგვიწევს, მაგრამ ძალიან კარგ ზოოპარკში მოუწევს ცხოვრება, ევროპაში. მისი ტრანსპორტირება ჯერ არ შეიძლება, ამიტომაც 2013 წლამდე ჩვენთან დარჩება. უსურიის ვეფხვ სალიმასთვის კი ქმარი გვყავს ჩამოსაყვანი.