მათ რა იცოდნენ, რა ნიჭი აჩერებდათ - კვირის პალიტრა

მათ რა იცოდნენ, რა ნიჭი აჩერებდათ

იმ ღამის თეთრი დარბაზი, მუსიკა და ნახატებში მიმალული ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა, მეც ზღაპარივით უნდა დავიწყო: იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩუმფიქრიანი ბიჭი - თავის თაობასავით. მისი ბავშვობაც ომით დატოვებულ სიდუხჭირეში მუხლებგადახეხილი შარვლით მიაბიჯებდა.

სხვები უფრო ლაღები იყვნენ და იმ შარვლებს ქუჩაში ფეხბურთის თამაშით კიდევ უფრო იხეხავდნენ. ეს ბიჭი კი ფეხბურთს არც ისე დიდხანს თამაშობდა, სევდიანი იყო და სევდას უფრო ხშირად ხატავდა ხოლმე. მართალია, ეს ბიჭები, ყველანი, ძალიანაც მაგრები იყვნენ (უნდა ჩამოვთვალო, ვისზე ვლაპარაკობ:

გურამ რჩეულიშვილი, გურამ გეგეშიძე, ვაჟა გიგაშვილი, დიმიტრი ერისთავი...), მაგრამ ამ ბიჭის მხატვრობისა მაშინ ჯერ კიდევ არაფერი გაეგებოდათ. თუმცა, როცა ბიჭთან შუბლზე ოფლგადახვითქული შეცვივდებოდნენ, მისი ნახატების წინ უნებურად მოკრძალებით შეჩერდებოდნენ ხოლმე... მათ რა იცოდნენ, რა ნიჭი აჩერებდათ.

მერე აღმოჩნდა, რომ ეს სევდიანი ბიჭი, თემო ჯაფარიძე, უკვე ძალიან მაგარი მხატვარი დამდგარიყო. იმდენად მაგარი, რომ საბჭოთა მხატვრობას ჯანყი გამოუცხადა - მე სხვანაირად უნდა ვხატო, არ მომწონხარო. თუ არ მოგწონვარო და - ჯახირობდნენ მისი მეგობრები, გაამართვინებდნენ გამოფენას და სუკი სამ დღეში ხურავდა. ერთხელაც, ეგრე არ უნდაო და, ხალხმა საგამოფენო დარბაზის კარი შეამტვრია - ამბობენ, 1968 წელი იყოო.

KvirisPalitra.Geსევდიან ბიჭს რა გამოასწორებდა, სევდიან მხატვრად დარჩა. ვინც დახატა, ისინიც სევდიანები არიან. თვითონ გეტყვის, - სევდიანები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საბრალონიო!

იმ საღამოსაც ბევრი არაფერი უთქვამს მხატვარს - რა ბედნიერებაა, რომ დღეს მოხვედით, ეჭვი მქონდა, თითქოს არ გიღირდითო.

თუმცა ღირებულებები არ კვდება, უბრალოდ, გვერდზე გადაიწევა ხოლმე. მერე უსათუოდ გამოჩნდება ვინმე, ვინც იფიქრებს, ამას რას ვშვრებითო, დავიწყების მტვერს გადაწმენდს და ზედაპირზე ამოიტანს. მხატვრის ნახატები სრულად გამოიცა და სტუმრები და მეგობრებიც აღტაცებულნი იყვნენ. მერე რა ხალხი - ქვეყნის სამსახურში გაჭაღარავებული! უხაროდათ - თემოს აუხდენელი ოცნება ახდაო.

კიდევ რა ოცნება აქვს ბატონ თემოს-მეთქი, - ვკითხე მისი ბავშვობის მეგობარს, ისტორიკოს თეიმურაზ ბერიძეს. იცი, რაო? ერთხელ მე და მაგან მთელი ღამე ჭიქა ღვინოზე გავათენეთ, გამთენიისას ვუყურებდით, მზემ მთაწმინდა როგორ შეღება, საოცარი ფერი იყო, - ჭუკისფერი. თემურს უნდა, ისევ გავათენოთ ღამე და მთაწმინდაზე ისევ დავინახოთ ჭუკისფერი მზე. სულ მეუბნება, - ამას ჩვენ ისევ გავაკეთებთო... მერე-მეთქი? მერე გული ყოველთვის ახალგაზრდაა, მაგრამ განა სხეული ისევ მიჰყვებაო.

მეც გულწრფელად ვუთხარი, - არა უშავს, ეგ ჭუკისფერი თემო ჯაფარიძის ნახატებში სამუდამოდ დარჩება-მეთქი. ჰო, ეგრეაო! მერე რაღაცებიც მიამბო: - სახეზე ხომ ატყობთ, როგორი კაცია. სულ ასე იყო, - შინაგანი სევდა ჰქონდა, მაგრამ ისეთი კი არა, ვინმე შეეწუხებინა, თავის თავსა და ნახატებში ჰქონდა ჩაკეტილი. ამიტომ მისი ნახატები თითო ნოველაა. უყურებ და ნოველა თავისით იწერება.

სულ ღია იყო მაგისი სახლის კარი, სულ ვიღაც მიდიოდა და მოდიოდა. სულ იყო ღვინო. დავსხდებოდით და ვლაპარაკობდით.

KvirisPalitra.Geვიბრძოდით, დროს ვებრძოდით ჩვენებური ხერხით. ვინ აღარ ვიკრიბებოდით: გურამ გეგეშიძე, თამაზ ჩხენკელი, კოკა იგნატოვი, გურამ რჩეულიშვილი... თემო და გურამი სახლის ჭერზე აკრავდნენ ნახატებს, აიხედავდი და დაგყურებდნენ ზემოდან, აღარ იყავი ამ სამყაროში...

- რომელსაც ვერ ეგუებოდით, ხომ?

- ჰო. მეამბოხეები ვიყავით. მაგრამ კაცი ყველა სამყაროში, ყველა დროში უნდა იყოს მეამბოხე, ვინც ასეთი არ არის და ყველაფერს ეგუება, არ ვარგა ის კაცი.

- ალბათ მართალი ხართ. ყოველ შემთხვევაში, თქვენი თაობის ამბოხმა ქართულ ხელოვნებაში დიდი სახელები მოიტანა, მათ სხვა იარაღი არ ჰქონდათ, დრო თავიანთი ხელოვნებით შეცვალეს - მწერლობით, პოეზიით, მხატვრობით...

- ასე იყო, თუკი ვინმე დაგვინახავს. მაგრამ თუ არ დაგვინახავს, ეგეც არ არის დიდი ამბავი. ჩვენ ჩვენი გზა გავიარეთ და რაც ამ გზაზე რჩება, აგერ, თქვენ წინ არის. როგორც თემო იტყვის, - ჩვენი ნება არ იყო, ისეთები არ ვყოფილიყავით, როგორებიც ვართ...