"აქ უნდა აშენდეს ტაძარი და მოედანს დაერქვას ასი ათასი მოწამის სახელი" - კვირის პალიტრა

"აქ უნდა აშენდეს ტაძარი და მოედანს დაერქვას ასი ათასი მოწამის სახელი"

ცოტა ხნის წინ პარიზში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ცნობილი ბრენდ-რესტორნის "ბუდა ბარის" საქართველოში გახსნის შესახებ. თბილისური "ბუდა ბარი" რიყეზე აშენდება და 1400 კვადრატულ მეტრს დაიკავებს.

15 წლის წინ პარიზში გახსნილ "ბუდა ბარს" უკვე რამდენიმე ფილიალი აქვს მსოფლიოს დიდ ქალაქებში და გართობისა და დასვენების ლუქსკლასის კატეგორიას განეკუთვნება.

17 ნოემბერს პარიზში თბილისური "ბუდა ბარის" გახსნის თაობაზე ოფიციალურ შეთანხმებას წინ უძღოდა 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს პატრიარქის მიერ გაკეთებული მინიშნება, რომ რიყეზე ბუდას ქანდაკება არ უნდა დაიდგას.

მეტეხის ხიდთან, იქ, სადაც საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი ქრისტეს რჯულისთვის ეწამა, მათი ხსენების დღეს უკვე მესამე წელია, ტრადიციული მსვლელობა ეწყობა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. 13 ნოემბერსაც მრევლი წმინდა ადგილისკენ დიდუბის პანთეონიდან, ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან და მეტროსადგურ "ისნიდან" წამოვიდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა და შემდეგ მრევლს მიმართა. მეტეხის ხიდი ის ადგილია, სადაც თბილისის ისტორია ყველაზე უკეთესად იკითხება. აქ აწამეს ჯალალედინის ბრძანებით ასი ათასი ქართველი იმის გამო, რომ მათ უარი არ თქვეს ჭეშმარიტ რჯულზე და ხიდზე დადებულ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატებს შეურაცხყოფა არ მიაყენეს. ამ დღეს მრევლს აქ ყვავილები მოაქვს და წმინდანების პატივსაცემად მტკვარს ატანს.

მიუხედავად პატრიარქის მინიშნებისა, 17 ნოემბერს თბილისში "ბუდა ბარის" გახსნაზე ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერა და თბილისში საზოგადოებრივი აზრი ორად  გაიყო: ერთი ნაწილი ამბობს, რომ დედაქალაქში, თანაც რიყეზე, ბუდას ქანდაკების დადგმითა და მისივე სახელობის რესტორნის გახსნით არაფერი დაშავდება, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ წმინდა ადგილზე, სიონის საკათედრო ტაძრის წინ ბუდას აღმართვა დაუშვებელია.

"ბუდა ბარის" გახსნას არა მარტო თბილისში, ჯაკარტაშიც ეწინააღმდეგებოდნენ. ბუდისტებისთვის მიუღებელია მათი ღმერთისა და რელიგიური ატრიბუტიკის გასართობ და კვების დაწესებულებაში გამოყენება. ჯაკარტის მერის ქალიშვილის გადაწყვეტილებას, "ბუდა ბარი" გაეხსნა, მწვავე პროტესტით უპასუხეს ბუდისტმა სტუდენტებმა. მათ სასამართლოშიც კი იჩივლეს და გაიმარჯვეს. თუმცა, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ "ბუდა ბარს" სახელი შეუცვალეს, შინაარსი კი ბუდას ქანდაკებასთან ერთად უცვლელი დარჩა.

KvirisPalitra.Geრატომ არ უნდა დაიდგას რიყეზე ბუდას ქანდაკება და რატომ უნდა გაიხსნას თბილისის სხვა ტერიტორიაზე "ბუდა ბარი", ამის შესახებ კარის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ფირცხალაშვილი გვესაუბრება:

"ქრისტიანობის გარიჟრაჟზე წირვა-ლოცვები ტარდებოდა მოწამეების საფლავებზე. ამიტომაც ისრაელში, სადაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, კერპის ქანდაკება და საკერპოები დადგეს, ქრისტიანები რომ არ მისულიყვნენ სალოცავად. ახლა იგივე კეთდება თბილისში. "ბუდა ბარი" რესტორანია და იმ რესტორანში თუ ვინმეს ვიღაცის ან რაღაცის ქანდაკება უდგას, მისი ნებაა, მაგრამ

მე ის მაოცებს, თბილისის მერი რომ ამბობს ტელეეთერში, ჩვენს დედაქალაქში "ბუდა ბარი" გაიხსნება, რადგან ტოლერანტები ვართო. რა შუაშია ტოლერანტობა რესტორანთან?

ჩინურ, ტაილანდურ და სხვა რესტორნებს კიდევ ერთი უცხოური თუ მიემატება, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ როგორც თბილისის მერი ბრძანებს, ის ეტოლერანტება თბილისში არა ახალი რესტორნის, არამედ ბუდისტური ტაძრის გახსნას. ვიმეორებ, რა შუაშია რესტორანი და ტოლერანტობა? ანუ ეს სინამდვილეში რესტორანი არ არის? თუ ეროვნული მთავრობა ხარ და ერის გაზრდა გსურს, რიყე ისე უნდა მოაწყო, რომ ყველამ, შინაურმა თუ ტურისტმა, შეიტყოს, როგორი ხალხი გვყავდა: სარწმუნოებისთვის თავგანწირული, ხატს ფეხს არ აბიჯებდა.

KvirisPalitra.Geეს უბრალოდ ხატზე დაბიჯება კი არა, საკუთარი თავის, ინდივიდუალიზმის შენარჩუნება იყო. კვდებოდნენ, მაგრამ ამ სიკვდილით იმარჯვებდნენ სწორედ სიკვდილზე. სტუმარს უნდა აუხსნა, რატომ გაწირა იმ ხალხმა თავი, რისთვის, ბნელები და ბრმები კი არ იყვნენ, როგორც დღეს ზოგიერთი ათეისტი მოთქვამს, არამედ არ დამდაბლდნენ იმ ხროვამდე, რომელიც ველური პრინციპების თავს მოხვევას ცდილობდა ქართველებისთვის.

"ბუდა ბარით" რას გააკვირვებ ტურისტს? მგონი, 15 ქვეყანაში ჰქონია ამ კომპანიას რესტორნების ქსელი. ამ გადამღერებულის გადმოტანა რად გინდა? შენი გააკეთე, ძლიერი, მისაბაძი. აი, ასი ათასი მოწამის ამბავს რომ მიაწვდი, თანაც გასაგებად და მის არსზე დააფიქრებ, ეს იქნება საინტერესო. თუ ძალიან უნდათ ეს რესტორანი,  "ბუდა ბარი" სხვა ადგილზე გახსნან. რიყიდან ხომ აყარეს რესტორნები, აქ მაგათი ადგილი არ არისო. ვეთანხმები, არც "ბუდა ბარის" ადგილი არ არის რიყეზე.

სამწუხაროდ, მე არაფერი მიკვირს ამ ვითომ სემინარიადამთავრებული მთავრობის წევრებისგან. მაგათი სულიერი სახე მაშინ გამოჩნდა, გინესის წიგნში შესასვლელად საცივი და გრანდიოზული ხაჭაპური რომ გააკეთეს მძიმე მარხვაში.

ეს უსახური სანახაობაც რიყეზე მოაწყვეს.  დავფიქრდეთ, რატომ? არსებობს ადგილები, სადაც განსაკუთრებით ებრძვის ერთმანეთს ბოროტი და კეთილი. ასეთი ადგილი საოცარი მადლის მქონეა. იქ არის ბრძოლის ველი, სადაც შენი საქციელით, ლოცვითა და სათნოებით უნდა გაიმარჯვო. მე სიამოვნებით მივაწვდი მათ იდეას: 13 ნოემბერს აღვნიშნოთ თბილისობა. ასი ათასმა თბილისელმა რომ უარი თქვა მონობაზე, ეს არის საზეიმო.

- თქვენ დიდი ხანია ევროპის მოედნის სახელწოდებაზეც გაქვთ იდეა.

- დიახ, მოედანს ევროპის სახელი რომ დაერქვა, მრევლმა მოისურვა მისი გადარქმევა და ასი ათასი მოწამის სახელის მინიჭება. ხელმოწერებიც გაკეთდა და მერიაში შევიტანეთ, მაგრამ ამაოდ. ჩვენ არ მოგვითხოვია ნიშნის მოგებით არაფერი, ვხსნიდით თხოვნის არსს, რომ გააზრებული ყოფილიყო ამ ადგილზე მომხდარი უდიდესი ისტორიული და რელიგიური მოვლენის არსი და იმის გათვალისწინებით შეერჩიათ მოედნისთვის სახელი.

ასი ათასი კაცის მოწამეობის ადგილს რომ ევროპის მოედანს არქმევ, ჩანხარ, ვინც ხარ, ფესვიდან მოწყვეტილი, რომელიც ისტორიას არც ცნობს და არც იაზრებს კონკრეტული მოვლენების არსს.

ნებისმიერ ქვეყანასა და ქალაქს ასეთი ფაქტი რომ ჰქონდეს, ეს იქნებოდა მისი სავიზიტო ბარათი. ამაზე უარის თქმა და დაუნახაობა იმას ნიშნავს, რომ ქართული ღირებულებები არ მოგწონს.

ამაზე არ გაამახვილა ხალხმა ყურადღება და ამიტომაც ახლა ბუდას ქანდაკებას დაუდგამენ, მერე კიდევ რა იქნება, კაცმა არ იცის. აქ უნდა აშენდეს ტაძარი და მოედანს დაერქვას ასი ათასი მოწამის სახელი - მეტი რა უნდა გითხრას მოძღვარმა, ჭიდაობას ხომ არ დაგიწყებს?