ძველი წელი ძველებურად ჩათავდა - კვირის პალიტრა

ძველი წელი ძველებურად ჩათავდა

ასე იყო ყოველთვის... დიდი თავსატეხი, პატარა სიხარული და დიდი იმედი, ჩვენი გზა რწმენისკენ მიდის...

როგორც მთელმა ქვეყანამ, დედაქალაქმაც გააცილა ძველი წელიწადი და როგორც მთელი ქვეყანა ძველ წელიწადს დედაქალაქიც ძველებურად ცხოვრობდა, - დიდი თავსატეხით, პატარა სიხარულით და... დიდი იმედით. მოკლედ, ქართველი კაცივით. ძალიანაც კარგი, -  "მიჭირს-მიჭირს" ძახილით რა გამოდის?

ერთი სიტყვით, დეკემბერი შუამდე არ იყო მოყრილი, რომ დედაქალაქში ნაძვის ხე მორთეს. თანაც ისეთი, თუ ბიჭი ხარ, ჩაუარე და თქვი, რა ახალი წელი, რის ახალი წელი, რა მეზეიმებაო! მაგრამ ხომ არიან ადამიანები, რომელთაც ნაძვის ხისთვის არც შეუხედავთ. მაგალითად, დეზერტირების ბაზარში ცელოფანის პარკების გამყიდველი ქალები. აი, ისინი, თბილი ზამთრის სუსხიან დღეებში თერმოსით ჩამოტარებული ცხელი "რასტვარიმი" ყავა გუნებას რომ უკეთებთ და... ზამთრის ერთი დღეც გადაგორებულია.

KvirisPalitra.Geთუმცა, წლევანდელ ზამთარს რა გადაგორება უნდა! იანვარია და ქუჩებში მკერდშიშველი გოგონები მირბი-მორბიან, მეყვავილეები კი იებს ყიდიან. "კვირის პალიტრის" რედაქციასთანაც დილიდან საღამომდე იებით ხელში ზის მოხუცი პაპა - ოთხ კონას ორ ლარად ყიდის. ბევრია? სულაც არა, მის იებს ხომ ისეთი სურნელი აქვს, როგორიც აპრილში ბუჩქის ძირას გამოფენილს. გაკვირვებული იკითხავ, ამ შუა ზამთარში სათბურის იებს ნამდვილი იების სუნი აქვთო? პაპაც გიპასუხებს, - მა რა იქნება, ამ ზამთარს ისეთი სითბოებია, სათბურის კარი სულ ღია მაქვსო.

KvirisPalitra.Geზამთრის თბილი დღეები ჩვენს დარდიმანდებზეც "ზედგამოჭრილი" აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის, კორპუსების ეზოების ფანჩატურებში მეფეებივით სხედან და რაც 2011 დაიწყო, მის სადღეგრძელოს სვამენ. რატომაც არა, ჰაერზე პურსა და ღვინოს სხვანაირი გემო აქვს...

ქალებს კი ქეიფის თავი სადღა აქვთ, - ახალი წლის ღამეს ხომ საცივში "ჩაიხოცნენ", ახალი წლის შემდეგ - ღვინით შეღებილი იატაკების რეცხვაში. ახლა კაცები ძველით ახალ წელს მოიმიზეზებენ და ისევ ღვინოს ჩაუსხდებიან, ქალები ისევ სამზარეულოში გააგრძელებენ ფუსფუსს.

KvirisPalitra.Geდა ერთიც: შარშან იყო დღე, როცა "სრულიად ქალი და კაცი" "ერთ სულ" იდგა მეტეხის ხიდზე. ამდენი ქართველი ერთად რამდენი  წელიწადია თბილისს არ ახსოვს: 100000 ქართველი მოწამის დღეს საქართველოს სულიერმა მწყემსმა, - მოდითო და ორჯერ ასი ათასმა ქართველმა "მოქარგა" მტკვარი თაიგულებით.

მოწამეთა სახელზე წყალში მოფენილ ყვავილებს მტკვარი უსასრულო ხალიჩასავით მიატივტივებდა. ალბათ, მტკვარს ამაზე დიდი სილამაზე არ ახსოვს, ალბათ, არც იმედი, - თუ ვინმეს გზადაკარგული ვეგონეთ, ახლა ნახოს, ჩვენი გზა საითკენ მიდისო, - ამბობდა ხალხი.

ჩვენი გზა რწმენისკენ მიდის. ასე იყო ყოველთვის, ასე იქნება წელსაც, იმის მომდევნო წელსაც და კიდევ, იმის მომდევნოსაც...