მტკვარი ჩვენი არსობისა - კვირის პალიტრა

მტკვარი ჩვენი არსობისა

"მოგვცენ სხვა სამუშაო და ნახონ, ქუჩაში თევზის გასაყიდად თუ ვინმე დადგება"

მტკვარზე იმდენი დაწერილა და თქმულა, შეიძლება იფიქროთ, ნეტა ახალი რაღა უნდა იყოსო, მაგრამ რადგან მდინარე ყველა ქალაქში სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლე კი ამოუწურავი თემა, ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ის ჩემთვის მაშინ დაიწყო, როცა სანაპიროზე ტაქსით მიმავალმა ჯოხზე აცმულთევზებიანი კაცის დანახვაზე ცხვირი ავიბზუე, ნეტა იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც მტკვარში დაჭერილ თევზს ჭამს-მეთქი!

მეგონა, მძღოლიც თანამიგრძნობდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, სახე შეეცვალა და - რა გინდა, რას უწუნებო?! სერიოზულად მეკითხები-მეთქი? რა მეხუმრება, ნეტა მტკვარში დაჭერილი თევზის ფული ყოველდღე მომცა, ფხიანად შევჭამდიო! ასეთი რა ღირს-მეთქი. ბაზარში არ დადიხართ, ქალბატონო, 8-დან 40 ლარამდე ურტყამს მტკვრის თევზის ფასიო, - მომიგო ამაყად და ჩემი მტკვარში თევზაობის ანტიარგუმენტიც ნაცარტუტად აქცია. არადა, მინდოდა მეთქვა: მთელი თბილისის ნაგვით გაჟღენთილ თევზს პირი როგორ უნდა დააკარო-მეთქი.

სამაგიეროდ, მერე ვილაპარაკე მეთევზეებთან და აი, რა გავიგე: დახლებზე "გამოჭიმული" ტარანი, ზოგიერთი გამყიდველი ასტრახანისად რომ გვასაღებს 8 ლარად, თურმე მტკვარში დაჭერილი ნაფოტა არ ყოფილა?! ერთ-ერთმა კი, ვისაც სანაპიროზე დროშასავით უჭირავს ჯოხებზე ასხმული მტკვრის "ნაალაფარი", შეკითხვაზე, რა ღირს-მეთქი, გულმოსულად მესროლა, 20 ლარიო! მისი გულმოსულობა სულაც არ მწყენია, - პროფესიონალს გამჭრიახი თვალი აქვს და, როგორც ჩანს, მყიდველი რომ არ ვიყავი, ეგრევე ამოიკითხა. სიტყვის მასალად მაინც ვკითხე, ცოტას არ დაუკლებ-მეთქი და - წადი, გაიარეო, - მომაძახა. მეც "გავიარე". შენ იკითხე, კლიენტს რომ დაკარგავ-მეთქი. მაგრამ ხუთიოდე მეტრითაც არ ვიყავი გაშორებული, მანქანამ დაამუხრუჭა და ოცლარიანმა "ხრამულებმა" ვიღაცის საბარგულში ამოყო თავი. გუნებაზე მოსულმა მეთევზემ ცერი ასწია და ლაპარაკიც გამიბა: მტკვარში დაჭერილ "ცოცხალზე", 40-ლარიან "წვერაზე", ლოქოზე, სქელშუბლაზე და... თევზაობით შენახულ ჯალაბზე.

KvirisPalitra.Ge- ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ ის "ცოცხალი", კილოში თხუთმეტ ლარს რომ ვაძლევთ, ამ მოტივტივე ნაგვის პარკების ქვეშ დაცურავს?

- ეგრეა. აბა, რა გეგონათ?!

- მერე, ხალხი ბავშვებისთვის რომ ყიდულობს?

- მერე რა, საცავებში გაზრდილ უგემურ კალმახს აღარ სჯობია?! რა შეშინებული მეკითხები?

- აბა, რანაირად ვიკითხო, რაც მტკვარში წუმპე ჩადის, თავად მტკვარიც ვერ რეცხავს და ადამიანის ორგანიზმი რას მოუხერხებს, თანაც ბავშვის?

- თქვენ არ მოგწონთ მტკვრის თევზი, თორემ ბევრი მაგისთვის სულს ლევს. როგორ გგონია, ხალხი გიჟია, რომ ჭამს? ჯერ ვის რა ავნო?! ეგრე რომ იყოს, მტკვარში გაზრდილი წვერა 40 ლარი კი არ ეღირებოდა. ანდა მეთევზეები რა გიჟები გვნახე, მთელი დღე ქუჩაში ისე ვიყოთ დაყუდებულები, კლიენტი ზედ არ გვიყურებდეს. რაც უფრო დიდია თევზი, მით მეტი მყიდველი ჰყავს.

- მაინც რამდენკილოგრამიანი შეიძლება იყოს ეგ თქვენი ძვირფასი ნადავლი?

- მტკვრის ყველაზე ძვირფასი თევზი წვერაა. ეგ ათკილოიანიც ყოფილა. 5-კილოიანი წვერა ცოტა ხნის წინ დაიჭირეს ბიჭებმა - ეგრევე გაიყიდა.

- უყურე შენ! იმიტომაც არის, დილის ხუთ საათზეც დამინახავს ქუჩაში მტკვრისკენ ანკესით მიმავალი მეთევზე.

- დაინახავდი. შუადღისას დაწყებული თევზაობით რა ხეირია? სხვა სამუშაო რომ იყოს, კი ბატონო, მაგრამ ახლა მტკვარია ჩვენი მარჩენალი, ორასამდე მეთევზე მაინც ინახავს ოჯახს, თქვენ რომ ამრეზით უყურებთ, იმ თევზით. ტონობით თევზი გადის მტკვრიდან ბაზარში. გადაგვარჩინა, რა!

- თუ ასეა, რაღას წუწუნებთ ხოლმე, რაც დრო გადის, მდინარეებს თევზი აკლდება, მტკვარს - მით უფროო?

- ეგ თქვენი საქმე არ არის, წუწუნი და ტრაბახი მეთევზის საქმეა, თორემ მართლა მასე კი არ არის. წელს, მაგალითად, წვრილი თევზი სულაც დაგვემალა და მხოლოდ მსხვილი ხრამული მოჰყვება ანკესს.

- ესე იგი, ჭუჭყმა გაამსხვილა?

- რას აიჩემეთ ეს ჭუჭყი და ნაგავი!.. გეკითხებით, მტკვრის თევზით დახოცილი ხალხი გინახავთ?! მტკვრის "კაფჩონს" ვინც ჭამს, რომელი ნახე გასვენებული?! თანაც ეკოლოგები ამბობენ, მტკვარში დაბინძურება ზღვარზე დაბალიაო!

- მეტი თქვენ რა გითხარით, ეკოლოგებისა არაფერი იცოდეთ. არ გეშინიათ მაინც, ამ მტკვრის "კაფჩონს" რომ გაიძახით? ხომ იცით, თევზის კუსტარულად შებოლვა აკრძალულია!

- "ლიფსიტებს" ვინ რას გვერჩის! მაგათ "მსხვილ-მსხვილი" ხალხი მოუდით თვალში მტკვრის თევზებივით. ტრასაზე ბიჭები წყალსაცავების თევზსაც ყიდიან, თითო 2-3-კილოიანია. ამას წინათ ჩამოიარეს, საგადასახადო იყო თუ მერია, ჩვენ რას გავიგებთ, - 10 ცალი სქელშუბლა ააცალეს - აქ დამდგარი არ დაგინახოთო. მისცენ სხვა სამუშაო და ნახონ, ქუჩაში თევზის გასაყიდად თუ ვინმე დადგება. სულ გაწმინდეს ბიჭებმა ტრასა ფიჩხისგან - ცეცხლს ანთებენ. რომ არ დაანთონ, დილაობით ისეთი სუსხია, გაიყინებიან.

- თქვენ რომ იყინებით, ამაზე რატომ არაფერს ამბობთ?

- სამაგიეროდ, უკვე 20 ლარი მაქვს, წავალ და ცოლ-შვილს პურს ვუყიდი.

დავემშვიდობე ჩემს მეთევზეს და წამოვედი, ის - მხარზე უკვე თევზებჩამოკრეფილი ჯოხით, ჯიბეში 20-ლარიანით და გულში იმედით - ოჯახში რაიმეს მივიტანო, მე - ჩემი ფიქრებით, შენ გაიხარე, მტკვარო, რა ვიცოდი, რომ თბილისის მხოლოდ გაჭირვების მოწმე კი არა, ხანდახან მარჩენალიც ყოფილხარ-მეთქი. უკან კი ორივეს მტკვარი და ბარათაშვილი "მოგვყვებოდა" - "წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად"...

მაგრამ სევდა მაინც რომ არ გამიქრა?..