ჭადარი - კვირის პალიტრა

ჭადარი

თბილისურ ჭადრებს ვინ არ იცნობს... საქართველოს დედაქალაქში რომ ცხოვრობ, ან სტუმრად ხარ, აუცილებლად გაიგონებ ათასგვარ ამბავს ამ ხეებზე. იმასაც გეტყვიან, რომ რუსთაველზე ყველა ჭადარს თავისი პატრონი ჰყავდა - ერთი ილიასი იყო, მეორე ლადოსი, მესამე - მირზასი... უნახავთ ჭადარი მასზე დანით ამოკაწრული გაუმხელელი საიდუმლოთი, მაგალითად: "ნანა, მიყვარხარ. ლექსო." ის ნაკაწრი ახლა უკვე თითის სისქეზე უფრო მსხვილია და მალე სიტყვებს ვეღარც გაარჩევს კაცი. უნახავთ ისეთი ჭადარიც, სატრფოს ფანჯრისკენ თითქოს საგანგებოდ გაწვდილ ტოტებს რომ ახვედრებდა შეყვარებულ თბილისელ ბიჭს. ისიც თავპირისმტვრევით ადიოდა შებინდებულზე და განათებული ფანჯრის ყურებაში ატარებდა საათებს.

მეც თბილისელი ვარ და ამიტომ რაც უნდა დიდი წარსულისა და მხიარული ამბების პატრონ ჭადარს შევხვდე, არ გამიკვირდება... ერთმა ჭადარმა კი მაინც გამაკვირვა. ის ყველაზე მორცხვია. დგას თავისთვის და შიშველ სხეულს მისხალ-მისხალ იფარავს ფოთლებით. ლამის ვკითხე: რა ამბავია, ბუჩქი ხარ თუ ჭადარი-მეთქი. გული კი უცნაურად გამითბა მის შემხედვარეს. რა მოხდა მერე - იყოს ბუჩქივით. ჩვენც - ადამიანებიც ხომ სხვადასხვანაირები ვართ. ზოგი თამამია, ზოგი - ამაყი, ზოგი - ურჩი, ზოგიც - მორცხვი.

რაღა ამ ჭადრისა ვერ უნდა გავიგოთ...

დაფაროს სასაცილოდ თავისი სიშიშვლე... ძალიანაც უხდება ჩემს თბილისს.