მოშივებული ვირები სუპერმარკეტებსაც სტუმრობენ - კვირის პალიტრა

მოშივებული ვირები სუპერმარკეტებსაც სტუმრობენ

ბილისის ქუჩებში ვირები დასეირნობენ. როგორც თბილისელები ამბობენ, დროდადრო ხან ვაჟა-ფშაველას გამზირზე,  ხანაც ვაკე-საბურთლოს გზაზე დადიან. უწყინარი არსებები არავის არაფერს უშავებენ და ხშირად სტუმრობენ სუპერმარკეტებსა და ხილ-ბოსტნეულის მარკეტებს(?!).

იმ დღეს მეც ასეთი სანახაობის მოწმე გავხდი. ვაჟა-ფშაველას VI კვარტალის ერთი სუპერმარკეტის კიბესთან ვირი იდგა და ისეთი მომლოდინე თვალებით მისჩერებოდა კარს, ერთი პირობა ვიფიქრე, პატრონი მაღაზიაშია შესული და ელოდება-მეთქი. ის იყო მოფერება გადავწყვიტე, რომ გამვლელმა შემაჩერა, არ მიუახლოვდე, რა იცი, რა სჭირსო.

- რას ბრძანებთ, ბატონო, სახედარი ყველაზე უწყინარი ცხოველია. ნეტავ ვინ გაიმეტა და ქუჩაში გამოაგდო.

- ეგ რა არის, გუშინ ოთხნი იყვნენ. ოთხივე ამ მაღაზიის წინ იდგა, დღეს კი რატომღაც მხოლოდ ერთია.

KvirisPalitra.Geგადავწყვიტე, გამერკვია, საიდან და როგორ გაჩნდნენ ვირები დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში და რატომ დაეხეტებიან უპატრონოდ? ხალხი გაოცებულია, "მაგდანები" ახლაც რომ "ლურჯებით" დადიოდნენ, ვიფიქრებდით, რომ სახედრები მემაწვნეებს დაეკარგათ. პატრონები რომ არ ჩანან, გული გვტკივა, ვშიშობთ, უპატრონო ცხოველები მაწანწალა ძაღლების კერძი არ გახდნენო. საოცარია, როგორც ცნობილია, სახლიდან წასული ვირი ყოველთვის აგნებს უკან დასაბრუნებელ გზას და ამ ვირებს რა დაემართათ.

"კვირის პალიტრა" ვირების ასავალ-დასავლის გასარკვევად ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ზოოპარკისთვის ჩვენამდე საპატრულო პოლიციას მიუმართავს თხოვნით, როგორმე ვირების დაჭერაში დაგვეხმარეთო.

ზურაბ გურიელიძე: "ცოტა ხნის წინ  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაგვირეკეს, ვაჟა-ფშაველაზე ორი ვირი ვნახეთ და იქნებ მიხედოთო. გავიდნენ ჩვენი თანამშრომლები მოსაძებნად, მაგრამ ვეღარ ნახეს.

ვერ ვხვდები, საიდან უნდა მოსულიყვნენ. ერთ დღესაც ჩვენთანაც შემოვლენ, ალბათ, ერთხელ სამი ვირი შემოვიდა ზოოპარკში. ვუპოვეთ გზაარეულებს პატრონი და სახლში დავაბრუნეთ. ზოოპარკში ორი ვირი გვყავს. ერთი ვიყიდეთ, მაკედ იყო და ორი გახდა. თავს მშვენივრად გრძნობენ.

მოქალაქეების საყურადღებოდ: ვირის ნუ გეშინიათ, სრულიად უწყინარი ცხოველია. პატრონი თუ ვერ დაინახეთ სადმე და შენიშნეთ, რომ ვირი უპატრონოდ დაეხეტება, დაგვირეკეთ ან საპატრულო პოლიციას მიმართეთ. ჩვენ რომ წამოვიყვანოთ ვირები, შეიძლება პატრონი მოგვადგეს და ქურდობა დაგვწამოს".

KvirisPalitra.Geვის გაუგია ვირი ჰაერში?!

სამხრეთ რუსეთში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, ტურისტული სააგენტოს თანამშრომლებმა ვირი ჰაერში გაუშვეს პარაშუტით. აქციის ორგანიზატორების მიზანი იყო ასე მიეღწიათ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის. ჰაერში ფეხებმოსავსავე ვირი ყროყინებდა, შეშინებული ბავშვები ტიროდნენ, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, პოლიციისთვის დაერეკა. თუმცა, სასწაულებრივად, ზღვის გადაფრენის შემდეგ ვირი პირდაპირ პოლიციის სამმართველოსთან "დაეშვა".

პოლიციამ საქმე აღძრა ცხოველის მიმართ გამოვლენილი სისასტიკის გამო და ტუროპერატორები დააპატიმრა. ამ ფაქტს ცხოველთა უფლებების დამცველი მსოფლიოს თითქმის ყველა ორგანიზაცია გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციით, კრასნოდარული ტურიზმის თანამშრომლებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრა, ვირი კი მალე გულის შეტევით გარდაიცვალა.