ენდროს სურნელი წვიმიან ქალაქში - კვირის პალიტრა

ენდროს სურნელი წვიმიან ქალაქში

გაგივლიათ წინასააღდგომოდ  ბაზარში, სადაც ბებიებს წინ კვერცხებითა და ენდროთი სავსე კალათები ულაგიათ და თვალი მუშტრისაკენ უჭირავთ? წინასააღდგომოდ ისე წვიმდა თბილისში, გეგონებოდა, ცა ფეხად ჩამოდისო, მაგრამ მომკალით და, რაღაცნაირი სიხარული მაინც იგრძნობოდა, ენდროს სურნელი წვიმიანი ქოლგების ქვეშაც იდგა.

მივყევი, მივყევი და ბეტონის ჯებირზე  მწვანე ჯეჯილს არ დავადექი თავზე! ჯეჯილი შინაც მაქვს: სააღდგომოდ იმიტომ თესავენ, რომ ისიც სიცოცხლის დაბადების სიმბოლოა, მაგრამ ამ ჯეჯილს კიდევ სხვა რაღაც ჰქონდა - ამ ყაყანსა და ალიაქოთში თავისი გზით მიბიბინებდა ზეცისაკენ. ერთი ბიჭიც მოვიდა, - ბუთხუზა. უყურა, უყურა და - რა ღირს, დეიდაო. იმან - ერთი ლარიო. კარგიო, - ბიჭმა და ჯეჯილი დადო. - რაო, შვილო, ფული არა გაქვსო, - ჰკითხა ჯეჯილის გამყიდველმა. ბიჭმა დაიმორცხვა. მერე, რა, შვილო, წაიღე, გაჩუქებო... ბიჭიც წვიმაში გაჭყაპუნდა ჯეჯილიანად...

KvirisPalitra.Geერთ სვანურქუდიან კაცს ღვთისმშობლიანი გობელენი დაჰქონდა. ხომ არ იყიდი, შვილოო, ერთი გააჩერა. იმან, - ვერა, ბიძია, არ შემიძლია, თან კვერცხებიც მიმაქვს, მაგრამ, ნუ გეშინია, აღდგომის მადლი გაგაყიდვინებსო და თავისი გზით გასწია. თანაც რა კვერცხები იყო! ისეთი კი არა, დაუჭახუნებ და ტკაცო, დაიძახებს - ბატისა. ერთი ბიჭი ჰყიდდა.

რა კარგი შეღებილიაო, რით შეღებე, შვილოო, -  ბებომ. ენდროთი და ხახვის ფურცლით, დეიდაო... მაგარიც ხო იქნება, ჩემმა შვილიშვილებმა ქათმის კვერცხებთან რო აჭიდაონ, ხომ არ გატყდებაო? არაფერიც არ გატყდება, ამ დილას უკვე 40 ცალი გავყიდე, ეგ ორიღა  დამრჩაო. ჰოდა, ეგ ორიც მეო, - ბებომ.

KvirisPalitra.Geმარტო ერთი თეთრი ბატკანი იყო მოწყენილი, თავზე ბაფთაშებმული.  ყიდიო? - ბიჭებმა. არა, კაცო, ვიყიდე და შინ მიმყავსო - პატრონმა. სააღდგომოდაო? ჰო, სააღდგომოდაო - კაცმა და თეთრ ბატკანს წვიმით დანამულ თავზე მიეფერა.

იმან კიდევ თავი უფრო დახარა და პატრონს უკან მორჩილად გაჰყვა. უყურეო, - ერთმა კაცმა, - ღმერთს აგრე დაუწესებია, რომ აღდგომას თავისი ფეხით უნდა მივიდეს იმ ტაძრამდე, რომელსაც შესწირავენ. ნახეთ, რა მორჩილად მიჰყვება პატრონსო.

ხალხიც კრავივით მიჰყვებოდა პატრიარქს სვეტიცხოველში - იქ მირონი იკურთხა. მეგობარმა - შენ რა გგონია, მირონის ხარშვას რამდენჯერ მოვესწრებითო? შეიძლება ერთხელ, ორჯერ ან სულაც ვეღარ მოვესწროთ, მე რა ვიცი, უფალი რას ინებებს-მეთქი. მაშინ მიატოვე ყველაფერი და სვეტიცხოველში წამოდიო. წავედი. ქარს ღრუბლებით მზე დაჰქონდა. უცებ სამეუფო საგალობელი აგუგუნდა და ქარმა ისიც აიტაცა. შეხედეო, - მეგობარმა, - სვეტიცხოველიც თითქოს ზემოთ მიიწევსო.

KvirisPalitra.Geმართლა მიიწევდა. მერე მეც გალობა მომინდა... ვერ ვიგალობე... შემრცხვა... არ უნდა შემრცხვენოდა? ესე იგი, ჩემი გული გულწრფელი არ არის, ისეთი გულწრფელი, როგორიც იმ ქალისა, სვეტიცხოვლის ეზოში რომ გალობდა - ხალხის მდინარე მოძღვრებამდე ზეთის საცხებად ძლივს მიტორტმანობდა, ის კი გალობდა და გალობდა. გაჩუმდი, რას შვრებიო, - მიაძახეს აქეთ-იქიდან. არ შემიძლია, ჩემი გული გალობსო.

იქნებ ჩვენი გულებიც გახდეს ასეთი გულწრფელი და მერე, ასი წლის შემდეგ, იმ ქვეყნად რომ წავალთ და ჩვენი აღდგომა რომ მოვა, იცით, რა ბედნიერები ვიქნებით?..