"აქ პეტრე პავლეს ძე აშენებს ოფისს ან რესტორანს, ან კიდევ გამგეობას!" - კვირის პალიტრა

"აქ პეტრე პავლეს ძე აშენებს ოფისს ან რესტორანს, ან კიდევ გამგეობას!"

"ვაკის პარკის შუაგულში შენობა ააშენეს და გაიძახიან, როგორ გეკადრებათ, ეს პარკის ტერიტორია არ არისო"

"აღმაშენებლის პროსპექტი უბედურების ზონად აქციეს"

ბათუმელების პროტესტის მიუხედავად, ბათუმის ბულვარზე ცათამბჯენი მაინც აშენდება! ასწლოვანი ხეები უკვე ამოთხარეს, ტერიტორიას კი პოლიცია საგულდაგულოდ იცავს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში 4500 კვადრატული მეტრი მიწა შემოსაზღვრეს და ასწლოვანი ხეების მოჭრას შეუდგნენ, ხოლო ბათუმელების პროტესტის შემდგომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე სამშენებლო ბანერიც დადგეს, რომელიც იუწყება, რომ აქ მრავალფუნქციური ცათამბჯენი აშენდება! ამ 35-სართულიან 170 მეტრი სიმაღლის შენობას შპს "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი" აშენებს.

აჭარის მოსახლეობის პროტესტს საინტერესო კომენტარები მოჰყვა. აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მხოლოდ ორი გამხმარი ხე მოიჭრა და მეტი აღარც მოიჭრება. ბათუმის მერის რობერტ ჩხაიძის თქმით კი, ბულვარზე ბევრი "ამორტიზებული(?!) ხეა და პირველად როდი უწევთ ხის მოჭრა". მას შემდეგ კი, რაც 26 აპრილის აქციიდან ერთ საათში, შემოღობილ ტერიტორიაზე ტრაქტორებმა ხეების ამოძირკვა განაახლეს, ბათუმელების კიდევ ერთხელ მოტყუება ბათუმის მთავარმა არქიტექტორმა დავით ზოიძემ სცადა: "ნარგავები ერთი ტერიტორიიდან მეორეზე ხშირად გადაგვაქვს და ამაში განსაკუთრებული არაფერია!"

ბათუმის ბულვარს ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2011 წლის 21 თებერვალს მიანიჭა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტისთვის" ბათუმის ბულვარზე 35-სართულიანი შენობის აგების ნებართვა მოეპოვებინა.

KvirisPalitra.Geარადა, იყო დრო, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარკების, სკვერებისა და საზოგადოდ, სატყეო ფონდის შესანარჩუნებლად ოდესღაც ხმაურიან აქციებს აწყობდა. ისიც კარგად გვახსოვს, ჩვენი პრეზიდენტი (მაშინდელი იუსტიციის მინისტრი) რომ მიუვარდა წყნეთის სატყეო მეურნეობის დირექტორ შოთა მეფარიძეს და სულ ტყეების გამანადგურებელი, კორუმპირებული ეძახა! მაშინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ კეთილშობილური ლოზუნგებითა და იდეებით მომავალი ახალგაზრდა მისივე პრეზიდენტობის ჟამს შოთა მეფარიძის "სატყეო ცოდვებს" უწყინარ გადაცდომად მოგვაჩვენებდა!

პარადოქსია, მაგრამ 2002 წელს ქალაქ თბილისის საკრებულომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში პარკების, სკვერების, ტროტუარებისა და სათამაშო მოედნების  პრივატიზაციის შეჩერებასა და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვას ისახავდა მიზნად! გადაწყვეტილებას ხელს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აწერს! მეორე პარადოქსი კი ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება არავის გაუუქმებია და დღემდე მოქმედია! თუმცა, როგორ, ეს სხვა საკითხია.

ნიკოლოზ მჟავანაძე, ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტი: - "დღემდე ოფიციალურად დადგენილი არ არის პარკებისა და სკვერების ზუსტი საზღვრები, ეგრეთ წოდებული წითელი ხაზები. ვაკის პარკის შუაგულში შენობა ააშენეს და გაიძახიან, როგორ გეკადრებათ, ეს პარკის ტერიტორია არ არისო. თვალში ნაცარს გაყრიან, გეშლებათ, ეს პარკი კი არა, სტადიონიაო! საგანგებოდ არ ადგენენ წითელ ხაზებს, ხოლო, როცა  მიწას გაყიდიან, იქ ხის მოჭრას რაღა დაუდგება წინ? ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა, სატელეფონო ზარებს ვეღარ ავუდივართ.

მოსახლეობა ხან საიდან გვირეკავს, ხან - საიდან. დილით იღვიძებენ და აგერ, სკვერი და პარკი რომ ეგულებათ, სადღაა? მათ ნაცვლად ღობე ხვდებათ წამოჭიმული ბანერითურთ,  აქ პეტრე პავლეს ძე აშენებს ოფისს ან რესტორანს, ან კიდევ გამგეობას! თანაც ურცხვად გიმტკიცებენ, ხეებს კი არ ვჭრით, არამედ ვრგავთო! სპეციალურად შემოიყვანეს ხეების გადამრგველი  მანქანები, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ მანქანებს დიდი ხეების გადარგვა არ შეუძლიათ. კარგი, ბატონო, ვთქვათ, მიაქვთ სადმე და რგავენ მოთხრილ ხეებს, მაგრამ იმ ხალხმა რა დააშავა, ვისაც სახლთან სკვერი და პარკი ჰქონდა? გიგი უგულავამ რამდენიმე წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით მიიღო ქალაქის განვითარების გეგმა, სადაც დაფიქსირებული იყო სარეკრეაციო ზონები (გამწვანებული ზონები, სადაც რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობა აკრძალულია), მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სარეკრეაციო ზონები გააუქმეს.

აღმაშენებლის პროსპექტზე ხომ დანაშაული ჩაიდინეს! პროსპექტი ისედაც დაბინძურების ზონა იყო და ამათ კი უბედურების ზონად აქციეს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადავამოწმეთ მონაცემები და აღმოჩნდა, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი აღმაშენებლის პროსპექტზე ექვსჯერ არის გაზრდილი. როცა ვიკითხეთ, რატომ მოჭერით ეს საღ-სალამათი  ხეები-მეთქი, გვიპასუხეს, კომუნიკაციებს აფუჭებდაო. სინამდვილეში საზოგადოების ყურადღების მიქცევა უნდოდათ, შეხედეთ, ხალხო, რამხელა საქმეს ვაკეთებთო! როცა სტადიონი გაარემონტეს, ხალხს რომ კარგად შეემჩნია სტადიონის გადაღებვა, მის წინ ძვირფასი ჯიშის ხეები მოჭრეს. აეროპორტის გზაზე კი ერთ ღამეში  300 ძირი ნაძვი გაანადგურეს, ამერიკელების გაკეთებული ლაბორატორია რომ გამოჩენილიყო!

დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის გამგეობები პირდაპირ პარკებშია აშენებული. ძალიან გამაღიზიანებელია სატელევიზიო პიარაქციები, ისეთ რამეს გიმტკიცებენ, გაგიჟდები!  თურმე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია მალე უფრო გამწვანდება, რადგან იქ საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება. თბილისის ზღვაზე რკინიგზა გადააქვთ, ლისის ტბაზე უნივერსიტეტები ჩამწკრივდება და ეს თურმე ქალაქის გამწვანებას შეუწყობს ხელს! არც ის გამიკვირდება, ხვალ ვინმემ თქვას, ბათუმის ბულვარზე 35-სართულიან ცათამბჯენს სწორედ იმიტომ ვაშენებთ, რომ ბულვარის გამწვანებას შევუწყოთ ხელიო!