"დიდი მხატვრები" - კვირის პალიტრა

"დიდი მხატვრები"

დაიწყო!

"მოვაგროვებ და საქორწინო საჩუქრად გადავცემ მთელ სერიას. როგორი იქნება?!"

- ვან გოგი, რომელმაც სიცოცხლეში ერთადერთი ნახატი  - "წითელი ვენახი არლიში" გაყიდა, ნეტავ თუ წარმოიდგენდა, რომ გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ მისი ნახატები ლამის 100 მილიონი დოლარი ეღირებოდა, მის მუზეუმში, ამსტერდამში მსოფლიოს ხელოვნების მოყვარულები ჩავიდოდნენ, მის ალბომს კი მსოფლიოს საუკეთესო გამომცემლები გამოსცემდნენ, - მეუბნება ჩემი მეზობელი ბატონი გურამი და ვან გოგის ახლად ნაყიდ ალბომს მაჩვენებს:

- ეს მეთორმეტე ალბომია ჩემს კოლექციაში და როგორ მიხარია, რომ ხარისხით კი არ ჩამოუვარდება, სჯობია კიდეც ვან გოგის სხვა ალბომებს... თანაც ქართულ ენაზე დაბეჭდილი, საქართველოში გამოცემული ასეთი ხარისხის წიგნი მართლა საამაყოა.

ბატონმა გურამმა ალბომი გადაშალა და შვილიშვილს ვან გოგის უკანასკნელი ნახატი უჩვენა - "პურის ყანა ყორნებით". მერე კარადიდან ვან გოგის რუსული გამოცემა გადმოიღო.

- ფერები შეადარე! ჩვენი, ქართული გამოცემის ფერები გაცილებით ცოცხალია, აფერუმ! ჩვენც შეგვძლებია!

- თქვენ ის ნახეთ, სერიაში რა ალბომები გამოვა, - გავუღიმე ბატონ გურამს, - ოქტომბრიდან გოგენიც გექნებათ. მერე სხვა გენიოსების ალბომებიც გამოვა.

ბატონმა გურამმა სათვალე შეისწორა: - ისე, ძნელი დასაჯერებელია, რომ ასე იაფად მსოფლიოს საგანძურს დავუტოვებ შვილიშვილებს... მოვაგროვებ და საქორწინო საჩუქრად გადავცემ მთელ სერიას. როგორი იქნება?!

- საუკეთესო საჩუქარი გამოგივათ.

- ქართველი გენიოსი მხატვრებიც ხომ გვყავს? მათი ალბომებიც გამოვა ნეტა?

- აუცილებლად.

- მართლა მიხარია, შვილო. ამაზე ოცნებაც არ შეგვეძლო. ახლა კი რეალობაა, უძვირფასესი გამოცემა მაგიდაზე მიდევს... მარტო ნახატებშიც არ არის საქმე... ნახეთ, რამხელა ინფორმაციაა, დეტალურად აღწერილი ბიოგრაფია და ეპოქა... ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია. დიდი მადლობა თქვენს გამომცემლობას!

ლალი ჯაფარიძე, წიგნების გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ხელმძღვანელი:

- "დიდი მხატვრები" გამომცემლობა შOL 90-ის (ესპანეთი) ერთ-ერთი ორიგინალური სერიული გამოცემაა. მისი ქართული ვარიანტის გამოცემა უაღრესად საჭიროდ და საინტერესოდ გვეჩვენა. ჩვენ უკვე დაპროექტებული გვაქვს 15 დიდი მხატვრის ალბომი. მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება და თვეში ერთი ახალი წიგნით გავახარებთ ხელოვნების მოყვარულებს. ამ სერიას დაემატება დიდი ქართველი მხატვრების ალბომებიც... ძალიან ვცდილობთ, გამოცემები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს და გულნაკლული არავინ დარჩეს. ამას "კვირის პალიტრასთან" ერთად მივაღწიეთ, გაზეთის წინა ნომერთან ერთად წიგნის შეძენა მკითხველს 15 ლარად შეეძლო. ახლო მომავალში კი, ვან გოგის ეს ალბომი წიგნის მაღაზიებშიც გაიყიდება, თუმცა იქ, დაახლოებით 19-20 ლარი ეღირება. ძალიან მიხარია, რომ ამ წიგნზე ისეთი აჟიოტაჟური მოთხოვნაა, როგორიც საქართველოში კარგა ხანია არ ყოფილა.

P.შ. "მე მიწასთან არამიწიერი ძაფებით ვარ დაკავშირებული. ეს განცდა დიდი ნაღველის დროს დამეუფლა, განსაკუთრებით კი იმ პერიოდებში, რომელთაც სულით ავადმყოფობას უწოდებენ", - წერდა ვან გოგი.

მიწას არამიწიერი ძაფებით უკავშირდებოდნენ სხვა გენიოსებიც: გოგენი, სეზანი, მონე, მიქელანჯელო, მოდილიანი... მათი ამქვეყნად ყოფნის დრო დასრულდა. არამიწიერს შეუერთდნენ, თუმცა მიწიერთან მუდმივ კავშირს განაგრძობს მათი ხელოვნება - ამჯერად ის "დიდი მხატვრების" სერიით კიდევ ერთხელ გაცოცხლდება.

ოქტომბრის ბოლოს ელოდეთ გოგენს...