"ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი" - კვირის პალიტრა

"ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი"

"მსოფლიო მოვიარე და მსგავსი არაფერი მინახავს"

რამდენიმე დღის წინ დედამიწის ველოსიპედით დამლაშქრავ ჯუმბერ ლეჟავას ვეწვიე. უნდა გვესაუბრა, როგორ გადასცა აშშ-ის დემოკრატიის ინსტიტუტმა წლის ადამიანის წოდება. რა დროს ეგ არის, მოდი, გაჩვენო, სად ვცხოვრობო...

ღიად დარჩენილი ლიფტის უჯრედის დანახვაზე ვიფიქრე, ალბათ, ბინის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და კაბინებიც დამონტაჟებული არ არის-მეთქი. თურმე, არნახული ექსკურსია ჯერ კიდევ წინ მქონდა...

მაშ ასე, "ექსკურსიამძღოლი" ჯუმბერ ლეჟავა გიამბობთ:

KvirisPalitra.Ge- ეს 16-სართულიანი სახლი აგლაძისა და ელიავას ქუჩების კუთხეში დგას. იმის გამო, რომ ჯერ ექსპლუატაციაში არ გადაუციათ, მისამართი არა აქვს. უცხოეთიდან მირეკავენ და ამანათის ან წერილის გამოსაგზავნად მისამართს მთხოვენ, ვეუბნები, უმისამართო სახლში ვცხოვრობ-მეთქი და არ სჯერათ. რომ ჩამოდიან, ყველა აქ მომყავს, ეს რა ვნახეთო, გიჟდებიან მრავლისმნახველი მოგზაურები...

მიუხედავად იმისა, რომ სახლს ორსართულიანი გარაჟი აქვს, აქაურებს ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი არა გვაქვს. ზედა გარაჟის უმეტესი ნაწილი მაღაზიებად არის გადაკეთებული, ნაწილიც თანამშრომლებს ტუალეტად უქცევიათ. მიწისქვეშა გარაჟს კიდევ ჩასასვლელი არ აქვს.

- ნახე, რას ჰგავს აქაურობა (ბატონ ჯუმბერს მიპატიჟებაზე უარს ვერ ვეუბნები და ცხვირზე ხელმოჭერილი და ფეხის წვერებზე შემდგარი ჩავდივარ გარაჟში. ნეტავ უარი მეთქვა. - ე.ლ.). იძულებული ვარ, ჩემი ავტომობილი ბინიდან შორს დავაყენო, თუ გავბედე და მაღაზიების წინ გავჩერდი, ერთ ამბავს მაწევენ, წინ რად ჩამოგვიდექიო. მოკლედ, გარაჟი გვაქვს და არცა გვაქვს. ყველას ეშინია ხმის ამოღების და ვსხედვართ ყელამდე ნაგავში. მაღაზიები ისე მიაშენეს, რომ ტროტუარიც კი გადაკეტეს, ამიტომაც სახლს გვერდი რომ აუარო, მანქანის სავალ ნაწილზე უნდა გადახვიდე. პირველ სართულზე თითქმის ყველა ბინა გაყიდულია და კერძო ოფისებია გახსნილი. სადარბაზო ისე გადააკეთეს, რომ ერთ მობინადრეს ბინაში შესასვლელი ჩაუკეტეს. ახლა ის უცხოეთშია, მაინტერესებს, რომ დაბრუნდება, როგორ შევა სახლში?!

ახლა ზემოთ ავიდეთ. ხედავთ ამ ლიფტის უჯრედებს? 16-ივე სართულზე ღიაა. თუ ღმერთი გაგიწყრა და შეზარხოშებულს დაგავიწყდა, სად ცხოვრობ, შეიძლება გადაიჩეხო. თუმცა, ნუ გეშინიათ, არაფერს დაიშავებთ, ორი სართულის სიმაღლეზე ამოვსებულ ნაგვის გროვაზე რბილად დაეშვებით. უსიამოვნო სუნი კი შეგაწუხებთ, მაგრამ უნდა აიტანოთ, მთავარია, გადარჩებით. წინდახედულებმა ჭკუა იხმარეს და ლიფტის უჯრედი საწოლის რკინის თავებით გადაღობეს.

მაღაზიების მფლობელები კედლებს თვითნებურად თხრიან. სხვა თუ არ ებრალებათ, ერთ დღესაც მთელი 16 სართული თავზე რომ დაემხოთ, სად მიდიან მერე?

ბატონი ჯუმბერი მსახიობ ზაზა კოლელიშვილის ბინაში მიმიძღვება. იქ კი იხსენებენ, როგორ გადაჰყვა ამ სახლზე ნერვიულობას მათი მეზობელი დოდო სალაყაია. მანამდე კი მის მეუღლეს ინფარქტი მოსვლია და რომ არა კოლელიშვილების ჯანიანი სტუმრები, ავადმყოფს მე-14 სართულიდან ვერავინ ჩაიყვანდა.

აუტანელი პირობების გამო ბინებში ხალხი საცხოვრებლად ვერ შედის. კიბეზე მეთხუთმეტე სართულზე ამავალი ცნობილი მოჭადრაკის, ბატონი ბუხუტი გურგენიძის შვილიშვილი შეგვხვდა, ქალი ფეხმძიმედაა და ყოველდღე უწევს დამქანცველ კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა.

- მეთექვსმეტე სართულზე ჭერი დაზიანებულია და წვიმა ჩვენთანაც ჩამოდის. მესამე შვილს ველოდებით და ბინის დასაქირავებელი საშუალება არა  გვაქვს,  თორემ აქ რა გაგვაჩერებდა.

- ეს ის ბინებია, მერიამ რომ დამადლებულად  და თანაც საჩუქრად გადმოგვცა, - ექსკურსიას აგრძელებს ჯუმბერ ლეჟავა  და ქვემოთ ჩასულს მორიგ "სასწაულს" მაჩვენებს, - ნაჩუქარს კბილი კი არ გაესინჯება, მაგრამ ასეთ საჩუქარს რა თავში ვიხლი, არ ვიცი, როდის აღმოვჩნდები ნანგრევებქვეშ. მეორე და მესამე სართულის მიჯნაზე საყრდენი ბოძი გამოიზნიქა. მშენებლებმა გამოწეული არმატურა მოჭრეს და ჰაერში გამოკიდებული სახლის ერთი მხარე სწრაფადვე "გაასწორეს" - რკინის ნაჭერი "ჩააკერეს". მერწმუნეთ, მსოფლიო მოვიარე, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს.

თბილისის მერიის ზედამხეველობის სამსახურის უფროსის, ზვიად კერვალიშვილის თქმით, თუ დადგინდება, რომ შენობა ავარიულია, მშენებელს სერიოზული პრობლემა შეექმნება. ავარიულობის დასადგენად მოსახლეობამ სპეციალურ ორგანიზაციას უნდა მიმართოს. მანამდე კი მშენებელს - კომპანია "საძირკველს" სპეციალური ვადა აქვს მიცემული, რომ შენობა პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანოს, რათა მოხდეს მისი ლეგალიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში უზარმაზარი ჯარიმა დაეკისრება.