ქართული "წესი" ტურისტებთან "სათამაშოდ" - კვირის პალიტრა

ქართული "წესი" ტურისტებთან "სათამაშოდ"

ვინ იცის, რამდენს იხეტიალებს ტურისტი ქუჩის დასახელების ძებნაში, თვალს ასეირებს, უამრავ უცნაურ ამბავს გაიგებს, თუმცა, თუ ვინმე არ დაეხმარა, დანიშნულ ადგილს ძნელად თუ მიაგნებს

ქალაქის ქუჩებში დაკარგულები

ჩვენ გვაქვს მოცეკვავე შადრევნები, მინის ხიდი, უცნაური მემორიალები, უზარმაზარი და ულამაზესი მთები, რომლებიც ძალიან მოსწონთ უცხოელ ტურისტებს, მაგრამ მათ ისე არაფერი აოცებთ, როგორც ჩვენს ქალაქებში "არარსებული" ქუჩები. სინამდვილეში ეს ქუჩები არსებობს, მაგრამ იმის გამო, რომ დასახელების აღმნიშვნელი ტრაფარეტები არა აქვს, უცხოელებს ჰგონიათ, რომ არ არსებობს. ეს პრობლემა დედაქალაქის პრობლემაც არის. თუმცა, პრობლემას ჩვენ ვუწოდებთ, თორემ ტურისტებმა, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ, რატომ არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ქუჩას მისი სახელის აღმნიშვნელი ტრაფარეტი, ნომერი და ა.შ., დაასკვნეს, რომ ქუჩების "გაინკოგნიტოება" საქართველოს ტურისტული მარკეტინგის საიდუმლოა.(?!)

მაგალითად, უცხოელი ფრენკი, რომელიც ორი კვირა დახეტიალებდა საქართველოს მთებში, ამდენივე ხანს კი თბილისის ქუჩებში, მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს დედაქალაქში მას ტურისტული სიურპრიზი მოუწყვეს. აბა, რა ეფიქრა, როდესაც სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში შეყოვნდა და ქალაქის ტურისტული რუკა გაშალა. თუ ღირსშესანიშნაობებს ეძებდა, ყველაფერს მარტივად აგნებდა, მაგრამ როგორც კი სპეციალური მარშრუტებიდან გადაუხვევდა, თავბრუ ეხვეოდა. ვერ ხვდებოდა, როგორ გაეგნო გზა ქუჩებში, რომელთაც სახელები კანტიკუნტად ეწერა.

KvirisPalitra.Geსაქართველოს სხვა ქალაქებში მოხვედრამდე ტურისტმა იფიქრა, რომ დედაქალაქში რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ როდესაც იმავე პრობლემას წააწყდა. კერძოდ, თელავში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში, მიიჩნია, რომ საქართველოში ასეთი "წესი" აქვთ ტურისტებთან "სათამაშოდ." ფრენკს სჯერა, რომ საქართველოში მას "ლაბირინთობანას" ეთამაშებიან. "გინდა მოძებნო ქუჩა? მოძებნე, იხეტიალე, თან რამდენ რამეს წააწყდები გზად, გაერთობი, თვალს ასეირებ, უამრავ უცნაურ ამბავს გაიგებ, მეგობრებს გაიჩენ და ემოციებით დატვირთული დაბრუნდები შინ.

თუ დაიღლები და მაღაზიას ვერ მიაგნებ, რომ წყალი იყიდო და სული მოითქვა, საკმარისია, ვინმეს სთხოვო დახმარება, რომ ოჯახში შეგიპატიჟებენ და სუფრას გაგიშლიან, ყავას დაგალევინებენ, შენი სადაურობით დაინტერესდებიან და მისამართსაც გამოგართმევენ, თან დაგპირდებიან, შენს ქვეყანაში ჩამოვალ და უსათუოდ დაგიკავშირდებიო. მოკლედ, "საოცარი ქვეყანა გაქვთ და საოცარი ხალხი ხართ ქართველები", - ამბობს ფრენკი და საქართველოს ქუჩებში ხეტიალისას ნასწავლ სიმღერას ევროპული აქცენტით ღიმილით ღიღინებს: "აპრები, აპრები, დავტვრები, დავტვრები..."

ეჰ, ფრენკი ერთადერთი რომ იყოს, ვისაც ამ "ქუჩურ რებუსებში" თავბრუ ეხვევა, რა გვიჭირს. ყველა როდია კმაყოფილი. მაგალითად, ცუდ დღეში ჩავარდნილა ერთ-ერთი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი ქალი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი პროექტის მონიტორინგს ატარებდა. მას რეგიონებში უნდა მოეკვლია პროექტთან დაკავშირებული საკითხები. ხან ქუთაისიდან იხვეწებოდა, დამეხმარეთ ამა და ამ ქუჩაზე როგორ გავიდე და ხან ზუგდიდსა და ბათუმში ითხოვდა თურმე მაშველს.

საქართველოდან წასვლის წინ კი საანგარიშო მოხსენებაში ჩაუწერია, იქნებ მოგვემზადებინა პროექტი, რომლის დახმარებითაც ვასწავლით ქართველებს, როგორ გაუკეთონ ქუჩებს დასახელების აღმნიშვნელი აბრებიო.

P.S. რაღა დაგიმალოთ და მეც რამდენჯერ დავკარგულვარ ჩვენს ქალაქში.