გამოცდები, გამოცდები - კვირის პალიტრა

გამოცდები, გამოცდები

"სახელმწიფო გრანტის მოპოვების სისტემით მეც არა ვარ კმაყოფილი"

მალე საქართველოს პოლიტიკურ ციებ-ცხელებას საგამოცდო ციებ-ცხელება შეცვლის. ვითვალისწინებთ ჩვენი მკითხველების ინტერესს და ვეცდებით, ყველა შემოსული შეკითხვისა და გამოცდებთან დაკავშირებული თემების ირგვლივ კომპეტენტური ინფორმაცია მოგაწოდოთ. წლევანდელი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გვესაუბრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მაია მიმინოშვილი.

- ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ის გახლავთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები კონკურსის გასაგრძელებლად გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. წელს, კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად, შარშანდელი მინიმალური 15 ქულის ნაცვლად, აბიტურიენტებმა თითო გამოცდაში 26 ქულა უნდა მოაგროვონ, ხოლო უცხო ენაში - მინიმუმ 21 ქულა.

- რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

- ამაზე კარგა ხანია, ვფიქრობთ. ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა ეს სისტემა დაინერგა, მაშინაც გვინდოდა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყოფილიყო მაქსიმალური ქულის 25% სრულიად უბრალო მიზეზის გამო: ზოგადი უნარების ტესტში დავალებები არჩევითპასუხიანია, ოთხი სავარაუდო პასუხიდან სწორი უნდა შემოხაზოს აბიტურიენტმა. სრულიად შემთხვევით რომ შემოხაზოს სწორი პასუხი, კონკურსში გასვლის ალბათობა 25%-ია. ამიტომ სჯობს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 25%-ზე მეტი იყოს. პირველ წელიწადს ვიფიქრეთ, რომ ჩვენი საზოგადოებისათვის ახალ სისტემაზე გადასვლა სტრესული იქნებოდა და ამიტომ დავაწესეთ დაბალი ზღვარი. მეხუთე წელია, ვატარებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სტატისტიკამ გვიჩვენა, ძალიან ცოტაა იმ აბიტურიენტთა რიცხვი, რომლებიც 15-დან 25 ქულამდე აგროვებენ. ამიტომ ეს არ იქნება შემაშფოთებელი აბიტურიენტებისთვის.

- წელს რამდენი აბიტურიენტი აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს?

- 29200-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. შარშან არ იყო ქართულენოვანი სკოლების გამოშვება და საბოლოო ჯამში 24000-მდე აბიტურიენტი გვყავდა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. მაგრამ 5000 მოსწავლე, წელი რომ არ დაეკარგა, ქართული სკოლიდან არაქართულენოვანში გადავიდა. ასე რომ, წელს შეიძლებოდა 5000-ით მეტი აბიტურიენტი გვყოლოდა...

- გავრცელდა ხმა, რომ ძალიან ბევრი დარეგისტრირებული აბიტურიენტი ამოვარდა საგამოცდო სიიდან სკოლაში დაბალი მოსწრების გამო...

- ასე არ არის, სიიდან არავინ ამოგვიღია, ჩვენ ატესტატს არც ვთხოვთ აბიტურიენტს, ვითხოვთ მხოლოდ კლასიდან კლასში გადაყვანის და მეთორმეტე კლასში სწავლის ცნობას... როგორც წესი, ყოველწლიურად ჩარიცხვის პროცესამდე მოვითხოვთ განათლების სამინისტროდან მონაცემებს, ვის მიეცა ატესტატი და ვის - არა, რომ უატესტატო აბიტურიენტმა კონკურსში არ მიიღოს მონაწილეობა.

- რეიტინგული ფაკულტეტები რომელია?

- ეკონომიკა, ბიზნესი, იურისპრუდენცია. ძალიან შემტკივა გული საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე - ნამდვილად ვდგავართ მეცნიერებაში თაობათა ცვლის პრობლემასთან. ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება მაღალ დონეზე ავიყვანოთ.

- ისევ ზოგადი უნარების გამოცდას რატომ ენიჭება მნიშვნელობა სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას, ხომ არ აჯობებდა, ყველა გამოცდის შედეგს გაუწიონ ანგარიში?

- სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებელი კონკურსი არანაირ კავშირში არ არის ჩარიცხვასთან. უმაღლეს სასწავლებელს აქვს სრული თავისუფლება, რომ გამოყოს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა, მიანიჭოს პრიორიტეტი და გაითვალისწინოს ჩარიცხვის დროს. სახელმწიფო გრანტის მოპოვების სისტემით მეც არა ვარ კმაყოფილი. მგონია, რომ არ არის სამართლიანი, მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგს რომ ექცევა ყურადღება. 2005 წელს სახელმწიფო გრანტის მიღებისას ყველა გამოცდაში მიღებული შედეგი გავითვალისწინეთ. მაშინაც ის პრობლემა დადგა, რაც ახლა გვაქვს - ზოგი სამ გამოცდას აბარებდა, ზოგი - ოთხს. ეს, გარკვეულწილად, უსამართლოა. ამის გამოსწორება დღემდე ვერ მოვახერხეთ... არაერთი კვლევა ჩავატარეთ და დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო გრანტის გაცემა ყველა გამოცდის შედეგის გათვალისწინებით უფრო სამართლიანია. იმედი გვაქვს, გაისად ყველა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდება მეოთხე არჩევითი საგნის გამოცდაც და არსებული ანომალიური სიტუაცია გამოსწორდება. ტექნიკურ უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე  მათემატიკა არ არის არჩეული. იქ პირველივე კურსიდან უმაღლესი მათემატიკა ისწავლებოდა, ახლა იძულებული იქნებიან, IV-V კლასის პროგრამით დაიწყონ სწავლა. ეს შეიძლება ისე დამთავრდეს, რომ რამდენიმე წელიწადში კვალიფიციური ინჟინერი აღარ გვეყოლოს. ეს ვითარება არც უმაღლეს სასწავლებელს აძლევს ხელს, მაგრამ არჩევითი საგნის - მათემატიკის გამოცდა რომ დაინიშნოს, შეიძლება არაკონკურენტუნარიან გარემოში აღმოჩნდეს. აბიტურიენტთა კონტინგენტის მოსაზიდად იძულებულები არიან, ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდაზე თქვან უარი.