მერე რა, თუ სახლი არ აქვს?! - კვირის პალიტრა

მერე რა, თუ სახლი არ აქვს?!

ამას ხომ ხედავთ? დაინახავთ, აბა, რა! აი, ასე დამხვდა ნებივრად წამოწოლილი თავისუფლების მოედანს რომ ჩაივლი, ზედ მიწისქვეშა გადასასვლელთან, თავქვეშ ხელი

ამოედო და გულის ძილით ეძინა. ფოტოაპარატით რომ მივადექი, ვიღაც კაცმა დამიძახა, - შვილო, რომ გაიღვიძოს და გადაირიოს, მერე სად მიდიხარო... მაგრამ მძინარე ჩემი აპარატის ჩხაკუნს კი არა, მანქანების შხუილსაც არაფრად დაგიდევს...

ვინ არის-მეთქი, - ვკითხე იმ კაცს, არ გააღვიძოო, რომ გამაფრთხილა. ხელი ჩაიქნია, - ერთი უგზო-უკვლო კაცია. ცოლი მაგას არ ედარდება და შვილი, მარტო აგე, იმის დარდი აქვს, - ხელი გაიშვირა კედელთან მიყრილი არყის ბოთლებისკენ, - მოვა, დალევს და მიიძინებს. ნეტა მაგასო.

გამეცინა - კაცი ბოლო ავტობუსს ელოდებოდა, რომ მთელი დღის ნამუშევარი შინ წაჩაქჩაქებულიყო, მერე კიდევ ხვალის ფიქრით გულშეწუხებული ან დაიძინებდა და ან ვერა - ამას კი ქვაზე მშვიდად ეძინა.

ხან აქედან მოვუარე, ხან იქიდან და კიდევ ერთი ბრეზენტის ჩანთა აღმოვუჩინე ქონებაში - თავქვეშ ამოედო, იქვე "ბათინკები" და ტარანი ეწყო. კარგი "კომპოტი" კი იყო: ტარანი, ჰოლივუდის ვესტერნის მსახიობივით გაპარსული მაწანწალა, ჭრელი საბანი და ხვალინდელი დღის ფიქრით დაღლილი თბილისი...

აი, ეგ არის ცხოვრება - ზოგი დაიღლება და ზოგიც დათვრება. კაცმა თავისი გზა მონახა და უშალე რამდენიც გინდა - არ დაიშლის. დროდადრო წაიქცევა და ცხვირ-პირსაც დაილეწავს. მერე რა - ცხვირ-პირიც ხომ მისია.

მთავარია, თავისი არყის ბოთლები და ტარანის ნარჩენები არ დაგვიტოვოს ცხვირწინ - აგერ, რამდენი ხანია მეეზოვეების მთელი ამქარი "წმენდს ამ ცხვირს" თბილისს და დღემდე ვერაფერს გახდა...

აი, სულ ეს არის პრობლემა, - სხვა არაფერი. თორემ ქართველები ისეთი ხალხი ვართ, ცარიელი ჯიბიდან "ფოკუსნიკივით" ამოვიღებთ ფულს და ამ პატიოსან კაცს მივცემთ. თუ არა, მაშ, როგორ ყიდულობს არაყს?

მერე რა, უკვე გვიან რომ არის და თავის გარშემო ყველაფერი დაანაგვიანა. მეეზოვეები მივლენ და დაგვიან, მათი საქმეც ხომ ეს არის!