თბილისელი "პარკის ბიჭები" - კვირის პალიტრა

თბილისელი "პარკის ბიჭები"

დაჰკვირვებიხართ, წლებჩამოტოვებული ხალხი რანაირად გასცქერის სივრცეს? თითქოს ყველა გზა მათი თვალებიდან იწყებოდეს. შენც ამ გზაზე მიდიხარ. ისინი წინ მიგიძღვიან. აი, ასეთმა ფიქრმა მიმატრიალა ვერის პარკისკენ. ჭაღარა რაინდებმა მოინდომეს, ძველებურად ლაღები ყოფილიყვნენ. მეც შევიფერე.

- თქვენ ძველებურად პარკებში სხედხართ... თითქოს თქვენთვის დრო არ იცვლება.

- ვითომ ისეთივე ბიჭები არ ვართ, როგორებიც ვიყავით? - მიღიმიან და სკამზე მიმითითებენ - დაბრძანდითო. ვჯდები და ვუსმენ. ამასობაში ჩამოივლის ვერის ლოთი გოგია და ხელს მიწევს - ვა, გამარჯობა, დაიკოჯან, ამდენ კაცებში რა ჩიტივით ჩაფრენილხარო.

- ყურადღება არ მიაქციო, - მაფრთხილებენ "ბიჭები", - ცუდს არაფერს გაკადრებს. ეგეთი რომ იყოს, ავდგებით და ცხვირ-პირს ჩავულეწავთო...

გოგიას ცხვირ-პირის დალეწვა რად უნდა, - ისედაც მორყეული აქვს-მეთქი, - მეცინება და ვაგრძელებ, - აბა, მომიყევით, როგორ მიდის ცხოვრება.

- როგორ და, აგე, გენაცვალე, გიგი უგულავამ ფანჩატური გაგვიკეთა (შიგ ექვს-ექვს პარტიად თამაშობენ დომინოს "ადამის დროინდელი" საანგარიშო "ჩოთქებით"), ეგრე ვართ სპორტში ჩაბმულები...

- ფულზე ხომ არ თამაშობთ?

- პენსიას ხომ არ წავაგებთ, ხოშზე ვთამაშობთ. მე შენ გეტყვი, სამსახურში არ დაგვაგვიანდეს!

- ადამიანი მთელი სიცოცხლე ხომ ვერ იმუშავებს.

- ვითომ რატომ ვერ ვიმუშავებდით! ესენი (მთავრობას გულისხმობენ) პასპორტში რომ უყურებენ კაცს, სიფათზე უნდა უყურო! სიფათზე შეატყობ, მუშაობის თავი აქვს თუ არა. აბა, ჩვენ შემოგვხედე!.. ზოგიერთს თავი გვისკდება ჭკუით. ამას წინათ ვოვა სტეფანია ამბობდა ტელევიზიით სი-ენ-ენის ჟურნალისტზე - 85 წლის არის, ყველაფერი მაგას მიჰყავს. წელიწადში 100 მილიონს უხდიანო.

- იმიტომაც არი ეგ სტეფანია ამერიკაში! მა, რა ქნას, კაცო, აღარც კალათბურთი გვაქვს და აღარც ფეხბურთი. აბა, ერთი იქით გაიხედე!

- ვიხედები. მერე?

- იქ იყო კალათბურთის კლუბი 1953-ში. მაშინ მოუგეს ჩვენმა კალათბურთელებმა კაუნასის "ჟალგირისს". ვა, რა თამაში იყო, ერთ ახალგაზრდობას ახლაც მივცემდი მაგაში! კორტებზე უნდა ყოფილიყო თამაში და იმდენი ხალხი მოაწყდა, ცხვირწინ ააცალა კალათბურთელები ცხენოსანმა მილიციამ და ვერის პარკში გადმოიყვანა. ბიჭები ღობეებზე გადავხტით. მაშინდელი ნაიარევი ახლაც მატყვია მუცელზე. გაჩვენოთ?

- არა, არ მინდა, მჯერა!.. ეს მითხარით, მთელი დღე დომინოს თამაშობთ?

- რათა დომინოს? თითო ბოთლი ღვინის დალევაც შეგვიძლია და თქვენი სადღეგრძელოს თქმაც...

- კარგი იქნებოდა, ძველი თბილისელები ხართ და ისეთ რამეს მეტყვით, არასოდეს დამავიწყდება... მაგრამ ისიც მაინტერესებს, ჭადრაკი სად გაქრა?

- აგე, შენობაში თამაშობენ ჩვენზე უფრო "პენსიონერები". "მყუდრო" თამაშია, რა...

- ვუთხრა, "მყუდროების" თამაშია-მეთქი?

- აღარც ვეხუმროთ? ეგე, ცაცხვის ქვეშაც თამაშობენ, თან "პივასაც" გეახლებიან... იცოცხლე, ბლომად იყიდება. თუ აივლი, მანდ რო ჩვენი ბიჭები სხედან, ეგრე უთხარი, "დომინისტებმა" შემოგითვალეს, - გეყოთ "პივის" სმა, ქვემოთ ჩამაიარეთ-თქო...

...მაგრამ ვინ დაგაცალა თქმა - დაბრძანდითო, დამპატიჟეს. ლუდი რომ არ მიყვარს-მეთქი... ზაფხულში მაგაზე უკეთესი რა არისო და... დამალევინეს. აფსუს, რომ ლუდზე სადღეგრძელო არ ითქმება, თორემ ისეთ გუნებაზე იყვნენ, ისეთ რამეს მეტყოდნენ, ჩასაწერად ეღირებოდა.

ეგ არაფერი. მეც გუნებაზე მოვედი და სულ ღიღინ-ღიღინით წამოვედი...