რატომ ასდის თბილისის ხედს ცუდი სუნი - კვირის პალიტრა

რატომ ასდის თბილისის ხედს ცუდი სუნი

არ დამიწყოთ ახლა, დაუნახავი და რუსეთის აგენტი ხარო. საქართველოში "მობოდიალე" უცხოელები რომ აშკარად მომრავლდნენ, მაგასაც ვხედავ და ბევრი ჩემი კოლეგისა თუ თანამოქალაქისგან განსხვავებით, ამ ფაქტის დადებით შედეგებზეც მაქვს წარმოდგენა. ისიც ვიცი, რა დიდი სამუშაოა გაწეული ამ ხალხის ჩამოსაყვანად. ერთი რამ ვერ გამიგია, აქ რომ ჩამოგვყავს, ჩამოსულებს პატრონობა და პირობების შექმნა არ უნდა?

გული მწყდება, რომ ბევრ რამეს ყურადღებას არ ვაქცევთ და მეშინია, საქართველოს ტურისტულ რეკლამაში ჩაყრილი მილიონები უცბად ანტირეკლამისთვის გადახდილი არ გამოგვივიდეს. ამ სტატიაში რამდენიმე ტურისტულ "იაღლიშზე" მოგითხრობთ. არც ვინმეს დასჯა მინდა და არც თავის გამოჩენა, უბრალოდ, მინდა, პრობლემები მოგვარდეს და საკუთარი ქვეყნისა თუ ქალაქის წარმოჩენა უხერხული სიტუაციების გარეშე შემეძლოს.

KvirisPalitra.Geრეკლამების ნახვის შემდეგ ტურისტები საქართველოში სხვადასხვა გზით ჩამოდიან. ჯგუფებად და დიდ სასტუმროებში ჩამოსულებს, ძირითადად, ტურისტული სააგენტოები ემსახურებიან და მათ ნაკლები პრობლემა აქვთ, თუმცა ძალიან ბევრი მოგზაურობს "ველურად", ტურისტული სააგენტოების გვერდის ავლით. ისინი ინტერნეტით ჯავშნიან სასტუმროს, საკუთარი შეხედულებით ირჩევენ ტრანსპორტს და სხვადასხვა გზით იგებენ, რა არის დასათვალიერებელი ჩვენს ქვეყანაში.

წელს, აპრილის დასაწყისში, ყაზახეთიდან მეუღლის ნათესავი დამიკავშირდა და საქართველოშIი მომავალი ორი მეზობელი გოგონას მასპინძლობა მთხოვა. მართალია, გამიკვირდა, რატომ ჩამოდიოდნენ მაინცდამაინც აპრილში, მაგრამ ახსნა ისეთი მოულოდნელი იყო, გაჩუმება ვარჩიე -  თურმე სარეკლამო კლიპი უნახავთ, შემდეგ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინტერნეტში მოუძიებიათ მასალა და ისე მოხიბლულან, რომ ორ დღეში გადაწყვიტეს ერთი კვირით გამომგზავრება. როგორც გოგონებმა მომწერეს, სასტუმრო - დაჯავშნილი, მარშრუტი - განსაზღვრული და კვირა - დაგეგმილი ჰქონდათ. მე მხოლოდ დახვედრისა და ქვეყნის გაცნობის პატივი მერგო.

პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა აეროპორტში ჩამოსულებს სასტუმროს სახელი ვკითხე. მათი თქმით, დაჯავშნილი ოტელი ქალაქის ცენტრში უნდა ყოფილიყო. სასტუმროს სახელით რომ ვერაფერს მივხვდი, დაწვრილებით გამოვკითხე და გაირკვა, რომ ინტერნეტში ერთი ლამაზი საიტის მქონე სასტუმრო დაუჯავშნავთ, რომელსაც ეწერა: "15 წუთის სავალზე ცენტრიდან"... თუმცა სასტუმროს მისამართი რომ გავიგე, აღმოჩნდა, რომ თბილისის გასასვლელში, ე. წ. დიღმის ტრასაზე, სადღაც დიდი დიღმის მახლობლად იყო. როგორც გითხარით, გოგონები გამოცდილი მოგზაურები იყვნენ და სათადარიგო სასტუმრო აღმოაჩნდათ დაჯავშნილი, თუმცა სიურპრიზი იქ მისულებსაც გველოდა - ორადგილიან ნომერში, რომელიც საიტზე 60 დოლარად იყო შეფასებული, ადმინისტრატორმა 110 მოითხოვა - ეს ფასი უკვე სამი თვეა, შევცვალეთ და საიტზე რა წერია, სულ არ მაინტერესებსო.

რა უნდა გვექნა... ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი მისამართები გავიხსენე და გოგონები ავლაბარში, პატარა, კოხტა სასტუმროში დავაბინავე. უკვე საღამო იყო და მსუბუქი ვახშმის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ ღამის თბილისის დათვალიერება შევთავაზეთ სტუმრებს. ნახევარსაათიანი სამანქანო შემოვლის შემდეგ სტუმრებმა მთხოვეს, ანძასთან ამეყვანა და ღამის თბილისის ხედი მეჩვენებინა. კარგა ხანია, ოქროყანისა და ზემო სოლოლაკისკენ არ გამიხედავს, ამიტომ მშვიდად გავწიეთ მთაწმინდისკენ.

ორ წუთში ოქროყანის გზაზე მდგარ თბილისის სტელასთან ვიყავით. როგორც ჩანს, დამთვალიერებლებმა ნაგვის გადაყრით ისე შეაწუხეს იქ მცხოვრებნი, რომ სტელის გარშემო ადამიანის სიმაღლის რკინის ბადე დაგვხვდა და თბილისიც ამ ბადის უჯრედებს მიღმა უნდა დაგვენახა.

თავი და სტუმრები ვანუგეშე და პირდაპირ მოციმციმე ანძისკენ გავეშურეთ. გზები, მთავრობის წყალობით, კარგი გვაქვს და ხუთ წუთში უკვე მთაწმინდის პარკთან ვიყავით. 11-ს გადაცილებული იყო და პარკში ვინ შემიშვებდა? გადავწყვიტე, გზა ბოლომდე ჩამევლო და პლატფორმიდან გადმოგვეხედა. სამწუხაროდ, ტურისტული ბილიკი ჩაბნელებული, ხოლო მიმდებარე ტერიტორია -  დაბინძურებული იყო, ხედს კი  წამოზრდილი ხის ტოტები ამოჰფარებოდა, ამიტომ ისევ ძველი სამწვადის ნანგრევებში შესვლა და მისი აივნიდან გადმოხედვა ვცადეთ. მივუახლოვდი თუ არა იმ ავადსახსენებელ ნასამწვადარს, მაშინვე მივხვდი, რომ "მოთმინებადაკარგულ" დამსვენებლებს ეს, ერთ დროს "საზკვების" ობიექტი, საველე ტუალეტად ექციათ...

სანამ მე გულში ვმრისხანებდი და მერიასა და ტურიზმის სააგენტოზე ცუდ რამეებს ვფიქრობდი, გოგონებმა ულამაზესი ღამის ხედების ფირზე აღბეჭდვა მოასწრეს.

მეორე დღიდან გოგონები "თავისუფალ ცურვაში" გავუშვით, საღამოობით კი, ვახშმობისას, კულინარიულ ექსკურსებს ვუწყობდით, თან შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ. ერთი დღით მცხეთასა და მის შემოგარენში გავასეირნეთ; მერე ბათუმშიც წავიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მატარებლით ჩასულებმა ვერც ქალაქის რუკისა და ვერც ნორმალური დამკვალიანებლის მოძებნა ვერ შეძლეს.

აბა, აპრილში იქ დამსვენებელს ვინ დახვდებოდა, სეზონი ხომ ივლისში იწყება!.. მეტსაც გეტყვით, რუსულის უცოდინარმა პოლიციელმა, რომელსაც ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ ჰკითხეს, გოგონები პირდაპირ პლაჟზე გაგზავნა.

პიაცა, ახალი ბულვარი, დელფინები და კიდევ ათასი რამ რუსულენოვანმა გოგონებმა გადათხრილ ბათუმში, უბრალოდ, ვერ იპოვეს.

ბევრი კურიოზის მიუხედავად, გადაირივნენ რიკოთის უღელტეხილზე, შროშის თიხაზე, ლიმონათზე, ჩურჩხელასა და ასობით ისეთ წვრილმანზე, რომელთაც ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ. მაგრამ ძალიან გაკვირვებული იყვნენ, რომ თბილისის ცენტრში სეირნობისას საპირფარეშო ვერ ნახეს და ერთხელ, ლიმონათით გაჭყეპილებს, სასტუმროში ტაქსით გაქცევამაც მოუწიათ.

ეს ამბავი აპრილში მოხდა. მაშინ არ დავწერე, ვიფიქრე, გამოსწორდებოდა რამე. მაგრამ ახლა ტურისტული სეზონი უკვე გახსნილია და დღეს სიცხის გამო ძველებურზე მეტად ყარს ღამის თბილისზე მთაწმინდიდან გადმოსახედი. არადა, ამის მოგვარება მართლა ხელის (ცოცხის ან ნიჩბის) რამდენიმე მოსმით შეიძლება.

გიორგი ჟორჟოლიანი