პირველად თქვენ თვალწინ ჯორებით ჩამოზიდული ორსაუკუნოვანი ყვავილები - კვირის პალიტრა

პირველად თქვენ თვალწინ ჯორებით ჩამოზიდული ორსაუკუნოვანი ყვავილები

გუსტავ ზადეს ველური ფლორა დღესაც გვაოგნებს

თქვენც ფიქრობთ, რომ კაცობრიობა  პროზაული ხდება და გულს აღარაფერი უჩუყებს? მეც. თუმცა ფაქტი ჯიუტია, - სენტიმენტალურ ცრემლს  ყველანი წავწყდომივართ:

დღესაც ბევრს აცრემლებს 18 წლის ფარაონ ტუტანხამონისთვის ცოლისგან ჩაყოლებული ღიღილოების ამბავი, - ამ უბრალო ყვავილებმა უფრო შეძრა გულები, ვიდრე ტუტანხამონის მთელმა ძვირფასეულობამ. სხვათა შორის, აკლდამა 1922 წელს გაითხარა, როცა ტუტანხამონის გარდაცვალებიდან თითქმის 3000 წელი იყო გასული. ასეთი სენტიმენტალურები კი ცოტ-ცოტა ყველანი ვართ,  ეგ არის, ზოგი მალავს.

KvirisPalitra.Geასე მალავდა, ალბათ, თავის "სისუსტეებს" ოდესღაც კავკასიაში პირველი კაცი, გრაფი ვორონცოვიც. თუმცა რა დაიმალება და გრაფის მგრძნობიარობის დასტური თითქმის ორი საუკუნის შემდეგ დამხვდა ეროვნულ მუზეუმში. აქ  მისი ხელშეწყობით მთელი კავკასიიდან ჩამოზიდული თითქმის ორი საუკუნის ველური ყვავილებია.

მართალია, ყვავილების შეგროვება მანამდე ქართულ გეოგრაფიულ საზოგადოებასაც დაუწყია, მაგრამ ღარიბ საზოგადოებას ვინ მისცემდა იმდენ ფულს, კავკასიის ველური ფლორის ნიმუშები მთებიდან ჯორებით ჩამოეზიდა. ვორონცოვი კი ამ საქმისთვის ვინმე გუსტავ ზადეს ფულს გვარიანად უხდიდა. მასაც ყვავილებით დატვირთული ჯორები ჩამოჰყავდა მთებიდან. მერე ახმობდა, ფურცლებზე აკრავდა და სარდაფებში ინახავდა..

KvirisPalitra.Ge"ფასეულობები გადაფასდა, გუსტავ ზადე ვიღას ახსოვს, მაგრამ როგორ არ ვთქვათ, რომ ყვავილებს შვილივით უვლიდა, ამ საქმით ხალხი დააინტერესა და დღეს ისეთი ორსაუკუნოვანი ყვავილების კოლექცია გვაქვს, ევროპის ბევრ ქვეყანას შეშურდება", - მითხრეს მუზეუმის თანამშრომლებმა და ჰერბარიუმი გადმომილაგეს.

- ბედი გქონიათ, საჭიროებამ მოითხოვა და რამდენიმე ჰერბარიუმი არქივიდან გამოვიტანეთ, პირველად თქვენ უყურებთო.

ჰერბარიუმი ლამის ხელის ცახცახით გადავშალე: ის დილა დამიდგა თვალწინ, კაცი ვინმე რომ ადგა,  ტანთ პერანგი ჩაიცვა, ფეხთ - ქალამანი, მხარზე ხურჯინი გადაიკიდა და ჭიუხებისკენ გასწია სილამაზის საშოვნელად...

ქალებმა შემატყვეს და, - ღელავთო? ჰო-მეთქი.

KvirisPalitra.Ge- ასეც უნდა იყოს. ერთ სევდიან ამბავსაც მოგიყვებით: შარშან მეგობარი ჩამოგვივიდა პეტერბურგიდან - ახალგაზრდა კაცი,  კარგი მეცნიერი,  კარგი ადამიანი. აჭარის მთების ფლორაზე ვუამბეთ და გაგიჟდა, - მაგიტომაც ჩამოვედი თქვენს ქვეყანაში, ასეთ ადგილებში უნდა წამიყვანოთ, ასეთი კოლექცია მჭირდებაო. წაიყვანეს. უბრალო ქართული ნარი დაუნახავს კლდეზე. გინდა თუ არა, უნდა ავიდეო. უნდა ავიდეო და... ფეხი დაუცდა კლდეზე... ბათუმიდან წავასვენეთ პეტერბურგში.

- სევდიანი ამბავია.

- ძალიან. არც კავკასიის კლდეებზე ჯორებით გადმოვლა იქნებოდა იოლი. იმ დროში დიდად მოხერხებული არც სხვა სახეობის ტრანსპორტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზადემ მაინც მოახერხა, კოლექცია პარიზსა და ამერიკაში წაიღო და იქიდან  მედლებით დაბრუნდა.

- საინტერესოა. აქამდე ცნობილი იყო, რომ ევროპის უძველესი ჯილდოები ქართულ ღვინოს ჰქონდა მინიჭებული. თურმე ევროპული ჯილდოები სხვაც გვქონია.

- ასეა. როგორც ჩანს, ამ სილამაზემ  გულგრილი ვერავინ დატოვა. მით უფრო, რომ ზადემ იქ ჯერ კიდევ ხელდაუკარები ბუნების ქმნილებები  ჩაიტანა, - პირვანდელი ფერებით. გამაოგნებელია, მაგრამ ეს ფერები ყველა ჩვენს კოლექციას ისევ აქვს შენარჩუნებული, დაახლოებით 5000 სახეობა იქნება. კიდევ ათასი წელიწადი ასე ფერშეუცვლელი დარჩება, თუ მოვუვლით.

KvirisPalitra.Ge- არც კი ვიცი, რა ვთქვა. მეც ცალკე ამ ფერებმა გამაოგნა, ცალკე, - თურმე რა ლამაზ საქმეს აკეთებდნენ საუკუნეების ვნებათაღელვაში ჩვენი წინაპრები. ამას რომ შევყურებ, ასე მგონია, დრო არ გადის და არც ჩვენ ვიცვლებით. რაც გვხიბლავდა და მოგვწონდა, ისევ ის გვხიბლავს.

- ალბათ, ასეც არის. მართალია, თავად ბუნება იცვლება, - რაღაც ნადგურდება და რაღაც რჩება, მაგრამ თუ ერი გონიერია, რაც მას სჭირდება, დაიტოვებს. მუზეუმში შემონახული გვაქვს 1814 წელს მოტეხილი ვაზის რტო, - დახედავ, ისევ ჩვენი ვაზია, - გაზაფხულზე გლეხი ბალახს რომ აცლის და შემოდგომაზე აკიდოს აჭრის. ასეთივე ვაზი საუკუნეების შემდეგაც გვექნება, თუ მოვუვლით. ეს ვაზი უამბობს ჩვენზე შთამომავლობას.