საუკუნეთა მტვერი გაიფანტა და... - კვირის პალიტრა

საუკუნეთა მტვერი გაიფანტა და...

თბილისის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა

"ამ ჭურჭელს ჯვრები და დავით წინასწარმეტყველის ექვსქიმიანი ვარსკვლავები ამშვენებს"

წარსულზე საუბარი ზოგჯერ გადაჭარბებულადაც მეჩვენება, მაგრამ როცა ორთაჭალაში 12 მეტრის სიმაღლიდან ახალაღმოჩენილ რომაულ აბანოს დავყურებდი, ვთქვი: - ძვირფასო ქართველთ მოშურნენო, არც რომზე ძლიერი იმპერია ყოფილა დედამიწაზე, არც რომზე მეტად შესძლებია ვინმეს სხვათა ფუფუნებით ცდუნება, მაგრამ იმპერია გაქრა და მე საუკუნეების ზემოდან დავცქერი მის ნაკვალევს, - ჩემს მიწაზე! რომაულ აბანოში კი რომაელები სულაც არ ბანაობდნენ, - რკინაზე მტკიცე რომაული ბეტონის საიდუმლო ქართველმა ოსტატებმა ჩამოიტანეს თბილისში, იბერიის ხელისუფალთ აბანო აუგეს და შიგ საკვირვლად აწყობილი თიხის მილებით გოგირდოვანი ცხელი წყალი მიუშვეს...

მერე რომაულ აბანოს მტვერი წაეყარა და რომაელთა დროც წავიდა. მოვიდა სხვისი და ახლა მან დატოვა თავისი კვალი აბანოების თავზე... ასე ლაგდებოდა თურმე თბილისის და მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორია დედაქალაქის გოჯისოდენა მიწის ნაწილზე - 40 სებასტიელთა ტაძრის გარშემო. აქ ყოველი საუკუნის შრეში იმდენი რამ აღმოჩნდა, გაკვირვებას იმ არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელიც კი ვერ მალავს, რომელიც ამ ადგილს 13 წელიწადია, თხრის.

მერაბ ძნელაძე არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი: - ამ პატარა ადგილზე საუკუნეები ერთმანეთს მისდევენ და ყველა თავის კვალს ისე ტოვებს, თითქოს გუშინ გაიკრიფა ხალხი და ნამოსახლარი ხელუხლებელი დატოვა.

1998 წელს აქ უწმინდესის კურთხევით, მოძღვარ ბესარიონ მენაბდის ხელმძღვანელობით, დავიწყეთ გათხრები მე და არქეოლოგმა ოთარ ტყეშელაშვილმა. რაღა თქმა უნდა, საინტერესო აღმოჩენებს ველოდით - ისტორიულ წყაროებში ნახსენები ორმოც სებასტიელთა წმინდა ტაძარი, სადაც აბო აწამეს, სწორედ ამ ადგილზე იდგა, მაგრამ რაც აქ აღმოჩნდა, იმის ვარაუდი შეუძლებელი იყო. ისე, მეტეხის ტაძრის გადმოღმა მდებარე ეს ადგილი ყოველთვის თვალდასადგამი ყოფილა, იმიტომაც ააფეთქეს 1924 წელს კომუნისტებმა ეკლესია და სახლები დადგეს.KvirisPalitra.Ge ჯერ ამ სახლების ნანგრევებისგან გავწმინდეთ აქაურობა და როცა სიღრმეში წმინდა სებასტიელ მოწამეთა ეკლესიის ნაშთებს მივყვებოდით, მივხვდით, რომ ისიც ისევე მოწამეა, როგორც ადამიანი: სამი საძირკველი გავთხარეთ, - ყოველი დამპყრობი ანგრევდა და მერე თავიდან ვაშენებდით. ამასობაში ისიც ნელ-ნელა გამოჩნდა, რომ აქ პირველტაძრამდელი ისტორიაც იყო დავანებული; ამიტომაც გათხრებისთვის ხელი რომ არ შეგვეშალა, ბოძებზე დაისხა ბეტონის მოედანი და ახალი სებასტიელთა ტაძარი ამ მოედანზე აშენდა, გათხრები კი გაგრძელდა. ახლა  ისტორიის წიგნი ჩვენ წინაშეა.

- მოდით, კარგად გადავშალოთ.

- კი, ბატონო. მიწის ზედა ფენების გაწმენდის შემდეგ შუა საუკუნეების შენობები გამოჩნდა, მერე - ადრეული საუკუნეების ოსტატების  დამუშავებული ქვის იატაკი - ეს არისტოკრატთა სასახლის ნაშთია. ასე მივყვებოდით სიღრმეს. ახლა უკვე ვიცით, რომ სავარაუდოდ, დედაქალაქის გადმოტანამდე დაახლოებით სამი საუკუნით ადრე, თბილისში ძლიერნი ამა ქვეყნისანნი გამაგრებულ, კრამიტით გადახურულ სახლებში ცხოვრობდნენ, რომაულ აბანოებში ბანობდნენ და უძვირფასეს, მათ შორის, რომიდან - საუკუნეების წინ ჩამოტანილ ნივთებსაც ხმარობდნენ. ახლა ეს ნივთები ჩვენ აღმოვაჩინეთ.

- ანუ თბილისი ვახტანგ გორგასლამდე აშენებულა?!

- ამას ადრეც ვვარუდობდით, მაგრამ საბუთი არ გვქონდა. აი, საბუთიც.

ვახტანგმა იცოდა, რასაც აკეთებდა. თბილისი აღმოსავლეთ-დასავლეთის კარიბჭე იყო. აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეთვალყურეოდ და მცხეთაში დაბრძანებული უფლის კვართის დასაცავად გადმოიტანა დედაქალაქი, იქ, სადაც ადრეც იყო ბრწყინვალება და სიმდიდრე - რომაული აბანოების თავზე, III-IV საუკუნის შრეებში,  500-ლიტრიანი ქვევრებით სავსე მარანიც კი აღმოჩნდა.

- ეს როგორ მოხდა?

- რომაელთა აბანო საუკუნეთა მტვერმა როცა დაფარა, ნამოსახლარზე სხვა დროის დიდებულმა ააგო სასახლე, ქვევრებიც ჩაყარა, ღვინოც ამოიღო და ისეთი დოქით მიიტანა სუფრაზე, რომელსაც ყელში ბადეც კი აქვს ჩადგმული, რომ დასხმისას ჭაჭა არ გადმოჰყვეს...KvirisPalitra.Ge

- მოკლედ, სიტყვა არ გყოფნით აღტაცების გამოსათქმელად.

- ასეა. სამარხებიდან XI-XII საუკუნეების იშვიათი თიხის ჭურჭელი ამოვიღეთ, - იქნებ ბევრ ოსტატს უნდა დღეს ის ფერთა გამა მიიღოს, მაგრამ აღარ გამოდის. თანაც, მხოლოდ ჭურჭელი კი არ არის, ხელოვნების ქმნილებებია. ბევრზე უნატიფესი ფრინველებია გამოსახული, ბევრსაც ჯვრები და დავით წინასწარმეტყველის ექვსქიმიანი ვარსკვლავები ამშვენებს.

- არ ფიქრობთ, რომ აქ კიდევ უფრო ძველი ისტორიული შრეებიც გამოჩნდება?

- კაცმა არ იცის, რას შემოგვთავაზებს აქაურობა, მაგრამ ამ ქვეყნის ისტორიის და მისი დედაქალაქის ახალი ფურცლები უკვე გადაიშალა და ვისაც ჰგონია, თავში იოლად წამოგვარტყამს, ეს აღმოჩენა პირიქით იქმს, ჩვენ კი სიამაყესა და ქვეყნის დაცვის ნიჭს შეგვმატებს...