"კვირის პალიტრა" საზამთროდაც და საზაფხულოდაც - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" საზამთროდაც და საზაფხულოდაც

ტკბილი და ხრაშუნა საზამთრო ვის არ უყვარს. იმან გაიხარა, ვინც ჩვენში ეგ შემოიტანა. მე შენ გეტყვი, ჩვენს მადლიან მიწაზე ვერ იხარებდა. დაისხა, მარა რა დაისხა!

მერე, ვითომ - იაფი ჯდება და თვალშიც უფრო მოსახვედრიაო, შემოზიდეს და შემოზიდეს თურქეთიდან ვეებერთელა, ერთ თარგზე მოჭრილი საზამთროები. ტყუილად გაისარჯნენ - ჩალის გემო ჰქონდა. სამაგიეროდ, კახელებმა გაიხარეს და კი არიან ახლა ბაზრებში და ტრასებზე თავიანთ საზამთროებზე მიწოლილნი და ელოდებიან მყიდველს. უნდა გაყიდონ, მაშ, რა უნდა ქნან, ღმერთმა ნუ ქნას, არ გაიყიდოს! კახეთის ტრასაზე გამწკრივებულ საზამთროს გამყიდველებს ჩავუქროლებ ხოლმე და მიხარია, კლიენტი თუ ჰყავთ, თან გული მწყდება, რომ გაქცევაზე ვარ და ვერ ჩამოვდივარ ავტობუსიდან საზამთროს საყიდლად. ერთხელ, ვხედავ, ერთსაც ასე მიუწყვია ზურგს უკან თავისი საზამთროები, დამჯდარა "იაშიკზე", გადაუშლია "კვირის პალიტრა" და კითხულობს!

ორშაბათი დილაა, გაზეთი "ცხელია". მთელი კვირა იმისთვის ირჯებოდა რედაქცია, რომ მკითხველს მოვწონებოდით და რანაირად გინდა, არ გაიგო, კაცს რა ხვდება გულზე. მოკლედ, არც ვაციე, არც ვაცხელე და შუა ტრასაზე მძღოლს ყელს ვუწევ, - გააჩერე, უნდა ჩავიდე-მეთქი..

- რა ვქნა?! - უკვირს მას.

- გააჩერე!

- რას ლაპარაკობ, ქალბატონო, მერე შენი გულისთვის მე უნდა დამაჯარიმონ? ვერა ხედავ, რომ აქ გაჩერება არ შეიძლება, სად გავაჩერო, რო გავაჩერო?! - მეჩხუბება.

- სადა და, აი, კაცი რომ "კვირის პალიტრას" კითხულობს, იმასთან, ჩემი ნაცნობია, აუცილებლად უნდა ვნახო (გულს ვულბობ ვითომ ჩემი ნაცნობობით)!

- "პალიტრას", არა? კაი, გაგიჩერებ მაგის ხათრით. მიყვარს ეგ გაზეთი! - ზუსტად ასე მეუბნება და აჩერებს. ცოტა შორს კი ვართ იმ კაცისგან, მაგრამ მით უკეთესი. სანამ ახლოს მივალ, სურათს გადავუღებ. ცოტა ხანში - "ჩხაკ" - ფოტოც მზად არის და - საზამთროს პატრონის გაკვირვებული თვალებიც.

- საზამთროს საყიდლად მოხვედით, ქალბატონო?!

- არა!

- მაშ, რა გნებავთ?!

- დაგინახეთ, "კვირის პალიტრას" საზამთროებზე მიწოლილი რომ კითხულობდით და...

- საზამთროებთან "კვირის პალიტრის" კითხვა არ შაიძლება? მინდა საზამთროებთან წავიკითხამ ზაფხულში, მინდა კიდე - მანდარინებთანა, ზამთარში! - იმგვარი ტონით მეუბნება, "ზედ რომ აწერია", თუ ქალი ხარ, შენს გზაზე წადიო... მაგრამ სად წავალ:

- გიყვართ "კვირის პალიტრა"? - ვეკითხები ფრთხილად.

- ვითამ რათ არ უნდა მიყვარდეს! კაცოო, აღარ იტყვი, რა გინდა?

- ის მინდა, რომ მაგ გაზეთში ვმუშაობ და გამიხარდა, მუშაობას ჩვენი გაზეთით რომ იმსუბუქებთ.

- ჰოოო! - უხარია მოულოდნელად, - ეგრე გეთქვა, კაცოო... რა გვარი ხარ?

ვეუბნები და ისევ ვეკითხები, - ესე იგი, მოგწონთ "კვირის პალიტრა"?

- რო არ მამწონდეს, ამხელა გაზეთს რა წამაკითხებდა...

- ამ დილაადრიანად საიდან მოიტანეთ გაზეთი, ჯიხური ამ ტრასაზე არ დგას და არაფერი!

- ჩიტმა მამიტანა! გავედი ქალაქში და ვიყიდე. საზამთროები, ეგე, პირდაპირ რო სასადილო დგა, იმის მეხაშეს მივაბარე.

- წეღან სურათი რომ გადაგიღეთ, დავბეჭდოთ "კვირის პალიტრაში"?

- სადა, კაცო, მინისტრების გვერდით უნდა დამბეჭდოთ?

- ვითომ მაგით რა მოუვათ მაგ მინისტრებს? თუ არ გინდათ, არ დავბეჭდავთ.

- როგო არ მინდა, ერთი გავახარებ ჩემ ჯალაბობას - ნახე, სად გამომაქვეყნეს-მეთქი! დაბეჭდეთ, მა რა! მარა ჯერა საზამთრო აირჩიეთ და წაიღეთ. თქვენ თანამშრომლებს უთხარით, ერთმა ლაგოდეხელმა კაცმა გამოგიგზავნათო.

- გმადლობთ, ვერ წავიღებ, მაგრამ რახან გულით მაძლევდით, ჩათვალეთ, რომ უკვე მაჩუქეთ და მაგ საზამთროსავით ტკბილად იყავით...

- თქვენცა, თქვენი "კვირის პალიტრიანად"! - მიღიმის და ისევ მეკითხება, - მაშ, მართლა არ წაიღებ საზამთროსო?..

P.S. საზამთრო ვერა, სამაგიეროდ, კარგი გუნება მომაქვს.