"რაღაც დასრულდა" - კვირის პალიტრა

"რაღაც დასრულდა"

67 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია

მის მიუზიკლებზე თაობები გაიზარდა. ვის არ ემახსოვრება ფილარმონიის შესასვლელ კართან ბილეთიანებისა და უბილეთოების თავდაუზოგავი მცდელობა "ივერიის" დაუვიწყარ "ჩხიკვთა ქორწილზე", "არგონავტებზე" ან "ფიროსმანზე" მოხვედრისა. მერე გადაჭედილ დარბაზში ანშლაგებით ჩატარებული კონცერტები და თეთრ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი ალექსანდრე ბასილაია - როიალთან მჯდარი. სულ რომ არაფერი ეთქვა, სახეზე ეფინა მეგობრობისა და სიყვარულის ნათელი სხივები. მისი ხელოვნების თაყვანისმცემელთა რიცხვი განუზომლად დიდი იყო. ის კი ძველებური უბრალოებით აკეთებდა თავის საქმეს. ამაღლებული სისადავით იღებდა წარმატების თანმდევ ხმაურს, თითქოს ყურადღებასაც კი არ უთმობდა საკუთარ წინსვლას...

როგორი იყო ალექსანდრე ბასილაია? - ალბათ თავისი სიმღერებივით უშუალო და გულწრფელი, სევდიანიც. ჩვენს წარმოდგენაში მუდამ როიალთან მჯდომი, კლავიატურას ხელს დააკარებდა თუ არა, მიწას უცაბედად შორდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასე თუ ისე, ვიცოდით მისი ავადმყოფობის შესახებ, მაინც ძნელი წარმოსადგენია სნეული ბატონი ალექსანდრე. განსაკუთრებით ახლა, ფილარმონიის განახლებული შენობის გახსნისას, არ გტოვებს განცდა, რომ ადრე თუ გვიან ფარდა გაიხსნება და კულისებიდან ისიც გამოვა, დარბაზს გადახედავს, გაიღიმებს... მერე როიალს მიუჯდება და... ძნელი დასაჯერებელია, რომ რაღაც დასრულდა, და მისი უკანასკნელი კომპოზიციაც, რომელსაც კომპოზიტორმა სწორედ ეს სახელი - "რაღაც დასრულდა" დაარქვა, უკანასკნელია...

მიწიერი ცხოვრება დასრულდა და ზეციური დაიწყო. ხელოვნებაში არსებობა და ცხოვრება კი დროსა და სივრცეში კიდევ ბევრ თაყვანისმცემელს შესძენს ჩვენს საყვარელ კომპოზიტორს.