სად ნიგერია და სად თბილისი?! - კვირის პალიტრა

სად ნიგერია და სად თბილისი?!

ჩემს ნათესავს, რომელმაც პარიზში მიიღო უმაღლესი განათლება, რამდენიმე დღის წინ უცხოეთიდან უნივერსიტეტელი მეგობრები ეწვივნენ. სამი ფრანგი და ერთიც ნიგერიელი თბილისის შესახებ თავის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ და გაოცებას ვერ ფარავდნენ, - ამდენი ჯიპი რა ამბავია ქალაქში, ან კიდევ ყოველგვარი წესების დარღვევით რატომ დააქროლებენ მანქანებსო, - უკვირდათ ღარიბი ქვეყნის სტატუსის მქონე დედაქალაქში რესტორნების, სასტუმროებისა და ავტოგასამართი სადგურების სიმრავლე. სტუმართაგან ერთ-ერთს ზოოპარკსა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობებს შორის მდგარი ავტოგასამართი სადგურის ფოტო გადაუღია. ფრანგი სტუმარი გაოცდა, რომ ობიექტი ზედ ტროტუარზე იყო აშენებული, მოქალაქეები კი ავტომობილის სავალ ნაწილზე დადიოდნენ. პარიზში ასეთ პარადოქსს არავინ დაუშვებსო, ნიგერიელმა კი ჩაიცინა, ძალიან მომწონს საქართველო, აქ ყველაფერი სამშობლოს მაგონებს. ჩვენთანაც თითქმის ასეა, შუქნიშანს იქაც არ ცნობენ, ავტოგასამართი სადგური კი მთავარია, მძღოლისთვის მოსახერხებელ ადგილას იყოს, გამვლელს ხომ ისედაც შეუძლია ყველგან გაძვრესო.

ნიგერიელის ნათქვამმა ლამის დამამუნჯა. რა გამოდის, გვინდა ევროპული ქვეყანა გავხდეთ, სინამდვილეში კი აფრიკულს ვემსგავსებით?!

უსაფრთხოების ნორმების დარღვევით აგებული ავტოგასამართი სადგურების ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს. ყველაზე კრიტიკული ვითარება მაინც კოსტავას ქუჩაზე, ზოოპარკსა და ტელევიზიის შენობას შორის მდებარე და ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებზეა. იგივე ხდება თამარაშვილის ქუჩაზე, იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან, სანაპიროზე, საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდუბეში, წერეთლის პროსპექტზე, "სამთო ქიმიის" შენობის მოპირდაპირე მხარეს, სადაც ტროტუარი დიდი ხანია აღარ არის. არავის აწუხებს მოქალაქეების ბედი, ავტომობილის სავალ ნაწილზე იძულებით გადასვლით საფრთხეს რომ უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს. როგორც ჩანს, ამ პრობლემის მოგვარებას არც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი არის ბოჭოიძე დამაიმედებელს ვერაფერს გვეუბნება.

- ასეთი ობიექტების მშენებლობაზე ბოლო წლებში ნებართვები აღარ გაიცემა. უკვე რაც არის, მათი აღება ძალზე რთულია, ისინი ათეული წლების წინ აშენდა. თუმცა აღების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. თუ გახსოვთ, მერიის გვერდით, შარტავას ქუჩაზე იყო ავტოგასამართი სადგური და აიღეს.

- ეგეც იმიტომ, რომ გზა ჩაიშალა.

- გაფართოების პროექტი გზის ჩაშლამდე დიდი ხნით ადრე იყო შედგენილი. ყველა ავტოგასამართ სადგურს ერთდროულად ვერ ავიღებთ. ადრე თუ გვიან, მათაც აიღებენ, რათა  მოქალაქეებმა უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ. თუმცა, ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება.