მერიამ ბაგა-ბაღების დაფინანსებაზე "ხელი დაიბანა" - კვირის პალიტრა

მერიამ ბაგა-ბაღების დაფინანსებაზე "ხელი დაიბანა"

მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღებში გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რედაქციაში სატელეფონო ზარი არ წყდება. მოდის უამრავი წერილი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

"ზოგმა ბაღმა გადასახადის სახით 70-80 ლარი დააწესა, ზოგმა კი 35-40 ლარიც საკმარისად

მიიჩნია"(?!)

"პრესტიჟულ უბნებში გადასახადი მეტია, პერიფერიებში კი ნაკლები(?!)"

სექტემბრიდან ჩემი უმცროსი შვილი მიდის ბაღში, უფრო სწორად, ფასიან ბაღში. მანამდე იმავე ბაღში მთელი წელი უფასოდ უფროსი ბიჭი ვატარე. სოციალურად დაუცველი არ ვარ, მაგრამ არც ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვისი წლიური შემოსავალიც 40.000 ლარს აჭარბებს. მართალია, ორი შვილი მყავს, მაგრამ უფროსი უკვე დიდი ხანია გასცდა ბაღის ასაკს, ამიტომ სახელმწიფოსგან შეღავათების იმედი არ უნდა მქონდეს. თუმცა, ისიც არ ვიცი, რა უნდა მაიმედებდეს. ძვირფასო რედაქციავ, ბოლო დროს საბავშვო ბაღებში გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით იმდენს ლაპარაკობენ, რომ აღარ ვიცი, რა არის ტყუილი და რა - მართალი. იქნებ თქვენ მაინც გაგვარკვიოთ, რა ხდება.

მაია ნოზაძე, თბილისი

მუნიციპალური ბაგა-ბაღის შენობა, სადაც ჩემი შვილი დამყავს, ორი წლის წინ გაარემონტეს, ამიტომ არ მგონია გადასახადის დაწესების შემდეგ, ამ თვალსაზრისით, სასიკეთოდ კიდევ რამე შეიცვალოს. კვების რაციონიც აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო. ყოველდღიურ მენიუში განსაზღვრული იყო ხილიც, ხორციც, თევზიც და ბოსტნეულიც. ამბობენ, რომ გადასახადის დაწესება მომსახურების ხარისხზე აისახება, თუმცა კიდევ რა შეიძლება შემატონ ბავშვის კვების რაციონს, ძნელი წარმოსადგენია. ინგლისურს, ცეკვას, სიმღერასა და ლექსებს აღსაზრდელებს აქამდეც ასწავლიდნენ, თანაც ყოველგვარი დამატებითი საზღაურის გარეშე. მას შემდეგ, რაც ბაღები 100%-ით ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ფულს პედაგოგის საჩუქრისთვისაც აღარ აგროვებდნენ - მკაცრად იყო აკრძალული. ამგვარად, ბაღებისთვის გადასახადის დაწესების მიზეზად იმის თქმა, რომ თითქოს მშობელი წლების განმავლობაში ბაღში არაოფიციალურ გადასახადებს იხდიდა და ახლა ამ ფულის "გაპრავება" მოხდება, უსუსური არგუმენტი მგონია.

თამრიკო პაპაშვილი, თბილისი

KvirisPalitra.Geმას შემდეგ, რაც სახელმწიფომ სკოლამდელი დაწესებულების ბიუჯეტი შეამცირა, ეს თანხა, როგორც ჩანს,  საიდანღაც უნდა ანაზღაურდეს, დანაკლისის შევსების საუკეთესო წყარო კი ხალხის ჯიბეა. სამაგიეროდ, ბაგა-ბაღებისთვის მოკლებული მილიონები მერიის მიერ განსაზღვრულ სხვა პრიორიტეტებს მოხმარდება, მათ შორის კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაცაა.

თითოეულ ბაღს შესაძლებლობა აქვს დადგენილი სტანდარტით ინდივიდუალური გადასახადი დააწესოს, მაგრამ ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რაც რეალურად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ერთი ბავშვის შენახვას სჭირდება. მაგრამ ვინ განსაზღვრავს, რეალურად რამდენი სჭირდება ბავშვის ბაღში შენახვას, ამასთან რამდენს ართმევს ბაღი მშობელს სტანდარტს ზემოთ, უცნობია. ამიტომაც დააწესა უკვე ზოგმა ბაღმა გადასახადის სახით 70-80 ლარი, ზოგმა კი 35-40 ლარიც საკმარისად მიიჩნია. როგორც ჩანს, ბაგა-ბაღის გადასახადის დიფერენცირება თბილისის უბნების მიხედვით მოხდა, პრესტიჟულ უბნებში გადასახადი მეტია, პერიფერიებში კი ნაკლები.

საბავშვო ბაღის ასაკის მეორე შვილის სწავლებაში მშობელი პირველი შვილის სწავლის ღირებულების 50%-ს გადაიხდის, ხოლო მესამე ბავშვის სწავლება იქნება უფასო. სოციალურად დაუცველი - 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვებისა და ასევე იმ მოზარდების სწავლების გადასახადს, რომელთა აღზრდა ინკლუზიური მეთოდით მიმდინარეობს, თბილისის მერია დაფარავს.

თბილისის ბაგა-ბაღები სამართავად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაეცა, რომელიც მერიის დაქვემდებარებაში მყოფი არაკომერციული და არასამეწარმეო იურიდიული პირია. სწორედ მას მიანიჭა მერიამ უფლება, ჩვენი შვილების აღზრდაზე ახალი მეთოდოლოგიით იზრუნოს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ძველ მეთოდოლოგიას.

მამუკა ქაცარავა, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი: - სკოლამდელ ასაკში ბავშვისადმი მიზანმიმართული მეთოდოლოგიური დამოკიდებულება მომავალში მისი პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ინტელექტუალური თუ სოციალური სტატუსის ფორმირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებრივი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ბავშვებს შესაბამისი მეთოდოლოგიური მიდგომები შევთავაზოთ. ჩვენს ბაღებში მსგავსი ცვლილება  საერთოდ არ მომხდარა.

ახალი მეთოდოლოგიით პედაგოგებს ექნებათ სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება მათ, უკეთ გააცნობიერონ ბავშვის განვითარების ინდივიდუალურობა ასაკობრივ ჭრილში, დაგეგმონ ღონისძიებები ბავშვის მოსამზადებლად სკოლისა და მომავალი ცხოვრებისათვის. შესაბამისად, სექტემბრიდან ყველა პედაგოგს ჩაუტარდება სპეციალური მზადება ახალ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ხოლო მისი პილოტირება მოხდება ერთი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება ბავშვთა რაოდენობას ჯგუფებში, იგი განისაზღვრება ბაღისათვის 35 ბავშვით, ბაგის ჯგუფისათვის 25-ით.

- თუ იარსებებს გადასახადის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი? ხომ შეუძლია საბავშვო ბაღს გადასახადის ტარიფი სურვილისამებრ გაზარდოს და მაგალითად, 150 ლარი გახადოს?

- ბაღებში ე.წ. ზესტანდარტული სწავლება უქმდება, რაშიც მშობლებს უწევდათ დამატებითი თანხების გადახდა. შესაბამისად, ცალკეულ ბაღებს შეეძლებათ თავიანთ სასწავლო სერვისში შეიტანონ აქტივობები, რომელიც არ შედის სტანდარტულ მეთოდოლოგიაში, მაგრამ არ ეწინააღმდეგება ასაკობრივ სასწავლო ნორმებს. ეს უფლება ბაღმა უნდა მიიღოს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსაგან. ამის გათვალისწინებით ბაღებს აქვთ უფლება, დააწესონ დიფერენცირებული გადასახადი, რაც მშობლებსაც მისცემს არჩევანის უფლებას, მაგრამ ეს გადასახადი არ იქნება 70-75 ლარზე მეტი. ასეთი მაქსიმალური გადასახადი შეიძლება დააწესონ ერთეულმა ბაღებმა.

ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებმა 100%-ით დაფარონ სწავლება ბაღებში. ამ ოჯახების წლიური შემოსავალი 40.000 ლარზე მეტია და რეგისტრირებული არიან საგადასახადო სისტემაში ქონების გადამხდელებად. სხვა შემთხვევებში, მერია შეავსებს იმ ნორმატივს, რაც ერთი ბავშვის სწავლებას სჭირდება მოცემულ ბაღში.

- თუ ბავშვი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით არ დადის ახლომდებარე ბაღში, რეფორმის შემდეგ მის მშობელს ეკისრება თუ არა ვალდებულება შეუცვალოს ბავშვს ბაღი და გადაიყვანოს იმ ბაღში, რომელიც მათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეკუთვნით?

- ყველა ბავშვი, რომელიც გასულ წელს დადიოდა ბაღში, ავტომატურად დარეგისტრირდება მოცემულ ბაღში და მისი შეცვლა არ მოუწევთ.

ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი: "ეს ყოველთვის იყო თბილისის მერიის ვალდებულება, რომ მუნიციპალური ბაღი ყოფილიყო უფასო და არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა ბავშვი, რომელიც ამ ბაღში დადიოდა. ახლა მერიამ ცალსახად განაცხადა, რომ ყველამ  უნდა ინებოს და თავისი ჯიბიდან გადაუხადოს შვილს ბაგა-ბაღის გადასახადი. მერია უკვე ყველა მოქალაქის ჯიბეში ძვრება, რათა თავად არ გასწიოს ხარჯები. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რას უნდა მოახმარონ სამომავლოდ ეს თანხები, შესაძლოა, არჩევნების გაყალბებასა და პიარკამპანიებს.

რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, მოახდინეს გაურკვეველი დიფერენციაცია. აღმოჩნდა, რომ საბურთალოს, ვაკისა და ძველი თბილისის მცხოვრებლებს თავიანთი შვილებისთვის ბაგა-ბაღში უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, ვიდრე თუნდაც გლდანი-ნაძალადევისა და ვარკეთილის მცხოვრებლებს. საინტერესოა რა ნიშნით გამოარჩიეს მოსახლეობა. როგორც ჩანს, გამოთვალეს, რომ მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენა პერიფერიულ უბნებში ცხოვრობს. მოქალაქეების ასეთი სეგრეგაცია ყოვლად მიუღებელია და ამას ყოველთვის გავაპროტესტებთ.

მოქალაქეს აღარ დაუტოვეს არჩევანის უფლება. ვისაც უნდოდა, ისედაც დაჰყავდა ბავშვი კერძო ბაღში, ახლა კი ყველას გადასახადის გადახდა მოუწევს. გამოდის, რომ მუნიციპალური ბაღები საერთოდ უქმდება. ზოგადად ტენდენცია დამკვიდრდა ისეთი, რომ ყველაფერში ფულის გადახდას გთხოვენ. არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში წყლის გადასახადიც გაიზარდოს.

ყოველდღიურად ცდილობს ეს ხელისუფლება, ჩვენი ცხოვრება გააძვიროს.

ყოველივე ეს კი ძალიან მძიმე შედეგების მომასწავებელია.

ნებისმიერ საშუალო თბილისურ ოჯახს 50, 70 და 80 ლარი რაღაც მნიშვნელოვან ხარჯებზე აქვს გათვლილი. ბევრი ოჯახი ვიცი, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი, მაგრამ მათ ყოველი ლარი გათვლილი აქვთ, რაში უნდა დახარჯონ. ბაგა-ბაღის გადასახადი კი მათთვის დამატებითი ხარჯი იქნება. რა თქმა უნდა, შვილისთვის მშობელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, მაგრამ გაუგებარია, სახელმწიფო რატომ უნდა გიქმნიდეს დამატებით პრობლემებს, მაშინ როდესაც ხელისუფლება თითოეული მოქალაქის ცხოვრების შემსუბუქებაზე უნდა ზრუნავდეს".