ლისის ტბის ადრენალინი - კვირის პალიტრა

ლისის ტბის ადრენალინი

"გახსოვს ლისი?.. ქარი მისი, ცის კიდურზე მზის ლიცლიცი, სივრცეები, სივრცეები, ტყიანი და მარადისი, სევდით სავსე გამოხედვა, დარდი მოგყვა მაინც მისი?!"

ლისის ტბის გზას დავადგები თუ არა, გალაკტიონის ეს ლექსი მახსენდება. ალბათ, სხვასაც, რადგან თუ რაიმე სევდა გაქვს, ლისი პირველი წამალია თავისი  სილამაზით და სიმშვიდით. ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ მათ, ვინც ლისის ტბისკენ გზას დილაადრიან აუყვებიან შემოდგომის ფერების შესასრუტად.

მართლაც ულამაზესია აქაურობა - გარს მოოქროსფერებული შიშველი ბორცვები აკრავს, მერე - ფიჭვისა და ჭადრის მწვანობი მოჩანს, შუაში კი  - ტბა. ამბობენ, დიდი კომუნისტის, ფილიპე მახარაძის ძმის გაშენებულია ეს ყველაფერი და ახლა არავის ახსოვსო.

მახარაძე იქით იყოს და: ახლა ერთად ავიდეთ ლისზე, სადაც ჩვენამდე მეთევზეებიც ასულან შვილებიანად. თქვენ არ დაგყავთ შვილები სათევზაოდ? ძალიანად ცუდი, რადგან პატარა ბიჭებს მამის გვერდით ყოფნასა და წყალში გადაგდებულ ანკესზე მეტად არაფერი უყვართ. მაშინ ხომ ცას ეწევიან სიხარულით, თუ ანკესმა ზარიც დარეკა,  ესე იგი, თევზმა სრიალა პირი ანკესს მიადო და  ზარიც აწკრიალდება, - ამწიეო!  აი, ანდროც ლისზეა. მართალია, თევზები ხშირად ატყუებენ, მაგრამ ანდრო მაგარი ბიჭია და მაინც ახერხებს თითო-ოროლას ანკესზე წამოგებას.

KvirisPalitra.Ge- აქ მამიკოსთან ერთად ამოვდივარ, - მეუბნება რიხით და პატარა თითებს ძალუმად უჭერს ანკესს, ზოგჯერ შუადღემდე ვრჩებით, მერე სანამ დედა არ დაგვირეკავს, წასვლა არ გვინდა, მაგრამ მამა იტყვის, ავიბარგოთო და მივდივართ.  ბევრჯერ არა, მაგრამ თევზი ჩემს ანკესსაც მოჰყოლია.

როცა ტბა გაყინულია, თევზი ყინულის ქვეშ დაცურავს. ესეც არ გაიკვირვოთ - მკაცრ ზამთარში მეთევზეებს ლისზე 30-35-სანტიმეტრიანი ყინულიც უნახავთ, შეგიძლია, ზედ შედგე და გაიარო. ისე, კაცია და გუნება - ზოგს ყინულზე სიარული მოსწონს, ზოგს - ყინულქვეშ ცურვა. მე ამ უკანასკნელის გახსენებისას მაჟრჟოლებს, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, შემოდგომის გვარიანად ცივ დილას ლისზე გალუმპულ "მორჟებსაც" ნახავთ. ცივი ქარი დასისინებს, ისინი კი დაფეხვილ შეზლონგებზე გაწოლილან გასაშრობად; ზოგიც წყალში ყვინთავს. თუ შეიცხადებ, - არ გცივათ, ხალხო, ახლა რა დროს ცურვააო, უკვირთ - კი მაგრამ, სად არის სიცივეო?! ისე, ნამდვილად გულწრფელები არიან, - ხალხი თურმე იანვარ-თებერვალში ლისზე ყინულის ქვეშ დაცურავს და ვითომ ოქტომბერში რატომ უნდა სციოდეთ?! ამიტომ კვდებიან სიცილით, - აბა, მაშინ გვნახეთ, ამ ტბაზე ყინულს რომ ვამტვრევთ და ყინულქვეშ ვცურავთ. ცულით ჩავამტვრევთ ყინულს, ჯერ ერთგან, მერე მეორეგან, რამდენიმე მეტრის მოშორებით... მერე გავიხდით, ჩავყვინთავთ ერთ ხვრელში და მეორეში ამოვყვინთავთო...

- ანუ იმ ხვრელებს შორის რომ დაცურავთ, მოგწონთ?

- იქ ნამდვილი ჯოჯოხეთია... რადგან ყინულქვეშ წნევა იზრდება, სხეულზე გაწვება და მთელი სხეული იკუმშება. რაც მთავარია, ღიზიანდება ცდომილი ნერვი, რომელიც გულით უცბად სიკვდილსაც კი იწვევს. შენ კი ისე უნდა მოასწრო მეორე ღრმულამდე მისვლა, რომ არ მოკვდე... თუ მოასწრებ და ამოყვინთავ, მაშინ ჩნდება ის ადრენალინი, რასაც ისე ვერ გაიგებ და ვერავინ აგიხსნის, თუ არ გამოცადე... აქაურობა ნევროზის პირველი წამალია და სხვა დაავადებებისაც. აქ ერთი დადის, ერთ წელიწადში 32 კილო დაიკლო და თავისი წნევაც, რომ იტყვიან, ლისის წყალს გაატანა.

ჩვენ საკუთარი თავის ექიმები ვართ, აქაურობა კი - წამალი, - ისე ამბობენ მორჟები, რომ ხვდები, აქაურობა ნამდვილად მკურნალია, ამას გოგირდის წყალიც ემატება და აღარც დაობ...

KvirisPalitra.Ge...ეგ არის, ტყეში შესული  საშინელ გუნებაზე დგები - ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქეიფის მოყვარულ ქართველებს თავისი კვალი დაუტოვებიათ - პოლიეთილენის ბოთლები, ერთჯერადი თეფშები და ჭიქები და გამოხრული ძვლებიც კი. ნეტავ როდემდე ვერ უნდა ვისწავლოთ ჩვენი მთისა და ბარის, წყლისა და მიწის სიყვარული!

მართლა როდემდე? მაგრამ ჩვენ თუ არა, იქნებ იმ პატარა ბიჭების თაობამ მაინც ისწავლოს, მხიარული ყიჟინით რომ დარბიან ტბის სანაპიროზე.

მე კი მათ სანაპიროზე ვტოვებ და ლისიდან წითლად აბდღვრიალებული ტოტები მომაქვს.