გაიცანით თინა – მსოფლიოს გაოცება ქართველებსაც შეგვძლებია! - კვირის პალიტრა

გაიცანით თინა – მსოფლიოს გაოცება ქართველებსაც შეგვძლებია!

"ჩემი ინტერესის პირველი საგანი ადამიანია!"

ამას წინათ, სოციალურ ქსელ facebook-ში ძალიან საინტერესო ფოტოხელოვანს გადავაწყდი. როდესაც მის გალერეაში შევიხედე, გაოცებისგან დავმუნჯდი. ჩემ წინ საოცარი კადრები გადაიშალა. ავტორი კი ამ ფოტოებისა, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველი ქალბატონი თინა ყაზახიშვილი აღმოჩნდა. ჩემდა სამწუხაროდ, მის შემოქმედებას აქამდე არ ვიცნობდი. გადავწყვიტე, მიმეწერა და მისი ფოტონამუშევრებით ჩემი ბლოგი გამემდიდრებინა… პასუხმაც არ დააყოვნა. ქალბატონი თინა "კვირის პალიტრასთან" თანამშრომლობას სიამოვნებით დასთანხმდა. ვთხოვე,  მის შესახებ  მცირედი ბიოგრაფიული ცნობებიც გამოეგზავნა:

"მე ვარ თინა ყაზახიშვილი. ფოტოხელოვნებამ  2006 წლიდან გამიტაცა. თავიდან ეს მხოლოდ ჰობი იყო… გადაღება, ჩემი პროექტებისთვის, არქიტექტურული ობიექტებით დავიწყე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ადამიანური ყოფა, მათი ყოველდღიურობა, სახასიათო პორტრეტები მეტად მაინტერესებდა. ციფრულ აპარატს არ ვიყენებ, ვიღებ ფირით, რადგან მიმაჩნია, რომ ფირზე მუშაობა უფრო რთული და მეტად შემოქმედებითია, უკეთ აისახება ნებისმიერი ემოცია…ზოგადად,  რეპორტაჟული ჟანრი მაინტერესებს, თუმცა ვიღებ ყველაფერს, რაც დღევანდელ ყოფას შეეხება. ჩემი ინტერესის პირველი საგანი ადამიანია! ნატურმორტი, პეიზაჟი და სხვ. ნაკლებად მხიბლავს.

პროფესიით არქიტექტორი ვარ. ახლა უკვე ფოტოგრაფიც :)

ამჟამად თბილისში ვცხოვრობ, 5 წელი ვსწავლობდი საფრანგეთში.

ბევრი გამოფენა მქონია, ძირითადად ევროპა–ამერიკაში, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. საქართველოში 3 გამოფენა მოეწყო: გალა გალერეაში (ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი  გამოფენა – ისიც ფოტოგრაფია და ამ საქმეს მან მაზიარა); გალერეა 9-სა და ღია ცის ქვეშ.

მრავალ უცხოურ გამოცემაში დაბეჭდილა ჩემი ნამუშევრები.

2011  წელს ესპანეთში წიგნიც გამოვეცი. ახლა 2 წიგნი მზადდება გამოსაცემად  – ფსიქიატრიული საავადმყოფო და ორმაგი ექსპოზიცია."

იხილეთ ვრცლად