სტივენ ჰოუკინგი და მისი ცოლები - კვირის პალიტრა

სტივენ ჰოუკინგი და მისი ცოლები

სტივენ ჰოუკინგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი და ფიზიკოსი-თეორეტიკოსია. დაიბადა ოქსფორდში 1942 წლის 8 იანვარს. 60-იანი წლებიდან დაწყებული, სტივენს გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის სიმპტომები აღმოაჩნდა, რამაც დამბლამდე მიიყვანა. ხოლო ტრაქეის ამოკვეთის შემდეგ მან მეტყველების უნარიც დაკარგა. მას უწინასწარმეტყველებდნენ, რომ 30 წლის ასაკამდე იცოცხლებდა, თუმცა დღეს ის 73 წლისაა და მის ზურგს უკან უამრავი სამეცნიერო ნაშრომი, ორი ქორწინება და 3 შვილია. 2013 წელს სტივენ ჰოუკინგმა გამოსცა ავტობიოგრაფია “ჩემი მოკლე ისტორია”, რომელშიც მან დაწვრილებით აღწერა, რა ტკივილი მიაყენა მას ორივე ქორწინებამ.

სრულად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"

1965 წელი. ჯენ უაილდი

სტივენმა და ჯენმა ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს, როცა ოქსფორდში სწავლობდნენ . სტივენის თქმით, მას შემდეგ, რაც 1963 წელს პირველად დაუსვეს გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი, ჯენთან შეხვედრა მას დაეხმარა გამოსულიყო დეპრესიიდან და გასჩენოდა მომავლის, ოჯახის შექმნისა და ბავშვების ყოლის იმედი.

სტივენი და ჯენი 1965 წელს დაქორწინდნენ

მათი პირველი ვაჟი რობერტი 1967 წელს დაიბადა, როცა ჯენი დოქტორანტურაში სწავლობდა. თუმცა 1979 წელს, მათი მე-3 ბავშვის დაბადების შემდეგ ჯენის დეპრესია დაეწყო. როგორც სტივენი თავის წიგნში წერს, ჯენისთვის ძალიან რთული გახდა ერთდროულად 3 ბავშვისა და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ქმრის მოვლა. სრულ უიმედობაში მყოფმა ჯენიმ მამაკაცის ძებნა დაიწყო, რომელიც შეძლებდა სტივენის სიკვდილის შემდეგ მისი და ბავშვების მიხედვას. ასეთი მამაკაცი, მუსიკოსი ჯონათან ჯონსი აღმოჩნდა, რომელიც ჯენმა ბინაში ქმარსა და შვილებთან ერთად დაასახლა. სხვათა შორის, ჯონათანი სტივენის მეგობარი გახლდათ. ჰოუკინგი წინააღმდეგი იყო ასეთი სიტუაციის, თუმცა რაკი ეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა მალე მომკვდარიყო, ისიც ფიქრობდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბავშვებისთვის ვინმეს უნდა მიეხედა.

ჯენის თქმით, სტივენთან ურთიერთობების დასაწყისში ის მოიხიბლა მისი ფართო ღიმილითა და დიდი ნაცრისფერი თვალებით, თუმცა მათი ქორწინება დაანგრია უეცრად თავს დამტყდარმა ქმრის დიდებამ და მისმა დაავადებამ. მსოფლიოსთვის ის დიდი მეცნიერი გახლდათ, ოჯახისთვის კი მისი დაავადება იყო შავი ხვრელის მსგავსი რამ.

სიძნელეების მიუხედავად, სტივენი წერს, რომ მეტად მადლიერია თავისი პირველი ცოლის, რომელიც მის გვერდით ცხოვრების ყველაზე ძნელ პერიოდში აღმოჩნდა. 1985 წელს სტივენს ფილტვების ანთება დაემართა და ექიმებმა ჯენს ურჩიეს გამოერთო ქმარი აპარატებიდან, რაზეც ჯენმა უარი განაცხადა და ამით ქმარს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

სტივენსა და ჯენს 3 შვილი ჰყავთ (ორი ვაჟი და ქალიშვილი). მათი გოგონა ლუსი სწავლობდა ოქსფორდში, ისწავლა ფრანგული და რუსული ენები. სპეციალობით ჟურნალისტია და მამასთან ერთად ხშირად ჩნდება.

1990 წელს სახლში შექმნილი სიტუაციის გამო სტივენი საცხოვრებლად თავის ერთ-ერთ მომვლელ ქალთან, ელაინ მეისონთან გადავიდა. 1991 წელს სტივენი და ჯენი 26 წლიანი ქორწინების შემდეგ გაიყარნენ.

1995 წელი. ელაინ მეისონი

სტივენი და ელაინი 1995 წელს დაქორწინდნენ და მათი ქორწინება 11 წელიწადს გაგრძელდა. სტივენმა თავის ერთ-ერთ მომვლელ ქალთან ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო , რაც ჯენმა სახლში ჯონათანი მოიყვანა. სტივენი თავის ურთიერთობებს ელაინთან აღწერს, როგორც “ბობოქარსა და ვნებიანს”.

2004 წელს პოლიციამ სტივენი დაკითხა არსებული ინფორმაციის გამო, რომ მისი მე-2 ცოლი მასზე ფიზიკურად ძალადობს, ჰოკინგმა ბრალდებები უარყო. თუმცა სხვადასხვა წყაროები აღნიშნავენ, რომ ელაინი სტივენის მიმართ ძალიან სასტიკი გახლდათ. რამდენჯერმე საავადმყოფოში მიიყვანეს ცემის კვალით, მცირე ჭრილობებითა თუ ხელის მოტეხილობებით, მაგრამ სტივენი მუდამ უარს ამბობდა რაიმეს ახსნაზე.

ერთ-ერთი მომვლელი ქალის განცხადებით, ელაინი სტივენს სახიჩარს ეძახდა, ყველნაირად აბუჩად იგდებდა, მაგალითად, აბაზანაში ზედმეტად ცხელ წყალში აბანავებდა, აიძულებდა ადგილზევე მოეშარდა. სხვა მომვლელი ქალის გადმოცემით, როცა სტივენს ცოლად მიჰყვებოდა, ელაინს მხოლოდ ანგარება ამოძრავებდა (კემბრიჯში საერთო სახლის ფასი დაახლოებით 750 ათასი გირვანგა სტერლინგია, სტივენის შემოსავალი მისი წიგნებიდან კი დაახლოებით 2 მლნ). მან 15-წლიანი ქორწინების შემდეგ მიატოვა თავისი ქმარი და 2 ბავშვი მას მერე, რაც სტივენი პირველი ცოლს დასცილდა. როგორც კი ელაინი სტივენს გაჰყვა, მაშინვე დაიწყო მისი ძველი მომვლელი ქალების დათხოვნა და მხოლოდ ისეთ ადამიანებს ქირაობდა, ვისი გაკონტროლებაც თავად შეეძლო. ელაინს მეტად შურდა სტივენის დამოკიდებულების მის შვილებთან, ამიტომ მუდმივად უჩიჩინებდა, რომ თავადაა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტივენი სჭირდება. 2004 წელს სტივენმა კი უარყო ბრალდებები, რომ ცოლი მის მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებს, მაგრამ თავის წიგნში აღიარებს, რომ ელაინთან დამოკიდებულებაში მას ჰქონდა სირთულეები, მაგრამ ცოლისგან სამედიცინო მოვლა ძალიან ეხმარებოდა.

2006 წელს სტივენი და ელაინი გაიყარნენ, რამაც უეჭველად ძალიან გაახარა მისი შვილები და ახლობლები.

დღეს სტივენ ჰოუკინგი 73 წლისაა და აქვს მტკიცე სამოქალაქო პოზიცია, არ ეშინია პოლიტიკოსებისა თუ ომების გაკრიტიკების. მოამზადა 39 წარმატებული დოქტორანტი და ძალიან ახლოსაა თავის შვილებთან და შვილიშვილებთან

“ყოველი დღე შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს ჩემთვის, თუმცა მე 71 წლისა ვარ, მაგრამ მე სამუშაოზე ყოველდღე დავდივარ. მე მსურს მაქსიმუმი მივიღო ყოველი წუთიდან”.

“ჩემი მოკლე ისტორია”