საოცარი ტოსკანა - კვირის პალიტრა

საოცარი ტოსკანა

ტოსკანა სამოთხის პატარა ნაწილია იტალიაში და შემთხვევითი არაა, რომ რეგიონი საუკეთესოდ მიიჩნევა ეკოტურიზმისთვის. ვისაც სურს იცხოვროს სილამაზისა და სიმშვიდის ატმოსფეროში, უნიკალური პასტორალური პეიზაჟების ფონზე დატკბეს შუა საუკუნეების დროინდელი სოფლების მოკირწყლული ქუჩებითა და ძველებური ეკლესიებით, ირჩევს ტურიზმის შედარებით ახალ ფორმას “აგროტურიზმს” – როცა ნებისმიერ დროს შედარებით იაფად ქირავდება სოფლის სახლები მთლიანად, თავისი ვენახებითა თუ ზეთისხილის ბაღებით.

მაშინ გეძლევათ შესაძლებლობა ისაუზმოთ რენესანსის მდიდრულ ქმნილებებს შორის და დილით ყავის სმის დროს დატკბეთ უნიკალური ტაძრების არქიტექტურით; საკუთარი თვალით იხილოთ მიქელანჯელოს და ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრები; ისეირნოთ ყაყაჩოებით დაფარულ ბორცვებზე, სადაც მოსახვევში უეცრად იშლება ხედი ციხე-დარბაზით, სადაც დღესაც ცხოვრობენ; იმგზავროთ ვენახებს შორის, სადაც ყოველი მასპინძელი ცდილობს ღვინის სარდაფში ჩაგიყვანოთ თავისი საუკეთესო ღვინოების გასასინჯად; დაისვენოთ შესანიშნავ პლაჟებზე, სადაც ნაპირს ზანტად ეხება ტირენის ზღვის ალერსიანი ტალღები.

ტოსკანა უნიკალური რეგიონია ცენტრალური იტალიის დასავლეთ სანაპიროზე. აქ მდებარეობს იტალიის 8 ბუნებრივი ნაკრძალიდან ორი – “პარკო დელა მარემა” და “მილიარინო სან როსორე”. ეს ყველაზე პოპულარული ტურისტული ოლქია არა მარტო ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც.

აქ ჩამოდიან აღორძინების ეპოქის ხელოვნების სანახავად, ადგილობრივი სამზარეულოს გასაცნობად, ღვინოების გასასინჯად და პლაჟებზე გასარუჯად. ტოსკანა განთქმულია თავისი კრისტალურად სუფთა წყალსატევებით, ხელუხლებელი ბუნებით, კაშკაშა-მწვანე პეიზაჟებით და კარგად შენახული არქიტექტურული ძეგლებით. ამის გამო აქაურობას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

ტოსკანა ბორცვებზეა გაშლილი და ბევრ მათგანზე ქალაქებია, რომლებიც საინტერესოა ისტორიის, არქიტექურის და ფერწერის ნებისმიერი მოყვარულისთვის. თითოეულ ქალაქს აქვს საკუთარი განუმეორებელი ატმოსფერო და მრავალი ღირშესანიშნაობა. ყველასთვის საერთო კი არის საკვირველი უშფოთველობისა და სიმშვიდის განცდა, რომელიც აქაურ ქუჩებში სეირნობისას ეუფლება სტუმარს.

არ შეიძლება, არ ესტუმროთ ფლორენციას – მსოფლიოს ხელოვნების მარგალიტს, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქს, რომლის წყალობით მსოფლიომ გაიგო ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, დანტესა და გალილეის სახელები.

ტაძრები, ბაზილიკები, ეკლესიები, მუზეუმები, გალერეები, სასახლეები თუ ხიდები იმდენია, რომ ყველა ღირშესანიშნაობის ნახვას არაერთი კვირა დასჭირდება

ფლორენცია განსაკუთრებით მდიდარია მუზეუმებით

სენორიის მოედანზე მდებარე უფიცის გალერეა ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია იტალიაში, რომელშიც იტალიური ფერწერის მსოფლიოში ყველაზე სრული და მნიშვნელოვანი კოლექციაა. მუზეუმი სან-მარკო განთქმულია დიდი დომინიკანელების ფრა ბეატო ანჟელიკოსა და ფრა ბარტოლომეოს ფრესკებით, სავონაროლას კელიით.

საინტერესოა ნატიფი ხელოვნების აკადემიის გალერეა, ასევე პალატინის გალერეა სამეფო აპარტამენტებში, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ვერცხლის მუზეუმი, კარეტების მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი კროჩეტას სასახლეში, მედიჩის მუზეუმი მედიჩი-რიკარდის სასახლეში, მუზეუმი ოპერა-დელ-დუომო და ეროვნული მუზეუმი პალაცა-ბარჯელო. 1339 წელს ფლორენცია გახდა პირველი ქალაქი ევროპაში, სადაც მოკირწყლული ქუჩები გაჩნდა.

ტოსკანას მნიშვნელობით მეორე ქალაქია სიენა. მისი შუა საუკუნეების დროინდელი ცენტრი ღია ცის ქვეშ წარმოადგენს ერთიან მუზეუმს და იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრად არის გამოცხადებული.

ქალაქში მთავარი ღირშესანიშნაობა შესანიშნავი სიენის ტაძარია, მსოფლიო მნიშვნელობის შედევრი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტაძრად ითვლება. ბევრის აზრით, სიენა არაფრით ჩამოუვარდება ფლორენციას თუ პიზას.

ქალაქი პიზა თავისი დახრილი კოშკით პრაქტიკულად ყველასთვისაა ცნობილი.

დახრილი კოშკი სამრეკლოა, რომელიც სანტა-მარია ასუნტას ანუ იგივე პიზის სატაძრო ანსამბლის ნაწილს წარმოადგენს. 19867 წლიდან მთელი კომპლექსი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი

მართალია, უამრავი ადამიანისთვის პიზა მხოლოდ ამ დახრილ კოშკთან ასოცირდება, მაგრამ ეს მთლად სამართლიანი არ არის: ქალაქში უამრავი საყურადღებო ადგილია: მედიჩის სასახლე, შუა საუკუნეების გალერეა ბორგო-სკრეტო, სამეფო სასახლე პალაცო-რიალე, პალაცო-ჯანფრანჩი თუ პალაცო-აგოსტინი, სასაფლაო კამპოსანტო, ბოტანიკური ბაღი და კიდევ ბევრი სხვა რამ. მაგრამ აუცილებლად უნდა ეწვიოთ პიზის უნივერსიტეტს, რომელიც უძველესია ევროპაში.

ქალაქი მონტეპულჩანო “კეთილშობილი ღვინოს” (ვინო ნობილე) სამშობლოა. ასევე განთქმულია აქაური სპაგეტი და ყველი.

ამ ქალაქის სახელი ყველამ არ იცის, მაგრამ თითქმის ყველამ იცის ფილმი “ბინდი. საგა. ახალი მთვარე”, რომელიც მის ქუჩებში გადაიღეს 2009 წელს. ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლი – XVI საუკუნის ეკლესია მადონა დი სან-ბიაჯო მიჩნეულია აღოძინების ეპოქის “იდეალად”

ტოსკანას აღმოსავლეთში უნდა ესტუმროთ არეცოს – რეგიონის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს, ფრანჩესკო პეტრარკას სამშობლოს. ისევე როგორც სხვა ქალაქებში, აქაც მრავალი ლამაზი ეკლესიაა შესანიშნავი ფრესკებით.

ყოველი თვის პირველ შაბათ-კვირას კი არეცოში ანტიკვარული ნივთების ბაზრობა იმართება. სწორედ არეცოს ვიწრო ქუჩებში გადაიღო რობერტო ბენინიმ თავისი “ოსკაროსანი” ფილმი “ცხოვრება მშვენიერია”

აქვე ღირს მოინახულოთ “შუასაუკუნეების მანჰეტენად” მონათლული სან ჯიმინიანო 15 ძველი კოშკით. XIV საუკუნის შუა წლებში სან ჯიმინიანოში კოშკების რაოდენობა 72-ს აღწევდა.

სხვა ღირშესანიშნაობებს შორისაა კოლეჯიატის ბაზილიკა უამრავი ფრესკით და ქალაქის კედელი ბასტიონით.

განსაკუთრებით კი ცნობილია კოშკი, რომელიც ადილობრივი ლეგენდით ეშმაკის მიერაა დაკაწრული. “ნაკაწრის” ხილვა მართლაც შესაძლებელია ერთ-ერთ კედელზე.

სიენას ჩრდილო-დასავლეთითაა ქალაქი ვოლტერა

ბორცვის თხემზე აშენებული ვოლტერადან შესანიშნავი ხედი იშლება – კარგ ამინდში შესაძლებელია ტირენის ზღვისა და კუნძულ კორსიკის დანახვაც კი. რომამდე ვოლტერა ეტრუსკების ციტადელი იყო, რომელთა ნაკვალევი აქ დღემდეა შემონახული.

აუცილებლად სანახავია მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობა – მედიჩის სიმაგრე

და ბოლოს ტოსკანას კიდევ რამდენიმე ფოტო, რომელთაც კომენტარი არ სჭირდება. უმჯობესი კი იქნება, თავად ეწვიოთ და საკუთარი თვალით ნახოთ ეს ჯადოსნური მხარე.