კარმენ დელ’ორეფაისი – გინესის რეკორდსმენი სუპერმოდელი - კვირის პალიტრა

კარმენ დელ’ორეფაისი – გინესის რეკორდსმენი სუპერმოდელი

კარმენ დელ’ორეფაისი – იტალიურ-უნგრული წარმოშობის უნიკალური სუპერმოდელი 1931 წელს ამერიკაში დაიბადა. 13 წლის ასაკში იგი სამოდელო სააგენტოს სკაუტებმა აღმოაჩინეს, რის მერეც საგამომცემლო სახლ Conde Nast-თან გააფორმა ექსკლუზიური კონტრაქტი. 1947 წლის ოქტომბერში კარმენი Vogue-ის გარეკანზე აღმოჩნდა.

ამას მოჰყვა ცნობილ მოდურ ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა, როგორებიცაა ირვინგ პენი, ფრანჩესკო სკიავოლო, ნორმან პარკინსონი და რიჩარდ ავედონი. 1960 წელს ჟურნალ Harper’s Bazaar-ისთვის მელვინ სოკოლსკის მიერ გადაღებულმა ფოტოსერიამ სახელწოდებით ”კარმენ”, მსოფლიო აღიარება ჰპოვა და უამრავი ჯილდოს მფლობელი გახდა. კარმენი ასევე სალვადორ დალის მუზაც გახლდათ.

სუპერმოდელი რამდენჯერმე იყო გათხოვილი. 50-იანი წლების დასაწყისში მისი მეუღლე ბილ მაილზი გახდა, რომელიც ულამაზეს ცოლზე ეჭვიანობდა, ფულს ართმევდა და სასტიკად აკონტროლებდა მას. წყვილი მალევე დაშორდა, როგორც კი მათ გოგონა შეეძინათ.

1958 წელს კარმენმა ფოტოგრაფი რიჩარდ ნეიმანი გაიცნო და ცოლად გაჰყვა, თუმცა ეს ქორწინებაც არ აღმოჩნდა ხანგრძლივი. ამბობენ, ნეიმანმა მაშინ მიატოვა, როდესაც მეუღლემ სამოდელო ბიზნესიდან წასვლა გადაწყვიტა.

მესამე ქორწინება 60-იან წლებში არქიტექტორ რიჩარდ კეპლანთან შედგა. წყვილი 9 წელი ცხოვრობდა ერთად. განქორწინების შემდეგ მორალურად განადგურებულმა კარმენმა 1978 წელს სიცარიელის შევსება სამოდელო ბიზნესში დაბრუნებით სცადა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო – მოდელი დღემდე წარმატებით განაგრძობს მუშაობას.

1990-2000 წლებში კარმენი აიზაკ მიზრახის ხაზის, ჩო ჩენგისა და Rolex-ის მოდელი იყო.

კარმენს Vogue, W და Harpers Bazaar-ის სარეკლამო კამპანიისთვის ხშირად იღებენ. 1993 წელს მარტინ სკორსეზემ გადაიღო ფილმში ”უმანკოების ხანა”, 1998 წელს ვუდი ალენის ფილმში ”Celebrity” ითამაშა.

კარმენ დელ’ორეფაისი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე ხანგრძლივი მოდელის კარიერის მქონე ქალი, გამოსცა წიგნი ”იყო ლამაზი: საიდუმლოებანი, რომლებიც ვისწავლე 40-წლიანი სამოდელო კარიერის განმავლობაში”, არის ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის დოქტორი.

დაბოლოს, მისი ციტატა: ”ჯერჯერობით ვერ დავარწმუნე საკუთარი თავი, რომ ვიქნები პირველი უკვდავი ადამიანი, მაგრამ მინდა შიშით კი არა, ბედნიერად ვიცხოვრო. მინდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოვკვდე!”