ყველაზე სასტიკი ქალები მსოფლიოს ისტორიაში - კვირის პალიტრა

ყველაზე სასტიკი ქალები მსოფლიოს ისტორიაში

მსოფლიოს არაერთი მკვლელი თუ მოძალადე ქალი ახსოვს, თუმცა მათ შორის გამორჩეულნი ისტორიაში “ყველაზე სასტიკი ქალების” სახელით შევიდნენ.

ისაბელ კასტილიელი (1451-1504 წწ.). ისაბელ კასტილიელისა და ფერდინანდ არაგონელის ქორწინებამ კასტილია და არაგონია გააერთიანა და ესპანეთის ძლიერი სამეფო შეიქმნა. დედოფალი ქრისტეფორე კოლუმბს მფარველობდა. არაკათოლიკეების მიმართ სასტიკი დამოკიდებულებით გაითქვა სახელი: მან ცნობილი ესპანური ინკვიზიციის პირველ დიდ ინკვიზიტორად თომას ტორკვემადუ დანიშნა და რელიგიური წმენდის ეპოქას დაუდო სათავე. ისაბელ კასტილიელის მმართველობის დროს ქვეყანა 200 ათასზე მეტმა ებრაელმა და არაბმა დატოვა. დარჩენილებს ქრისტიანობის მიღებას აიძულებდნენ, თუმცა არც ამან დაიცვა ისინი კოცონზე დაწვისგან.

დედოფალი მერი I (სისხლიანი მერი) (1516-1558წწ.). ჰენრიხ VIII-ს ქალიშვილი, ინგლისის ისტორიაში შევიდა, როგორც მონარქი, რომელსაც სურდა, ქვეყანა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წიაღში დაებრუნებინა. მერი ტიუდორი პირველი გვირგვინოსანი ქალი იყო, რომელიც ინგლისს მართავდა როგორც სრულუფლებიანი მონარქი. პროტესტანტების დაუნდობელი დევნის, სასტიკი წამებისა და განადგურების გამო მას “სისხლიანი მერი” შეარქვეს. ამ სახელითაც შევიდა ისტორიაში.

მერი ენ კოტონი (1832-1873 წწ.). თაგვის წამლით 20 კაცი მოწამლა. პოლიცია კოტონით მაშინ დაინტერესდა, როცა გაირკვა, რომ ყველა მისი ახლობელი ერთი მეორის მიყოლებით ერთი და იმავე სიმპტომით კვდებოდა. მან მოკლა რამდენიმე ქმარი, შვილები და დედა. იმდენად სასტიკი იყო, რომ ჯალათსაც კი, რომელსაც კოტონი უნდა ჩამოეხრჩო, განგებ "დაავიწყდა" ფეხქვეშ საყრდენის გამოცლა, რათა მკვლელისთვის სიკვდილით დასჯის სასტიკი წამები გაეხანგრძლივებინა.

ელზა კოხი (1906-1967 წწ.). ელზა კოხი, ანუ “ბუხენვალდის ქაჯი”, საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ცოლი იყო. პატიმრებს სასტიკად აწამებდა და კლავდა. მან ტატუირებული ადამიანის კანის ნაჭრების კოლექცია შექმნა. კოხმა 1967 წელს ციხეში თავი მოიკლა.

ირმა გრეზე (1923-1945 წწ.). ჰიტლერის გერმანიის დროინდელი ქალთა საკონცენტრაციო ბანაკების უსასტიკესი ზედამხედველი. პატიმრებზე ჯერ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, შემდეგ კი ცემით სულს ხდიდა, მათი დახვრეტით ერთობოდა, ასობით ქალს გაზის კამერაში გზავნიდა. მსხვერპლზე უკეთ დასაგეშად ძაღლებს აშიმშილებდა… გრეზე სქელლანჩიან და მძიმე ფეხსაცმელს იცვამდა, იარაღთან ერთად წკეპლითაც უსწორდებოდა ქალებს. 1945 წელს სასტიკი მწამებელი სიკვდილით დასაჯეს.

მაირა ჰინდლი (1942-2002 წწ.) სერიულ მკვლელ ქალს და მის მეწყვილე მამაკაცს, იენ ბრაიენს, მეტსახელად “ინგლისელი ბონი და კლაიდი” შეარქვეს. მათ 10-დან 17 წლამდე ასაკის 5 ბავშვი გაიტაცეს და წამებით მოკლეს. გვამები პოლიციამ ჭაობში იპოვა. ახალგამომცხვარი “ბონი და კლაიდი” წამებას აუდიოჩანაწერებით და ფოტოებით აფიქსირებდნენ. სამუდამო პატიმრობის შეფარდებისას (ინგლისში სიკვდილით დასჯა დამნაშავე წყვილის დაპატიმრებამდე 1 თვით ადრე გააუქმდა) მკვლელებს დანაშაული არ მოუნანიებიათ. განაჩენის გამოტანის დღეს მაირა მშვიდად მიირთმევდა ნაყინს და სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდა. ბრაიენმა შიმშილობა გამოაცხადა, მაგრამ საპატიმროში ფიზიოლოგიური ხსნარით კვებავდნენ. მაირა ჰინდლი ციხის საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბევერლი ელიტი – ინგლისელი მედდა, მეტსახელად “სიკვდილის ანგელოზი”. 1991 წელს 4 პატარა პაციენტი მოკლა, 5 ბავშვის ჯანმრთელობას კი სერიოზული ზიანი მიაყენა. მკვლელს ინსულინისა და კალიუმის ინიექციები შეჰყავდა, რათა გულის მწვავე შეტევა გამოეწვია და ბუნებრივი სიკვდილის იმიტაცია მომხდარიყო. დანაშაულის მოტივი დღემდე უცნობია.

ბელ განესი, 1859-1931 აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ცნობილი მკვლელი ქალი – ორი ქმარი, შვილები, რამდენიმე თაყვანისმცემელი და საყვარელი მოკლა. ძირითადი მიზეზი – სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურების მიღება. რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში 30 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

ერჯებეთ ბატორი (1560-1614 წწ.) ”სისხლიანი ალქაჯის” სახელით ცნობილი უნგრელი გრაფინია წამებით კლავდა მოსამსახურე და გლეხ ქალებს. მსხვერპლს სასტიკად სცემდა, გახურებული რკინით ხელებსა და სახეს უწვავდა და ცოცხლად ატყავებდა. 1610 წელს შინაპატიმრობა მიესაჯა. ბრალს მკვლელობასა და ჯადოქრობაში სდებდნენ. პროცესზე მოსამსახურეები ირწმუნებოდნენ, სასახლიდან უამრავი გვამი გავიტანეთო. ”სისხლიანი ალქაჯი” 1614 წელს გარდაიცვალა. მისი სახელი გრაფ დრაკულაზე არანაკლებმა ლეგენდამ მოიცვა…