არაჩვეულებრივი შეხვედრა - კირილზე მშობლებმა უარი თქვეს, მაგრამ... - კვირის პალიტრა

არაჩვეულებრივი შეხვედრა - კირილზე მშობლებმა უარი თქვეს, მაგრამ...

კანადელი ცოლ-ქმარი ლესლი და დაგ ფეისები შვილის აყვანაზე ოცნებობდა. როდესაც დაგმა ყარაღანდელი (ყაზახეთი) ბიჭუნა კირილის ფოტო ნახა, საკუთარი მამა გაახსენდა და წყვილმა შვილად აყვანის ხანგრძლივი პროცედურა წამოიწყო.

კირილი, დაგის მამის მსგავსად, მარჯვენა ხელის გარეშე დაიბადა. მშობლებმა შვილი უარყვეს…

”როგორ არ უნდა გვეშვილა კირილი, როდესაც გავიზარდე ადამიანთან, რომელსაც მსგავსი ხელი აქვს. ეს საკითხი არასოდეს მაწუხებდა, მამაჩემს კი ამის გამო უკან არაფერზე დაუხევია”, – ამბობს დაგი. გასული წლის ივნისში წყვილი პირველად შეხვდა კირილს.

”საოცრება იყო მასთან შეხვედრა. ამ დღეს დიდხანს ველოდით. არასოდეს დაგვავიწყდება ჩვენი ემოციები”.

მანამდე, ხელის გამო, კირილის შვილად აყვანაზე უამრავმა ოჯახმა განაცხადა უარი.

ყაზახმა მოსამართლემაც კი ჰკითხა ცოლ-ქმარს, დარწმუნებული იყვნენ თუ არა, რომ სურდათ უხელო ბავშვის შვილად აყვანა. რაზეც დაგმა უპასუხა: ”თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ ვთვლი, რომ ამ ბავშვს რაიმე პრობლემები გააჩნია”.

2015 წლის 13 სექტემბერს კი წყვილმა 4 წლის შვილი მშობლიურ ქალაქ ფერედაიზში ჩაიყვანა, კირილმა ბაბუამისი გაიცნო. ”შეხვედრისას მამაჩემმა მარჯვენა ხელი გაუწოდა, კირილმა კი თავისი მარჯვენა შეაგება… ახლა ისინი განუყრელი მეგობრები არიან”

ბაბუა კრისი წარმატებული ბიზნესმენი, ფილანთროპი, წარსულში კი – პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე გახლავთ.

”მეჩვენება, რომ რაღაც ზებუნებრივმა ძალამ მოინდომა მათი შეხვედრა. და ეს მშვენიერია!” – უზიარებს სიხარულს ბაბუა კრისი.