აგროტურიზმი იტალიაში – შეხედეთ ქვეყანას ადგილობრივის თვალით - კვირის პალიტრა

აგროტურიზმი იტალიაში – შეხედეთ ქვეყანას ადგილობრივის თვალით

თითოეულ ქვეყანას ორი მხარე აქვს: ღია ბარათებზე სარეკლამოდ აღბეჭდილი და ცოცხალი, რომლითაც იგებ, თუ როგორია ის სინამდვილეში.

დააკვირდე ქვეყნის ყოველდღიურ მრავალფეროვან ცხოვრებას, დააგემოვნო ის, რითაც ადგილობრივები იკვებებიან, უბრალოდ შეიგრძნო სურნელი და ეროვნული კოლორიტი – ეს ყველაფერი დღესდღეობით ძალზედ მოდური აგროტურიზმის საშუალებით არის შესაძლებელი.

აგროტურიზმის საწყისები

იტალიური ლეგენდის თანახმად, ქვეყანაში სასოფლო ტურიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც უმეტესობა სოფელი თუ ქალაქი ნანგრევებად იქცა. თუმცა, შენარჩუნდა არაჩვეულებრივი ბუნება და კლიმატი, ასევე, სოფლელი გლეხების გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, რომლებიც მზად იყვნენ ძალიან დაბალი საფასურის სანაცვლოდ მიეღოთ სტუმრად ნებისმიერი უცხოელი.

იტალიური ფერმები სთავაზობდნენ ტურისტებს ოთახებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. ეს გახლდათ გლეხების მეურნეობა, რომელთაც აგრიკოლა (agricola) ეწოდებოდა. მოგვიანებით გაჩნდა მასერიები (masseri).

მასერია – აღდგენილი ვილა, მამული, სამეურნეო ფერმა, რომელიც მოწყობილია ისევე, როგორც 100, 200 წლის წინ. ეს გახლავთ ძალიან კომფორტული საცხოვრებელი. თუმცა, მასერიებისა და აგრიკოლების ძირითადი დამახასიათებელი არა კომფორტი, არამედ საკუთარი, ეკოლოგიურად სუფთა წარმოება – ღვინო, ზეითუნის ზეთი, ხორცი, ყველი – გახლავთ.

მასერიებში ტურისტს ისტორიულ ანტურაჟს სთვაზობენ, რისთვისაც სპეციალური ანიმატორები ჰყავთ დაქირავებული. ანიმატორები ბავშვებთანაც მუშაობენ, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო საქმეებს ასწავლიან.

იტალიური აგროტურიზმი ეკონომიკის ოფიციალური ნაწილი 1985 წელს გახდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო იმისათვის, რომ პროვინციაში სტუმრობისას თითოეული ტურისტი კმაყოფილი დარჩეს. ერთ-ერთი მკაცრი პირობა, რომელსაც ხელისუფლება ფერმების მეპატრონეებს უყენებს, გახლავს ის, რომ მათ არ უნდა შეწყვიტონ სასოფლო-სამეურნეო წარმოება.

ტურისტების მიღება ფერმების მხოლოდ იმ მეპატრონეებს შეუძლიათ, ვინც სპეციალური კურსები გაიარა, საცხოვრებელი პირობები კი, თუნდაც ეს ადაპტირებული თავლა იყოს, ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

იტალიის აგროტურიზმის ცენტრები

აგროტურიზმი (ხანდახან ეკოტურიზმი) იტალიაში თითქმის ყველგან არის გავრცელებული, ნებისმიერ პროვინციაში შეგხვდებათ მყუდრო აგრიკოლა ან მასერია, სადაც დასვენება დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ.

მაგრამ არის ამ ქვეყანაში სამი პროვინცია, რომლებიც აგროტურიზმის ცენტრად მიიჩნევა: ტოსკანა, ტრენტინო – სამხრეთ ტიროლი და პიემონტი.

აგოტურიზმი ტოსკანის უძველეს მიწაზე

.

ტოსკანა – პროვინცია აპენინის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, იტალიის მარგალიტი, რასაც სხვა რეგიონების მცხოვრებლებიც აღიარებენ და მისი დიდებისადმი არ ეჭვიანობენ. ტოსკანაში იტალიის საუკეთესო ვენახებია გაშენებული, რომლის ნაყოფისგან ნამდვილი კიანტი მზადდება.

ეს გახლავთ რენესანსის ეპოქისა და იტალიური ფერწერის სხვადასხვა მიმდინარეობის სამშობლო, მიწა, სადაც ლეგენდარული ეტრუსკები ცხოვრობდნენ. ამ პროვინციაში აგროტურიზმი ყველაზე ფართოდ არის განვითარებული.

ტოსკანური აგროტურიზმი კიდევ საინტერესოა იმით, რომ ადგილობრივი დიასახლისები დიდი სიამოვნებით უმხელენ სტუმრებს ნამდვილი ტოსკანური კერძების მომზადების საიდუმლოს.

ტოსკანა მდიდარია შუასაუკუნეების ძეგლებით, ამიტომაც ვილების უმეტესობა XIV – XVI საუკუნეების აუთენტურ ნაგებობებს წარმოადგენს.

პიემონტი – იტალიური ცქრიალა ღვინის სამშობლო

პიემონტი, განთქმული მეღვინეობის მხარე იტალიის ჩრდილოეთით, საფრანგეთსა და შვეიცარიას ესაზღვრება. მისი ტერიტორიის თითქმის 10%-ს ეროვნული პარკები მოიცავს. პიემონტი სამი მხრიდან ალპებით არის გარშემორტყმული.

ეს გახლავთ ნამდვილი ცქრიალა ღვინოების Aste Spumante და Prosseko სამშობლო. პიემონტში ასევე ყველის უამრავ უნიკალურ სახეობას აწარმოებენ: გორგონზოლა, ტოლეჯო, ბრა, აქ მოჰყავთ სიმინდი და ხორბალი.

პიემონტის განსაკუთრებულ ბრენდს მიწის თეთრი სოკო ტრუფელი წარმოადგენს, რომელიც პროვინცია ლანგეში ხარობს. პიემონტში აგროტურიზმს შეგიძლიათ საკურორტო რაიონების სტუმრობა შეუთავსოთ, სადაც მინერალური წყლების საბადოებია.

ტრენტინო – სათხილამურო კურორტი და აგროტურიზმის ცენტრი

ტრენტინო ან ”სამხრეთ ტიროლი” – სამთო პროვინცია იტალიის ცრდილოეთით, რომელსაც პოპულარობით მეორე ადგილი უკავია ტოსკანის შემდეგ, იმ მიზეზით, რომ აქ აგროტურიზმის სათხილამურო სპორტთან შეთავზება არის შესაძლებელი.

ტრენტინო ნამდვილი კოქტეილია ულამაზესი პეიზაჟების, რბილი კლიმატისა და ისტორიული ღირშესანიშნაობებისგან.

.

მთის სუფთა ჰაერი ცხოველურ მადას აღძრავს, ამიტომაც დაბალკალორიულ დიეტებზე მყოფებს აქ ნამდვილად გაუჭირდებათ. ამ მხარის მთავარ კერძს პასტა წარმოადგენს, რომელსაც წიწიბურის ფქვილისა და კარტოფილისგან ამზადებენ, ყველითა და სუნელებით კმაზავენ, ასევე უხვადაა ხორცის კერძები.