მაგიური მექსიკა
მაგიური მექსიკა
რა ასოციაციები გიჩნდებათ მექსიკის ხსენებაზე? რა თქმა უნდა, სომბრერო, ტეკილა, საპნის ოპერა, შავთვალა მექსიკელი ლამაზმანები, ტაკოსი და ბურიტოსი… ჩამოთვლა დიდ ხანს შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი სტერეოტიპებია. უპირველეს ყოვლისა, მექსიკა უზომოდ ლამაზი და საინტერესო ქვეყანაა, რომლის ტერიტორიაზეც უამრავი ღირშესანიშნაობაა, როგორც ისტორიული, ასევე ბუნებრივი.

 

 

 



წარმოიდგინეთ: დგახართ ტროპიკულ სივრცეში და თუთიყუშების ყვირილის თანხლებით ათვალიერებთ მაიას იეროგლიფებს პალენკეს სასახლის კედლებზე, ან აკვალანგით ეშვებით წყალქვეშა გამოქვაბულში ფერადი თევზების გარემოცვაში, ან ბრძოლის ველზე გმირულად დაცემამდე ცეკვავთ

აკაპულკოს დისკოთეკებზე! შესვენებებში კი ცდილობთ 300 სახეობის ტეკილადან რომელიმეს დაგემოვნებას – თანაც ყოველგვარი პიჟონური ლაიმისა და მარილის გარეშე, არამედ როგორც ადგილობრივი მექსიკელი გლეხები – ჩილით შეკაზმული ტომატის წვენით.

მექსიკას უძველესი, ბოლომდე შეუსწავლელი ისტორია გააჩნია, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ უდიდესი მატერიკის სწორედ ამ ნაწილმა ითამაშა ”ცივილიზაციის აკვანის”

როლი ახალი მსოფლიოს განვითარებაში. გასაკვირი არაა: აქ საოცრად კარგად შენარჩუნდა უმძლავრესი მაიასა და აცტეკების ცივილიზაციის ცენტრები, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა.

 

 

მექსიკური ტურების ერთადერთი ნაკლი – ხანგრძლივი ფრენა გახლავთ. სხვა დანარჩენში კი, ქვეყანა უზადოა!

მეხიკო -მსოფლიოს უმსხვილესი და ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, მთებით გარშემორტყმულ ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. ქალაქი ლეგენდარული აცტეკების ტომის დასახლების ადგილზე გააშენეს, რომლის სიმდიდრე და დაუნდობლობა მრავალ თქმულებას შემორჩა. მეხიკოს ამჟამინდელ მოსახლეობას ნაწილობრივ შემორჩა უძველესი ტომის კულტურა, თუმცა უდიდესი ზეგავლენა მასზე ესპანელმა კოლონიზატორებმა იქონიეს, რომლებიც ამ მიწაზე მე-16 საუკუნეში გამოჩდნენ და ყოფილი კერპთაყვანისმცემლები გააქრისტიანეს.

მეხიკოს ეროვნულ კოლორიტს მარიაჩის ანსამბლის მელანქოლიური სიმღერები, ცხარე სამზარეულო, ტეკილა და მრავალფეროვანი ტრადიციები ჰმატებს.

 

მეხიკო უსაფრთხო ქალაქი ნამდვილად არ არის, ის სეისმურ ზონაშია განლაგებული. მიწისძვრა აქ ჩვეული ამბავია.

 

მეხიკო კონტრასტების ქალაქია, სადაც ულტრათანამედროვე ცათამბჯენები უძველეს პირამიდებთან მეზობლობენ, ღარიბი და საშიში უბნები კი ფეშენებელურ სასახლეებთან. ასევე, დედაქალაქი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, რომელმაც 1400-ზე მეტი მონუმენტი და ისტორიული რელიკვია შეინარჩუნა.

გვადალახარა - სიდიდით მეორე ქალაქი მექსიკაში და ხალისკოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. ხალხური მუსიკის, ”მარიაჩის” სამშობლო, განთქმულია ამ ჟანრის საუკეთესო შემსრულებლებით, შესანიშნავი ბაღებითა და პარკებით, რომლის პატივსაცემად მეტსახელად ”ვარდების ქალაქი” ეწოდა, კოლონიალური ისტორიული ცენტრით, სამზარეულოთი და ეროვნული გასართობით ”ჩარიდა”, რომელიც ვიზუალურად როდეოს ჰგავს, და, რა თქმა უნდა, ტეკილათი.

 

ქალაქს სახელი ესპანელი გვადალახარას პატივსაცემად ეწოდა, რომლის სახელწოდება არაბული ვად-ალ-ჰიჯარადან მოდის (მდინარე, რომელიც კლეებს შორის მიედინება). გასაკვირი არ არის, რომ ”გვადალახარას სახეს” ესპანური კოლონიალური არქიტექტურა წარმოადგენს – ბაროკოს სტილის ეკლესიები.

მონტერეი, მეტად ცნობილი როგორ ”ჩრდილოეთის სულთანი” (La Sultana del Norte), - მექსიკის ერთ-ერთი აყვავებული შტატის, ნუევო-ლეონის დედაქალაქი. სწორედ მისი ულტრათანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ინდრუსტრიული პროგრესის წყალობით, ქვეყნის ეს ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი ეროვნული ეკონომიკის საყრდენად იქცა.

განვითარების სწრაფმა ტემპმა გავლენა იქონია მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე ”ამერიკანიზებული” ქალაქის იერსახეზე. აქ, ფაქტობრივად, ვერ შეხვდებით ტიპიურ მექსიკურ კოლორიტს. თუმცა, არაჩვეულებრივი ბუნება: მთები, კანიონები, უდაბნოები, კოლონიალური სტილის მცირე ელემენტებთან და  თანამედროვე კულტურასთან შერწმით, ქალაქს მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის.

”თეთრი ქალაქი”, ასე უწოდებენ მერიდას თეთრი ნაგებობების სიჭარბის გამო. მერიდა იუკატანის პირველი დასახლება გახლდათ, რომელიც კონკისტადორებმა დააარსეს.

მასშტაბური სატრანსპორტო ქსელი ქალაქს აერთებს არქეოლოგიური გათხრების ადგილებთან, ბუნებრივ პარკებთან და მექსიკის ყურის სანაპიროებთან, ასე რომ, მერიდა მექსიკაში მოგზაურობის დასაწყებად შესანიშნავი ათვლის წერტილია.

 

კანკუნი – აშშ-ის საოფისე მუშაკის ოცნება გახლავთ, დაახლოებით, როგორც ჩვენთვის ანტალია და ხურგადა. კურორტს შესანიშნავი პარამეტრები გააჩნია იმისთვის, რომ თქვენი კომპიუტერის ეკრანის ღირსეულ ფონად იქცეს: ქათქათა პლაჟები, ფირუზისფერი ზღვა და პალმები, გარუჯული ლამაზმანები…

თუმცა კანკუნს  სანაპიროს ბანალური გართობების გარდა, უამრავი რამის შემოთავაზება შეუძლია. შოპოჰოლიკებს პირველი კლასის ათეულობით სავაჭრო ცენტრი ელის, მამაკაცებს – თევზაობა, დაივინგი და სერფინგი, ქალბატონებს კი მრავალფეროვანი პროცედურები სპა-ცენტრებში.

მაგრამ ეს ყველაფერი როდია: გასეირნება ქალების კუნძულის ჯუნგლებში, ექსკურსიები მაიას ცივილიზაციის ნანგრევებში, დროსტარება მექსიკის საუკეთესო რესტორნებსა და ღამის კლუბებში. ამიტომაც ეტანებიან აქაურობას ამერიკელები ხშირად.

აკაპულკო - მსოფლიოში განთქმული კურორტი მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე, რომელიც მილიონობით ტურისტს იზიდავს თავისი რბილი კლიმატის, შესანიშნავი პლაჟებისა და ბობოქარი ღამის ცხოვრების წყალობით.

ქალაქი-პორტი აკაპულკო მექსიკის ცნობილი ”ღამის დედაქალაქი”, გართობის, შოუების, კაზინოებისა და რესტორნების მექა გახლავთ.

კურორტი ტურისტებს ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს, მაგრამ სტუმრობის საუკეთესო პერიოდი – მშრალი სეზონია ნოემრიდან აპრილამდე.

აქ წარმოდგენილი ადგილები მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ ულამაზესი ქვეყნისა, რომელსაც მაგიური მექსიკა ჰქვია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები