პორტუგალია – მდიდარი ისტორიის მქონე ულამაზესი ქვეყანა - კვირის პალიტრა

პორტუგალია – მდიდარი ისტორიის მქონე ულამაზესი ქვეყანა

პორტუგალია – პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყანაა უდიდესი ისტორიით, თავისებური ხასიათით, ბუნებითა და შესანიშნავი არქიტექტურით. ქვეყნის საინტერესო ადგილები და ღირშესანიშნაობები ნებისმიერ სტუმარს აღაფრთოვანებს თავისი მრავალფეროვნებით – რამდენიმე ათეული, დღემდე კარგად შენარჩუნებული და მოქმედი შუასაუკუნეების ეკლესიები და ტაძრები, არქეოლოგიური კომპლექსები, ქალაქი-მუზეუმები ღია ცის ქვეშ, სადაც თითოეული ნაგეგობა არქიტექტურული ძეგლია, ბუნებრივი პარკები და ნაკრძალები უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებს და ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად რჩება.

 

 

 

 

პორტუგალიის არქიტექტურა უნიკალურია, საქმე იმაშია, რომ XV საუკუნის შუა წლებში აქ ”მანუელინოს” სტილის ნაგებობების აშენება დაიწყეს. ამ სტილს პორტუგალიელი მონარქის, მანუელ I-ის პატივსაცემად ეწოდა სახელი, ის სხვადასხვა არქიტექტურული მიმდინარეობის ნაზავია – უპირველეს ყოვლისა, გოთიკურის, ასევე მავრიტანულისა, ეგზოტიკური მოტივების თანხლებით.

”მანუელინოს” ასევე პორტუგალიურ აღორძინებას უწოდებენ, რადგან მისი აყვავების ხანა სამეფოს ძალაუფლების აღზევებას ემთხვევა. მსგავსი ნაგებობების ხილვა მხოლოდ პორტუგალიაშია შესაძლებელი. კერძოდ, ეს გახლავთ წმინდა ვინსენტის კოშკი ბელენში, მონასტერი ბატალიაში, ტამპილიერის მონასტერი ტომერში, ლისაბონის კათედრალური ტაძარი და სამეფო რეზიდენცია სინტრაში.

საერთოდ, სინტრა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პორტუგალიელი მმართველების ადგილსამყოფელი გახლდათ, ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რა თქმა უნდა, დედაქალაქის შემდეგ. მისი არქიტექტურა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული. ეს გახლავთ ნამდვილი ქალაქი-მუზეუმი, სადაც ყოველი შადრევანი, თითოეული ქვა ფასდაუდებელ ექსპონატს წარმოადგენს.

სინტრაში  შუასაუკუნეების რამდენიმე სასახლე დგას, მათ შორის მდიდრული ”პალასიო დე პენა”, სადაც სამეფო ოჯახი ზაფხულს ატარებდა. განსაკუთრებულ ხიბლს ძველებურ ქალაქს მრავალსაუკუნოვანი ტყეები სძენს, რომლებითაც ის არის გარშემორტყმული.

ლისაბონს, რომელიც პორტუგალიის დედაქალაქი მე-13 საუკუნეში გახდა, ერგო არამხოლოდ მავრების უმდიდრესი მემკვიდრეობა, არამედ, ასეული წლების განმავლობაში შეითავსა ყველაფერი საუკეთესო, რაც სამეფოს გააჩნდა. 1755 წელს, როდესაც ძლიერმა მიწისძვრამ ქალაქი აღგავა პირისაგან მიწისა, და მას თითქოსდა გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, მხოლოდ 50 წელი დასჭირდა უწინდებური დიდების დასაბრუნებლად.

კერძოდ, სწორედ მაშინ აღადგინეს ლისაბონის ცნობილი კათედრალური ტაძარი.

ქალაქის განსაკუთრებულ ადგილებად შიადუს, ლაპას, როსიუს, ალფამასა და ბაიშას უძველესი ქუჩები მიიჩნევა, სადაც წარსულის ეპოქების საუკეთესო არქიტექტურული ტრადიციებში შესრულებული უამრავი ტაძარი, ბაზილიკა და უბრალოდ ლამაზი სახლებია განთავსებული.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში შესანიშნავად შენარჩუნდა წმინდა გიორგის ციხე-სიმაგრე, რომელსაც არამხოლოდ მავრები ახსოვს, არამედ რომაელი მმართველებიც.

განსაკუთრებით აღაფრთოვანებს ლისაბონში გრანდიოზული ხიდი ვასკო და გამა, რომელიც 2 კილომეტრზეა გადაჭიმული.

ასევე, პორტუგალიელი ზღვაოსნებისა და მოგზაურების პატივსაცემად, სამეფო სასახლის წინ აღმართულია მემორიალური სკულპტურა, რომლის შიგნითაც წარდგენილია უძველესი ეკიპაჟების უნიკალური ექსპოზიცია.

ლისაბონის მახლობლად, პატარა ქალაქ მაფრაში პორტუგალიის ყველაზე დიდებული სასახლეა განთავსებული – ეს გახლავთ 40 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული მთლიანი კომპლექსი, შექმნილი როგორც არქიტექტურული ანსამბლი, თავისი მონასტერითა და ბაზილიკით. სასახლეს გარს ერტყმის ულამაზესი ტყე-პარკი.

პორტუგალიის სიდიდით მეორე ქალაქი გახლავთ პორტუ – სწორედ მისგან მოდის ქვეყნის, ასევე შემაგრებული ღვინის, პორტვეინის სახელწოდება. დღეს, ისევე როგორც ასეულობით წლების წინ, ეს საპორტო ქალაქი ქვეყნის ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს.

პორტუ კონტრასტების ქალაქია – სხვადასხვა ეპოქისა და სტილის შერწყმა განსაკუთრებულ შარმს ანიჭებს მას.

ბრაგა – კოლოსალური კულტურული და ისტორიული ღირებულების მატარებელი პატარა ქალაქი, სადაც დღემდე შენარჩუნებულია ძველი რომაელების დასახლებები და უძველესი წყალგაყვანილობა.

არანაკლებ შთამბეჭდავია ქვეყნის ბუნებრივი ღირშესანიშნაობები. ჩრდილოეთში მთის მასივი სერა-და-ეშტრელა მდებარეობს, რომლის ჩრდილში უამრავი კოლორიტული სოფელია განთავსებული.

დასავლეთისკენ კი 500 ჰექტარზე ნაკრძალი ”ბუსაკუ” არის გადაჭიმული, რომელიც 400 წლის წინ კარმელიტებმა გააშენეს.

ტყე ოკეანის სანაპიროზე – აი, რითი აოცებს ნაკრძალი ”არაბიდა”.

სწორედ პორტუგალიაში მდებარეობს როკის კონცხი (Cabo da Roca) – ევროპის ყველაზე დასავლეთი წერტილი.

მადეირა – არქიპელაგი, რომელიც შედგება კუნძულებისგან მადეირა და პორტუ-სანტუ, ასევე უკაცრიელი კუნძულებისგან, მდებარეობს აფრიკის სანაპიროსგან დაახლოებით 700 კილომეტრში და 1000 კილომეტრში პორტუგალიის სამხრეთისკენ.

დასვენების სტილი მადეირაზე გახლავთ – ”სრული რელაქსი” – არაჩვეულებრივი ბუნების, სილამაზისა და სიწყნარის თანხლებით. თევზაობისა და ნადირობის მოყვარულთათვის მადეირა ნამდვილი სამოთხეა.

აღსანიშნავია, რომ თავად კუნძულზე პლაჟები არ არის, ისინი ახლომდებარე კუნძულის, პორტუ-სანტუ ტერიტორიაზეა, მაგრამ თითოეულ სასტუმროს უზარმაზარი აუზი აქვს, და საერთოდ, მადეირას სასტუმროები სერვისის უმაღლესი დონით გამოირჩევა, თითოეულ მათგანში არის SPA-ცენტრი, აქ ყველაფერია აქტიური დასვენების მოყვარულთათვის – საჩოგბურთო კორტები, სამთო ველომარშრუტები, უზარმაზარი აკვაპარკები…

ადგილობრივი რესტორნები მსოფლიოში განთქმულ მადერასა და შესანიშნავ სამზარეულოს შემოგთავაზებენ, მაგრამ მადეირაში უმთავრესი მაინც მისი ბუნება და წარმოუდგენლად სუფთა ჰაერია.