ეროვნული ნაკრების დამარცხების სასტიკი შედეგები - კვირის პალიტრა

ეროვნული ნაკრების დამარცხების სასტიკი შედეგები

ხანდახან ისე ხდება, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას სავალალო შედეგი მოაქვს არამხოლოდ გულშემატკივრებისთვის, არამედ, სპორტსმენებისთვისაც. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითის მიმოხილვას.

ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ აფრიკაში მუნდიალის დროს ჩრდილოეთ კორეის ეროვნული ნაკრების დამარცხება გუნდის მწვრთნელის დაპატიმრების მიზეზი გახდა. ხელისუფლების განკარგულებით კიმ ჩენ ხუნი საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესეს, სადაც დღე-ღამეში 14 საათის განმავლობაში მძიმე ფიზიკურ შრომას აიძულებდენ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მიიჩნია, რომ კიმ ჩენ ხუნმა დანაშაული ჩაიდინა, რისი შედეგიც პორტუგალიასთან 7:0 დამარცხება გახდა. კიმ ჩენ ხუნმა აღიარა, რომ ეს მისი პირადი შეცდომა იყო. ამით მან ფეხბურთელების სიცოცხლე გადაარჩინა, რომელთაც დახვრეტას უპირებდნენ.

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, დამარცხების გამო გუნდის მთელი შემადგენლობა, თავდამსხმელის გარდა, საკონცენტრაციო ბანაკებში ჩასვეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

2013 წელს ჩინეთის ეროვნული ნაკრები ტაილანდთან ანგარიშით 1:5 დამარცხდა. გულშემატკივრებმა, რომლებმაც თავი დამცირებულად იგრძნეს, ფეხბურთელებით სავსე ავტობუსის ბლოკირება მოახდინეს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ. როდესაც ავტობუსის მძღოლმა ბოლოს და ბოლოს მოახერხა გაშმაგებული გულშემატკივრებისგან თავის დაღწევა, დაიწყო არეულობა. ეს დღე კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ცზინპინის დაბადების დღეს დაემთხვა. დღესასწაული ჩაიშალა, ქვეყნის მეთაურმა კი გადაწყვიტა, რომ ფეხბურთს უნდა მიხედოს.

მალევე ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციის ორ ყოფილი პრეზიდენტსა და ნაკრების ყოფილ კაპიტანს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 4 ფეხბურთელს კი 6-წლიანი პატიმრობა და მსხვილი ჯარიმა დაეკისრათ. არბიტრს, ლიუ ინს, რომელიც აზიის საუკეთესო  არბიტრად ორჯერ აღიარეს და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობდა, სიკვდილით დასჯაც კი ემუქრებოდა.

ნიგერია

ნიგერიის პრეზიდენტმა, გუდლაკ ჯონათანმა, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე (სამხრეთ აფრიკა) თავისი ნაკრების დამარცხების შემდეგ გადაწყვიტა, ქვეყანაში ფეხბურთის სერიოზული რეორგანიზაცია მოეწყო. მან ეროვნულ ნაკრებს შეჯიბრებებში მონაწილეობა 2 წლით აუკრძალა. ნიგერიელები ტურნირზე ჯგუფის ბოლო ადგილზე გავიდნენ, წააგეს არგენტინასთან (0:1), საბერძნეთთან (1:2) და ფრედ ითამაშეს სამხრეთ კორეასთან (2:2). ასევე, ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გულშემატკივრებსა და მთავრობას მუნდიალზე წარუმატებლობის გამო ბოდიში მოუხადა.

სალვადორი და ჰონდურასი

ჰონდურასის ნაკრების დამარცხება მათ მუდმივ მეტოქესთან, სალვადორის ეროვნულ ნაკრებთან – რეალური ომის მიზეზი გახდა. 1 თვის განმავლობაში ორი ქვეყნის საფეხბურთო გუნდს ორი მატჩი უნდა ჩაეტარებინა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო ნაწილში გასასვლელად. სალვადორსა და ჰონდურასში მატჩებს  არეულობა და მსხვერპლი მოჰყვა. ორივე ქვეყნის პრესაში სერიოზული ისტერიკა ატყდა.

1969 წლის 24 ივნისს სალვადორმა შეიარაღებული ჯარების მობილიზაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ხანმოკლე იყო (ომმა 6 დღე გასტანა), მსხვერპლის რაოდენობამ რამდენიმე ათასი ადამიანი შეადგინა.

საბჭოთა კავშირი

1952 წლის ოლიმპიადის მატჩი საბჭოთა კავშირი-იუგოსლავია, იოსებ სტალინისთვის პრინციპული იყო:  მეთაურს მოკავშირე ქვეყნის მმართველისთვის, იოსიპ ბროზ ტიტოსთვის სურდა ჭკუა ესწავლებინა. მატჩი ფრედ 5:5 დასრულდა. განმეორებითი მატჩი ქალაქ ტამპერეში გაიმართა. ეს თამაში საბჭოთა სპორტსმენებმა ანგარიშით 1:3 წააგეს. როდესაც ფეხბურთელები შინ დაბრუნდნენ, მათ კრემლის ორი მითითება დახვდათ: გუნდის დაშლა და მწვრთნელისთვის და რამდენიმე ფეხბურთელისთვის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდების ჩამორთმევა.