სამმა დაქალმა 100 წლის იუბილე ერთად აღნიშნა - კვირის პალიტრა

სამმა დაქალმა 100 წლის იუბილე ერთად აღნიშნა

სამუდამო მეგობრობა არსებობს. ეს დაამტკიცა სამმა ვაშინგტონელმა ქალმა, რომლებმაც ერთად აღნიშნეს 100 წლის იუბილე.

გლედის ბატლერი, ბერნის ანდერვუდი და რუთ ჰემეტი 1916 წელს ვაშინგტონში დაიბადნენ და ერთად გაიზარდნენ. მეოთხე მეგობარი – ლეონა ბარნესი, 2016 წლის მაისში გარდაიცვალა და თავის 100 წლის იუბილეს ვერ მოესწრო.

საერთო დღესასწაულს ბაპტისტურ ეკლესიაში უამრავი ნათესავი, შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი დაესწრო. ეკლესიის დარბაზში, იმ ადგილას, სადაც ბარნესი იჯდა ხოლმე, მისი პორტრეტი დადგეს.

”არც კი მიფიქრია, როგორი საჩუქრის მიღებას ვისურვებდი 100 წლის ასაკში” – განაცხადა გლედის ბატლერმა. ბერნის ანდერვუდს ძალიან მოეწონა დღესასწაული: ”ეს ისეთი გულისამაჩუყებელი იყო!”. რუთ ჰემეტის ვაჟი კი ჰყვება, რომ დედამისისთვის მეგობრობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მეგობრების შვილებს კი თავის საკუთარ შვილებად მიიჩნევდა. დაქალებმა ერთმანეთი ბავშვობაში იმ ეკლესიის მახლობლად გაიცნეს, სადაც ამჟამად იუბილე აღნიშნეს. მათ კარიერა ააწყვეს, დაოჯახდნენ, მაგრამ სამუდამოდ დარჩნენ ახლო მეგობრებად, ჭირსა თუ ლხინში.