უფასო ბერლინი: ადგილები, სადაც კარგად გაიცნობთ ქალაქს - კვირის პალიტრა

უფასო ბერლინი: ადგილები, სადაც კარგად გაიცნობთ ქალაქს

ბერლინი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ევროპული ქალაქია ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით, მაგრამ არც თუ ისე იაფი. მუზეუმებსა და კლუბებში ერთი დღის გატარების შემდეგ ეკონომიაზე გიწევს ფიქრი. საბედნიეროდ, ქალაქში არაერთი ღირშესანიშნაობა და გასართობი ადგილია, სადაც ფულის გადახდა არ არის საჭირო: გაეცანით ბერლინს ზედმეტი ხარჯის გარეშე.

 

 

 

 

 

 

1

 

2

რაიხსტაგი

ქალაქის გასაცნობად, უპირველეს ყოვლისა, რაიხსტაგი უნდა დაიპყროთ. ცნობილი ისტორიული ნაგებობის მწვერვალიდან, სადაც ამჟამად ბუნდესტაგის პარლამენტია განთავსებული, ბერლინის შთამბეჭდავი ხედები იშლება. რაიხსტაგის შუშის გუმბათზე ლიფტს უფასოდ აჰყავხარ, მაგრამ საჭიროა წინასწარ დარეგისტრირება და შესვლისას საბუთების წარდგენა.

 

3

ბერლინის კედელი

1989 წელს, როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 100 მხატვარი შეიკრიბა, ნანგრევები მოიხატა მსოფლიოში მშვიდობისა და თავისუფლების თემის ესკიზებით. დღეს კედლის ეს ნაწილი ცნობილია როგორც East Side გალერეა, განლაგებულია ღია ცის ქვეშ და ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

 

4

 

ასევე, შეგიძლიათ უფასოდ ესტუმროთ ბერლინის კედლის მემორიალს ბერნაუერ-შტრასეზე, სადაც წარდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები  პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლებზე, თავად კედელზე და მის ზეგავლენაზე ბერლინელების ცხოვრებაზე.

 

5

ომის მემორიალი

ბერლინში შეუძლებელია, არ შეხვდეთ გასული ასწლეულის ყველაზე სისხლიანი ომის მოვლენებისადმი მიძღვნილ ძეგლებს. საგამოფენო-საინფორმაციო ცენტრი ”ტერორის ტოპოგრაფია” გესტაპოს, სს-ისა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფაშისტური სხვა ორგანიზაციების მთავარი შენობების ადგილზეა განთავსებული. ეს გახლავთ უზარმაზარი პირქუში შენობა, რომლის ირგვლივ სიმწვანის ნასახიც არ არის, მხოლოდ ქვიშა: ამ ადგილის იერსახე გზაფრავს და გახსენებს ისტორიის იმ მონაკვეთს, რომლის გამოცდაც მოუწია კაცობრიობას.

 

6

 

”მეომარი-განმათავისუფლებელი” – მონუმენტი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცს გოგონათი ხელში გამოსახავს – ტრეპთაუერ პარკში მდებარეობს.

 

7

 

ბერლინის მახლობლად, ქალაქ ორანიენბურგში ტრაგიკულად ცნობილი საკონცენტრაციო ბანაკი ”ზაქსენზაუენი” მდებარეობს. ამჟამად, აღდგენილ შენობებში მუზეუმია გახსნილი. მის სტუმრობას, განსაკუთრებით, სადგურ Z, სადაც ადამიანებს აწამებდნენ, გართობას ვერ უწოდებ, მაგრამ ნახვა აუცილებელია.

 

8

სამუზეუმო კუნძული

კუნძულ შპრეეინზელზე მდებარე სამუზეუმო კომპლექსს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. გასულ საუკუნეში, ამ კუნძულის წყალობით ბერლინმა წოდება ”ათენი შპრეეზე” მიიღო.

 

9

 

კუნძულის მუზეუმებში შესვლა ფასიანია, მაგრამ არქიტექტურული და სკულპტურული შედევრებით მდიდარ მიდამოებში თავისუფლად შეგიძლიათ გასეირნება, შთაბეჭდილება და სიამოვნება  კი – არანაკლებია.

 

10

პიკნიკები პარკში

კარგ ამინდში ბერლინელებს უყვართ დროის პარკებში გატარება: გარუჯვა, პიკნიკების მოწყობა და თითო-ორი ბოთლი ლუდის დალევა. ქალაქის ცენტრში მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი პარკი ტირგარტენი მდებარეობს უამრავი ხეივნითა და სპორტული მოედნებით, ცნობილი გერმანელი კომპოზიტორების, პოეტების, იმპერატორებისა და კანცლერების ძეგლებით. ბილიკებს შარლოტენბურგისა და ბელიუს სასახლეებისკენ მიჰყავხარ, პარკის ყველაზე ღირშესანიშნავი ადგილი კი ტრიუმფალური კოლონაა თავისუფლების სიმბოლოს ძეგლით, რომელსაც ”ოქროს ელზას” უწოდებენ.

 

11

კიდევ ერთი ცნობილი პარკი – ტემპელჰოფი, რომელიც ყოფილი აეროდრომის ადგილზეა გაშენებული.

 

12

 

მაუერპარკი ბერლინის კედლის ადგილზეა გაშენებული. ეს გახლავთ განსაკუთრებული ადგილი, სადაც კვირაობით ძველმანების ბაზრობა ეწყობა, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა კარაოკეს კონკურსში, რომელიც, როგორც წესი, უამრავ ხალხს უყრის თავს. ასევე, დაესწროთ ახალბედა მუსიკოსების უფასო კონცერტებს და შეიგრძნოთ ბერლინის თავისუფალი, კეთილგანწყობილი და შემოქმედებითი სული.

 

13

კარგი მუსიკა

ყოველ სამშაბათს, შუადღის პირველ საათზე ბერლინის ფილარმონიაში დამწყები მუსიკოსებისა და სტუდენტების, ასევე კლასიკური მუსიკის ვარსკვლავების უფასო კონცერტები იმართება. ბერლინის უმაღლესი სამუსიკო სკოლის სტუდენტები კვირაში რამდენჯერმე მართავენ წარმოდგენებს. ჯაზ-კლუბები, მაგალითად A-Trane, b-flat და სხვ. პერიოდულად უფასო ჯემსეიშენებზე იწვევენ, რომელთა შესახებ პროგრამაში შეგიძლიათ შეიტყოთ.

ბერლინში ეკონომიის გასაწევი კიდევ ორიოდე ლაიფჰაკი: მოვლენები, რომლებსაც შეგიძლიათ უფასოდ დაესწროთ, იხილეთ სპეციალურ საიტებზე, ყოველი თვის პირველ ორშაბათს კი ქალაქის ყველა სახელმწიფო მუზეუმში შესვლა თავისუფალია.