ბრიუგე – შუასაუკუნეების მომაჯადოებელი ქალაქი
ბრიუგე – შუასაუკუნეების მომაჯადოებელი ქალაქი
შუასაუკუნეების მომაჯადოებელი ქალაქი, რომელიც თითქოს მე-15 საუკუნეში დაკონსერვდა და დაივიწყა ცივილიზაციის ისეთ მიღწევებზე, როგორებიცაა ცათამბჯენები, ავტობანები, შოპინგ-მოლები – ეს გახლავთ ბრიუგე. მის ისტორიულ ცენტრში, სადაც არხებში გრაციოზულად დაცურავენ გედები, ივიწყებ, რომ ამჟამად 21-ე საუკუნეა, არსებობს ინსტაგრამი, ფეისბუქი და ტვიტერი, სამყარო კი ინფორმაციებში და ახალ ამბებში იხრჩობა. ბრიუგეში არაფერი იცვლება საუკუნეების განმავლობაში. ლამაზი სახლები, ტაძრები და სამრეკლოები აღტაცებასა და პატივისცემას იწვევს თავისი სიმკაცრითა და მედიდურობით…

 

 

 

 

2

 

ერთადერთი, რაც ქალაქის მშვიდ ხასიათს არღვევს –

არის ტურისტები. მათთან ნაკლებად რომ გადაეკვეთოთ, უმჯობესია, ბრიუგეს სტუმრობას ზაფხულის პერიოდში და შობის დღესასწაულებზე ერიდოთ.

 

3

ბრიუგე – არამხოლოდ ბელგიის შოკოლადის დედაქალაქია, არამედ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. შუასაუკუნეების გოტიკური ანსამბლები და არხების ქსელი, რომლებიც ვენეციურ არხებს ტოლს არ უდებს, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. ბოლო

წლებში მათი რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ ბრიუგეს მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ – ასე გვგონია, დისნეილენდში ვცხოვრობთო. თუმცა, სწორედ ტურისტული ინდუსტრიის წყალობით ქალაქის ბიუჯეტში კოლოსალური თანხა შედის, ხელისუფლება კი გამუდმებით ახდენს ძველი ნაგებობების რესტავრაციას და ქალაქის გაკეთილშობილებას.

 

4

 

5

 

ბრიუგეში წარმოუდგენელი რაოდენობის მუზეუმია. ნატიფი ხელოვნების მუზეუმის კოლექცია ფლამანდიური და ბელგიური ფერწერის 6 საუკუნეს მოიცავს. ქალაქის ცხოვრებას, შუასაუკუნეებიდან მოყოლებული, შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო ინტერაქტიულ ფორმაში ბრიუგეს არქეოლოგიურ მუზეუმში.

ხალხური შემოქმედებისა და ტრადიციების მუზეუმში კი ძველებური სახელოსნოების ინტერიერი და მოწყობილობაა წარდგენილი. სინათლის მუზეუმი, ლუდსახარშის მუზეუმი, ბრილიანტების მუზეუმი, მაქმანების მუზეუმი და კარტოფილი ფრის მუზეუმიც კი – აქ ნებისმიერი გემოვნების სტუმარი აღმოაჩენს რაიმეს სათავისოს. შოკოლადის მუზეუმი? – აქ შესაძლებლობა გეძლევა არამხოლოდ დააკვირდე შოკოლადის შექმნის წარმოუდგენელ პროცესს, არამედ, დააგემოვნო შენს თვალწინ დამზადებული ტკბილეული.

 

7

 

ღამის ბრიუგე – სრულიად სხვა ქალაქია. ლამპიონების  ჯადოსნურ შუქზე – პატარა ვიწრო ქუჩები, სახლები არხების ანარეკლში – რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის და ბედნიერების შეგრძნებას გაძლევს.

 

 

8

ქალაქში სტუმრობისას, უდავოდ, უნდა იცოდე, რომელი მუზეუმი, მოედანი თუ ეკლესია ნახო, მაგრამ გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ბრიუგე თავად არის ღირსშესანიშნაობა. აქ ყოველი ქუჩა და ნაგებობა უდიდესი მნიშვნელობისაა. გაჰყვე გზას, მიმოიხედო ირგვლივ, არ გამოტოვო პატარა დეტალიც კი, წაიკითხო წარწერები ძველებურ ნაგებობებზე, დატკბე გედებით და არხებში ფერადი სახლების ანარეკლებით – აი, რას ნიშნავს, შეიგრძნო ბრიუგე.

 

ბელფორტის კოშკი

 

9

 

ქალაქის ცენტრალური მოედნის, გროტე მარკტის შესანიშნავ პანორამაში აღმართული ბელფორტის კოშკი ბრიუგეს ყველაზე მნიშვნელოვან კოშკად მიიჩნევა. გარდა იმისა, რომ იუნესკომ მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ბელფორტი – უდავოდ ქალაქის ყველაზე ცნობილი ისტორიული და არქიტექტურული სიმბოლოა. შუასაუკუნეებში, კოშკი არამხოლოდ თავისუფლების სიმბოლო გახლდათ, ის მართლაც ეხმარებოდა ამ თავისუფლების დაცვაში: 83 მეტრის სიმაღლიდან ქალაქსა და მის მიდამოებზე შესანიშნავი ხედი იშლებოდა და მტერი შეუმჩნეველი არ რჩებოდა.

ბელფორტი – საოცარი ნაგებობაა: დროის კვალი და ზედაპირის ნაპრალები გახსენებს, თუ რისი გადატანა მოუწია კოშკს საუკუნეების განმავლობაში. ვინც გალერეაში მიმავალი კიბის 366 საფეხურს დასძლევს, ჯილდო ელის: ბრიუგესა და მისი შემოგარენის დაუვიწყარი პანორამული ხედი.

გროტე მარკტი

 

10

 

გროტე მარკტი ფლამანდურიდან ითარგმნება როგორც ”ბაზრის მოედანი”: დღემდე ბელგიური ქალაქ ბრიუგეს ცენტრში მუშაობს დახურული ბაზრები, რომლებისგანაც წამოვიდა ეს სახელწოდება.

 

11

 

ქალაქის უამრავი ექსკურსია სწორედ ამ ადგილიდან იღებს სათავეს, ბაზრის ცნობილ  მოედანზე, სუვენირების მრავალი მაღაზიებითა და რესტორნებით, რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ნებისმიერი ტურისტის გემოვნებას აკმაყოფილებს. რესტორნებში მენიუს 6 ენაზე შემოგთავაზებენ, სადაც იოლად აირჩევთ 3 კერძისგან შემდგარ გემრიელ სადილს საკმაოდ მისაღებ ფასად.

 

ბეგინების მონასტერი ბრიუგეში

 

12

 

ბრიუგეში ყოფნისას, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბეგინების მონასტერს. ბეგინებს მარტოხელა ქვრივებს უწოდებდნენ, რომლებიც თემში წევრიანდებოდნენ და მკაცრად, თითქმის მონასტრული წესებით ცხოვრობდნენ, ქალაქისთვის უამრავ სასარგებლო საქმეს აკეთებდნენ, მათ შორის, ობოლი ბავშვების აღზრდით უყვნენ დაკავებულნი. ამჟამად აქ წმინდა ბენედიქტის ორდენის დები ცხოვრობენ.

 

ბეგინების მონასტერი 1245 წელს დაარსდა მარგარიტა კონსტანტინეპოლელის, ფლანდრიის გრაფინიას მიერ. მონასტერი რამდენიმე სახლისგან შედგება, რომლებიც 2 სამრეკლოს შორის არის განთავსებული. ბეგინელები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ დახურულ სივრცეში.

 

13

ბეგინელები არ იყვნენ მონაზვნები, რომლებიც აღთქმას იძლეოდნენ და მთელი ცხოვრება მონასტერში უნდა გაეტარებინათ. მათ ჰქონდათ უფლება, ნებისმიერ დროს დაეტოვებინათ აქაურობა. თავის სარჩენად მუშაობდნენ: არხებში რეცხავდნენ შალს, ან მონასტერთან ახლოს მდებარე წმინდა იანუსის სახელობის ჰოსპიტლის თეთრეულს. მაგრამ მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ. მათ, შეიძლება ჩვენი ისტორიის პირველი ემანსიპირებული ქალბატონები ვუწოდოთ.

 

ბრიუგეს ნატიფი ხელოვნების მუზეუმი

 

 

6

 

ნატიფი ხელოვნების მუზეუმი ფლამანდიური და ბელგიური ფერწერის 6-საუკუნოვან ისტორიას ეძღვნება, იან ვან ეიკით დაწყებული, მარსელ ბროტასით დამთავრებული. მუზეუმის ექსპოზიციაში წარდგენილია ფლამანდიელი პრიმიტივისტების, რენესანსის ეპოქის მხატვრების ნამუშევრები, ასევე, მე-18-19 საუკუნის ნახატები, რომლებიც ნეოკლაცისიზმის, რეალიზმის, ბელგიური სიმბოლიზმისა და ფლამანდიური ექსპრესიონიზმის სტილშია შესრულებული.

 

 

ბრიუგეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შოკოლადის ისტორიის მუზეუმი

 

 

15

 

მსოფლიოში განთქმულ ბრიუგეს შოკოლადის ისტორიის მუზეუმში დაესწრებით არამხოლოდ კაკაოს მარცვლებისგან შოკოლადის შექმნის პროცესს, არამედ, დააგემოვნებთ თქვენს თვალწინ დამზადებულ ტკბილეულს, შეიძენთ შესაბამის სუვენირებს შოკოლადის მოყვარული მეგობრებისთვის.

 

15

 

ისწავლით საინტერესო რეცეპტებს და გაიგებთ, თუ რა განაპირობებს ბელგიური შოკოლადის უმაღლეს ხარისხს. მუზეუმი 1480 წელს აგებულ კროონის სახლშია განთავსებული, რომელიც თავდაპირველად ღვინის მარანს წარმოადგენდა.

 

ბრილიანტების მუზეუმის ზღაპრული ატმოსფერო

 

 

17

 

გსურთ, გაიგოთ, როგორ იბადება ციმციმა ოცნება და დარწმუნდეთ, რომ ჩვენს სამყაროში არსებობს ადგილი ნამდვილი ზღაპრისთვის? მაშინ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუგეს ბრილიანტების მუზეუმში – ევროპის უძველესი ალმასების დედაქალაქში.

 

19

 

ბრილიანტები, დღემდე  ბელგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტია. ბრიუგეს მუზეუმში მოგითხრობენ ამ სფეროს ტრადიციებზე, სიახლეებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე. აქ წარმოდგენილია ფლანდრიის ალმასების წარმოების ისტორია, რომელიც მე-14 საუკუნიდან იწყება.

 

18

 

სწორედ იმ დროს შეიქმნა ბურგუნდიელი ჰერცოგების უმდიდრესი გვარისთვის დიდი ოდენობით ფასდაუდებელი სამკაული, რომელთა ნაწილიც ალმასის ისტორიული ძვირფასეულობის კოლექციაშია წარდგენილი.

 

კარტოფილი ფრის უნიკალური მუზეუმი ბრიუგეში

 

 

20

 

კარტოფილი ფრის მუზეუმი 1399 წელს აგებულ შენობაშია განთავსებული და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

 

21

 

მუზეუმის ექსპოზიცია კარტოფილის ისტორიისადმია მიძღვნილი. აქ წარდგენილია დანადგარების საინტერესო კოლექცია, რომლებსაც კარტოფილის მოსაყვანად, მოსავლის ასაღებად, დასახარისხებლად და შესაწვავად იყენებდნენ. აქვე, მუზეუმის სარდაფში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნადვილი ბელგიური კარტოფილი ფრი უგემრიელეს სოუსთან ერთად.

 

შოპინგი ბრიუგეში

 

 

22

 

ბრიუგე ის ქალაქი არ არის, სადაც ტრადიციული ევროპული შოპინგისთვის ჩადიან. შუასაუკუნეების ვიწრო ქუჩებზე განთავსებულია ცნობილი ბრენდების ბუტიკები, უნივერმაღები და მაღაზიები, მაგრამ ივლისისა და იანვრის ფასდაკლებების დროსაც კი აქ საკმაოდ მაღალი ფასებია.

 

23

 

ბრიუგედან ტურისტებს ძირითადად სუვენირები ან უნიკალური ანტიკვარული და ვინტაჟური ნივთები ჩამოაქვთ. ასევე, პოპულარულია მაქმანის ნაწარმი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა.

 

25

 

ბრიუგე ცნობილია ლუდითა და შოკოლადით. ამ პროდუქტებს აქ გამოფენები და მუზეუმები ეძღვნება, ტარდება ფესტივალები და ბაზრობები. ისტორიულ ცენტრში მრავლადაა ბუტიკები, სადაც შოკოლადსა და ლუდს შემოგთავაზებენ.

 

სამზარეულო და რესტორნები

 

 

27

 

კარტოფილი ფრი, მუზეუმის გარდა, ქალაქის თითქმის ყველა კაფესა და რესტორნის მენიუშია. გარდა ამისა, შემოგთავაზებენ სხვა ტრადიციულ კერძებს: ქათმის ფლამანდიურ წვნიანს, კურდღლის ხორცს, თევზის წვნიანს, ცნობილ ბელგიურ ყველსა და მიდიებს.

 

31

 

ყველაზე ფეშენებელური რესტორნები ბურგისა და გროტ მარკტის მოდნების მახლობლადაა განთავსებული. ლუდის დასაგემოვნებლად, უნდა ეწვიოთ პაბებს, სადაც 100-ზე მეტი სახეობის ქაფქაფა სასმელს შემოგთავაზებენ.

 

26

 

ცენტრისგან ოდნავ მოშორებით პატარა რესტორნებია განთავსებული, საკმაოდ მისაღები ფასებით, სადაც კერძების გემო და მომსახურების ხარისხი – უმაღლეს დონეზეა.

 

29

 

30

გიორგი
14 ივნისი 2017 07:48
კარგია.საინტერესო და მარტივად აღსაქმელი.მადლობა
***
13 ივნისი 2017 16:36
სტატიისთვის დიდი მადლობა, "შუა საუკუნეები" კი ორი სხვადასხვა სიტყვაა. "შუასაუკუნოებრივი" კი არის ერთი სიტყვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა